5 მარტს ირანული დრონებით შეტევამ ნახიჩევანის აეროპორტზე შესაძლოა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში შეშფოთება გააძლიეროს, თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ-ისა და ისრაელის ომი ირანთან რეგიონს გარკვეულ შესაძლებლობებსაც აძლევს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანისგან განმარტებები მოითხოვა, ხოლო პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანი „სიმხდალესა და ტერორიზმში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, ირანული დრონები თავს დაესხნენ ნახიჩევანის აეროპორტს – აზერბაიჯანის ექსკლავს, რომელიც ირანს ესაზღვრება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „ეს აგრესია უპასუხოდ არ დარჩება“. უწყების ცნობით, ოთხი დრონიდან ერთი ჩამოაგდეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში აეროპორტის ტერმინალთან კვამლი ჩანს. კიდევ ერთი დრონი, ოფიციალური მონაცემებით, ახლომდებარე სკოლის სიახლოვეს ჩამოვარდა.
ირანის სამხედრო ძალები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის ფაქტს უარყოფენ.
მიმდინარე მოვლენების ფონზე სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა – აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო – ოფიციალურად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და ყურადღებით აკვირდება დიდი ძალების მოქმედებებს.
აზერბაიჯანი და ირანი
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ფარჰად მამედოვი აეროპორტზე თავდასხმას ირანის მხრიდან „შავ უმადურობას“ უწოდებს, რადგან მისი თქმით, აზერბაიჯანი კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.
ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ირანში მართვის სისტემაში სერიოზული არეულობაა და გაუგებარია, ვინ იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო დარტყმების შესახებ.
ეკონომისტი ნათიკ ჯაფარლი აღნიშნავს, რომ ნავთობის ფასის ზრდა აზერბაიჯანისთვის მოკლევადიანი სარგებელია, თუმცა ირანში ომი საკვების და საყოფაცხოვრებო საქონლის გაძვირებას გამოიწვევს, რადგან მათი ნაწილი ქვეყანაში სწორედ ირანიდან შედის.
აზერბაიჯანს ირანთან ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს. ირანში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების რაოდენობა სხვადასხვა შეფასებით 12–22 მილიონია, რაც თავად აზერბაიჯანის მოსახლეობასაც (10 მლნ) აღემატება. ამ ფონზე ალიევის განცხადება, რომ აზერბაიჯანი ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის „იმედის ადგილია“, ბევრმა პოლიტიკურ სიგნალად აღიქვა.
ბაქოში ჩრდილოეთ ირანს ხშირად „სამხრეთ აზერბაიჯანს“ უწოდებენ, რაც თეირანს აღიზიანებს და სეპარატიზმის გაძლიერების შიშს უჩენს.
აზერბაიჯანში დღემდე ახსოვთ XIX საუკუნეში მისი ისტორიული ტერიტორიის გაყოფა სპარსეთსა და რუსეთის იმპერიას შორის. 31 დეკემბერი – დღე, როდესაც 1989 წელს ნახიჩევანში, აზერბაიჯან–ირანის საზღვარზე, აქტივისტებმა საბჭოთა სასაზღვრო ნაგებობები დაანგრიეს – აზერბაიჯანში „მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღედ“ აღინიშნება.
აზერბაიჯანისთვის ირანი დიდი, საშიში და შეიარაღებული მეზობელია. დამოუკიდებლობის მოპოვებიდანვე ბაქოში შიშობენ, რომ ქვეყანაში შესაძლოა „ისლამური რევოლუციის ექსპორტი“ მოხდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ირანს არაერთხელ გაუკრიტიკებია აზერბაიჯანი ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობის გამო. ისრაელის მოკავშირეობის მიუხედავად ომის დროს ბაქო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. თუმცა ექსპერტები გაფრთხილებას იძლევიან, რომ ირანში შესაძლო არეულობისა და სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში აზერბაიჯანის საზღვრებს (რომელიც კოვიდის შემდეგ დღემდე ჩაკეტილია) შესაძლოა ლტოლვილთა ნაკადები მიაწყდეს.
