ვიდეომოდა/სილამაზექართველები უცხოეთშიკულტურა

Fendi-ს ატელიე მილანის გულში – შეხვედრა საკულტო ბრენდის ოსტატებთან, გამხელილი საიდუმლოებები და ქართული „ინტერმეცო“ (ვიდეო)

მილანის მოდის ცნობილ კვარტალში, ლეგენდარულ Via Montenapoleone-ზე, მდებარეობს სივრცე, რომელიც თანამედროვე ლუქსინდუსტრიის დამკვიდრებულ წესებს არღვევს. მაშინ, როცა მოდის გლობალური სახლების ბუტიკებში სახელოსნოები, როგორც წესი, დახურულ საწარმოო სივრცეებშია გადატანილი, Palazzo Fendi-მ განსაკუთრებული ტრადიცია შეინარჩუნა: ეს მსოფლიოში ერთადერთი მაღაზიაა, რომლის შიგნითაც მუდმივად მოქმედი, ღია საწარმოო ატელიეა განთავსებული. აქ მოდის სახლის საკულტო ჩანთებს მნახველთა თვალწინ ჭრიან, ამუშავებენ და კერავენ. სწორედ ამ ცოცხალ სახელოსნოში ვიყავით მიწვეულები მე და ჩემი მეუღლე, მატეო.

ფესვების ნაპერწკალი: ნუოროდან მილანამდე

ატელიეს ზღურბლს გადავაბიჯეთ თუ არა, ძვირფასი ტყავის სურნელსა და სამუშაო პროცესის რიტმში ყურადღება მიიქცია თბილმა, მეგობრულმა ხმამ: „საიდან ბრძანდებით? ძალიან მშობლიური აქცენტი მესმის!..“

ღიმილით ნათქვამი ამ სიტყვების ავტორი, ატელიეს ხელმძღვანელი ჯანპიეტრო გატუ (Gianpietro Gattu), ჩემი მეუღლის მსგავსად, სარდინიელი აღმოჩნდა, ქალაქ ნუოროდან. მყისიერი სულიერი სიახლოვე გაჩნდა მასა და მატეოს შორის, რომლის საუბარშიც ჯანპიეტრომ მშობლიური კეთილშობილური და თავდაჯერებული კილოკავი მოიხელთა.

როგორც გაირკვა, სარდინია ჯანპიეტრომ 2007 წელს დატოვა პროფესიული მოწოდების გამო. დღეს კი მისი პროფესიონალიზმის მიღმა ნამდვილი, უკომპრომისო გამოცდილება დგას:

„სანამ ფორმალურ სწავლას დავასრულებდი, მარკეს რეგიონში წავედი პირდაპირ წარმოების რთული, „უხეში“ პროცესის შესასწავლად, – გვიამბო მან. – პროდუქტის განვითარებას ვერასოდეს დაიწყებ, თუ წინასწარ არ იცი, სად იჩენს თავს ცოცხალი მასალის ტექნიკური პრობლემები“.

მარკელმა გამოცდილმა მეწარმემ და ოსტატმა იგი შვილივით მიიღო და გამოზარდა, როგორც პროფესიონალი.

დღეს ჯანპიეტრო მილანის ატელიეს ორ კოლეგასთან – ლაურეტასა და სტეფანოსთან (რომელიც ასევე სარდინიელია, ოტანიდან) ერთად უძღვება. აქ არ არსებობს კონვეიერი: „ოცდაათი ან ორმოცი წლის გამოცდილებაც რომ გქონდეს, თუ რომელიმე დეტალი ამ დრომდე არ გაგიკეთებია, აქ მას სწავლობ და ასრულებ“, – ამბობს ოსტატი.

მატერიის ალქიმია: ბოტალები, ალიგატორი და აქატის ქვა

ჯანპიეტროს მუშაობის ყურება ნამდვილი გაკვეთილია იმისა, თუ რატომ იზომება ჭეშმარიტი ფუფუნება ოსტატობით, გამოცდილებითა და თითოეულ დეტალზე დახარჯული დროით.

ნიანგი და ალიგატორი – რით განსხვავდება მათი ტყავი: ნედლი ტყავის ჩვენებისას ჯანპიეტრომ ერთი საინტერესო დეტალი გაგვიმხილა: „ორივე მტკნარი წყლის ბინადარია, მაგრამ ნიანგს ამოიცნობთ ყოველი ქერცლის ცენტრში არსებული პატარა წერტილით – ბუნებაში ეს მოძრაობის სენსორია, რომლითაც ის ნადირობს. ალიგატორს ეს წერტილი არ გააჩნია, მისი ქერცლი მკაფიოდ გეომეტრიულია და დიდი ზომიდან მკვეთრად გადადის პატარაზე. ამიტომ ალიგატორის ტყავი იდეალურია მამაკაცის ჩანთებისა და სამოგზაურო ბარგისთვის, ნიანგის კი ბევრად უფრო გრაციოზული და მოქნილია“.

ჭრისა და ღებვის ეთიკა: „მასალის გამოყენებისას უდიდესი პასუხისმგებლობაა საჭირო – ყველაფერი უნდა იქნას გამოყენებული, ყელიდან მუცლამდე“, – ამბობს ჯანპიეტრო. ზურგისა და მუცლის ნაწილები სარკისებურად, ურთიერთსაპირისპიროდ იჭრება ფორმისა და სიმტკიცის დასაბალანსებლად. შეღებვა კი არა ზედაპირული აეროგრაფით, არამედ ხის დიდ ბარაბნებში (ბოტალები) ჩაძირვით ხდება, რაც ფერს სიღრმეში აჯენს და ბუნებრივ კონტრასტებს განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს.

შუშისებრი გაპრიალება აქატის ქვით (Agattatura): უიშვიათესი ტექნიკაა, რომელსაც ოსტატი სტეფანო ფლობს. ბუნებრივი აქატის ქვის მექანიკური ხახუნითა და წნევით ტყავის ზედაპირი იმდენად მკვრივდება, რომ ყოველგვარი ქიმიური ლაქის გარეშე იძენს მინისებრ, ბროლისებრ ბზინვარებას. ნიანგის ტყავის ერთ ჩანთას 10 საათზე მეტხანს სჭირდება ხელით გაპრიალება, ხვლიკის ტყავს კი – 4-5 დღე.

ნაკერის საიდუმლო: ძაფიც კი ზედმიწევნით არის გათვლილი – ბამბისა და პოლიესტერის ზუსტი კომბინაცია. მხოლოდ ბამბის ძაფი დროთა განმავლობაში შეიძლება დაზიანდეს, სინთეტიკური ბოჭკო კი მას აუცილებელ ელასტიკურობას ანიჭებს, რომელიც კილომეტრობით ნაკერს თაობების განმავლობაში მტკიცედ ინახავს.

Fendi-ს ამ მილანური სახელოსნოს უკან 320-350 სპეციალისტის პროფესიონალიზმი და შრომა დგას, რაც პროდუქციის უმაღლეს ხარისხსა და მკაცრად შეზღუდულ ტირაჟებს უზრუნველყოფს (ხშირად თითოეული ფერის მხოლოდ 8 ეგზემპლარი მზადდება).

პირადი ემოცია: ჩემი საქორწილო კაბა და მოულოდნელი შემოთავაზება

შეხვედრის ერთ მომენტში, როდესაც ხელით მუშაობის სინატიფესა და დეტალებზე ვსაუბრობდით, ჯანპიეტროსა და დამსწრეებს ჩემი საქორწილო კაბის ფოტოები ვაჩვენე, რომელიც ჩემს საყვარელ დედასთან ერთად შევქმენი. რეაქციამ მოლოდინს გადააჭარბა, მათ გულწრფელი აღტაცება ვერ დამალეს.

„ეს ნამდვილი ტალანტია! ასეთი რთული ხელით ნამუშევარი, უიშვიათესი ესთეტიკური ხედვა და დახვეწილი გემოვნება საოცარი სანახავია“, – აღფრთოვანდა ჯანპიეტრო და დაუმატა: „ასეთი ხედვითა და გემოვნებით პირდაპირ ჩვენთან, ატელიეში უნდა დაიწყოთ მუშაობა!“ მსოფლიოს უმაღლესი დონის ოსტატებისგან დედასთან ერთად შექმნილი ნამუშევრის ასეთმა შეფასებამ და ნახევრად ხუმრობით, თუმცა გულწრფელი აღტაცებით ნათქვამმა შემოთავაზებამ ენით აუწერელი სიამაყით ამავსო.

ქორწილი კომოზე. ციცი დედასთან – მაია იმერლიშვილთან ერთად კომოს ტბის ფონზე

ქართული „ინტერმეცო“ FENDI-ს ატელიეში: საქართველოზე, ხაჭაპურსა და ქართულ სუფრაზე

საღამოს ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი ნაწილი საქართველოზე საუბარი იყო. ღონისძიებაზე საშუალება მოგვეცა, Fendi-ს დამფუძნებელი ოჯახის შთამომავალს გავსაუბრებოდით. მან დიდი სითბოთი გაიხსენა თავისი სამი დაუვიწყარი ვიზიტი საქართველოში – როგორც თქვა, სამჯერ იყო პირადად მიწვეული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში. მან დიდი პატივისცემით ისაუბრა ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, ჩვენი ქვეყნის უძველეს კულტურასა და სილამაზეზე.

არანაკლები ენთუზიაზმით აჰყვა მას თავად ჯანპიეტრო გატუ. როგორც კი გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი, თვალები გაუბრწყინდა: „ქართული სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში!“ – წამოიძახა ხმამაღლა, რითაც გარშემომყოფი მენეჯერებისა და სტუმრების ყურადღება მიიპყრო. ყველას გასაგონად, ჯანპიეტრომ უდიდესი აღტაცებით დაიწყო აჭარული ხაჭაპურის აღწერა: „თვალის ან ნავის ფორმა აქვს, შუაგულში კი უმი კვერცხის გული და ცხელი, მდნარი ყველი დევს… ეს უბრალოდ საოცრებაა!“ აჭარულის ქებას კი ხინკლის მომზადებისა და მისი დაგემოვნების წესის ახსნა მოაყოლა.

ჯანპიეტროს ემოცია იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ მოდის სახლის ხელმძღვანელებიდან ერთ-ერთმა გაიხსენა თავისი ქართველი კოლეგა ქალბატონი, როგორც უაღრესად პრინციპული, საიმედო და საკუთარი ქვეყნით ამაყი პროფესიონალი. ბოლოს კი ერთხმად გადაწყვიტეს: „აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ და ერთად წავიდეთ ქართულ რესტორანში!“

საღამო დასრულდა WhatsApp-ის საერთო ჯგუფის შექმნით: უახლოეს დღეებში მილანში Fendi-ს მენეჯერებთან და ოსტატებთან ერთად ტრადიციულ ქართულ სუფრასთან შევიკრიბებით.

ეს შეხვედრა კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება, შრომისმოყვარეობა და საკუთარი ფესვების ერთგულება ადამიანებს შორის ყველაზე გულწრფელ და ამაღელვებელ კავშირებს წარმოქმნის.

ციცი ხაბელაშვილი,

მილანი, 28 ოქტომბერი, 2026

დაგაინტერესებთ, აგრეთვე: იტალია ციცის ობიექტივში: 3 ულამაზესი ტბა (ფოტოგალერეა)

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close