სომხეთი და ეკონომიკური რისკები
ლტოლვილთა შესაძლო ნაკადი სომხეთსაც აშფოთებს, თუმცა მთავარი საფრთხე შეიძლება ეკონომიკური იყოს.
სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და მრავალი საქონელი ირანიდან ან ირანის გავლით შედის ქვეყანაში, მათ შორის, სპარსეთის ყურის პორტებიდან. ერევნელი ჟურნალისტი მარკ გრიგორიანი შიშობს, რომ ომმა შესაძლოა სომხეთში სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს.
სომხეთისა და ირანის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
„მშვიდობის გზა“ და რეგიონული პროექტები
ყარაბაღის ომის შემდეგ აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე ნახიჩევანთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი მოითხოვა. ხანგრძლივი დავის შემდეგ მხარეები აშშ-თან ერთად შეთანხმდნენ პროექტზე, რომელსაც ეწოდა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
ამ გეგმის მიხედვით, სომხეთი დროებით გადასცემს ამ მონაკვეთის მართვას ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ტრანსპორტსა და ტვირთბრუნვას გააკონტროლებენ.
ირანი ამ პროექტს კრიტიკულად უყურებს და მიიჩნევს, რომ იგი ქვეყანას რეგიონში იზოლაციის საფრთხეს უქმნის. ირანი მიიჩნევს, რომ გზამ მდინარე არაქსის გასწვრივ უნდა გაიაროს – სწორედ იქ, სადაც სომხეთი ირანს ესაზღვრება.
ირანი სომხეთს ბუნებრივ გაზს აწვდის, ხოლო სანაცვლოდ ელექტროენერგიას იღებს. მიუხედავად ამისა, ექსპერტების ნაწილი დარწმუნებულია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობის გეგმა ამ ეტაპზე საფრთხის ქვეშ არ დგას.
სომხეთიც ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვიდეოებს აქვეყნებს და ამ კვირაში თბილისსაც ეწვია.
ჟურნალისტ მარკ გრიგორიანის თქმით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ერევანი თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს და მიაჩნია, რომ ომი მას პირდაპირ არ შეეხება.
საქართველო და „შესაძლებლობების ფანჯარა“
საქართველო უშუალოდ არ ესაზღვრება ირანს, თუმცა ქვეყანა ათასობით ირანელის სახლად იქცა, რომელთაგან ბევრი კრიტიკულად არის განწყობილი ისლამური რეჟიმის მიმართ.
თბილისში მათ საკუთარი რესტორნები და თემები აქვთ. მიმდინარე წლის იანვარში ირანში სისხლიანი პროტესტების დროს საქართველოში მცხოვრები ირანელები ქუჩაში გამოვიდნენ და დემონსტრანტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
როდესაც ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ისინი ირანის საელჩოსთან ამერიკის დროშებით მივიდნენ.
საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის ყველაზე დაბალია. გასული წლის 11 თვეში მან 230 მილიონი დოლარი შეადგინა.

ქართველი დამკვირვებლები შექმნილ ვითარებაში მხოლოდ პრობლემებს კი არა, განვითარების შესაძლებლობასაც ხედავენ – როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის, რომელიც სანქციებით დატვირთულ რუსეთსა და ირანს შორის აღმოჩნდა.
„ჩვენი ქვეყნებისთვის კონფლიქტში რომელიმე მხარის არჩევა ძალიან სარისკოა“, – ამბობს სამხრეთ კავკასიის ექსპერტი და უნივერსიტეტ „ევროპის“ პროფესორი გიორგი მჭედლიშვილი. თუმცა იგი აღნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებიც მალე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას აპირებენ, და ასევე საქართველოს „შესაძლებლობების ფანჯარა“ ეძლევათ.
„კავკასიის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დერეფნის როლი, ძლიერდება და ამით უნდა ვისარგებლოთ, – ამბობს იგი. – სომხეთი და აზერბაიჯანი, ჩემი აზრით, ამ შესაძლებლობების ფანჯარას ძალიან გონივრულად იყენებენ, ცდილობენ შეთანხმებას, კონფლიქტის უკან დატოვებას და სამხრეთ კავკასიის რეგიონის შექმნას. ფაშინიანის ვიზიტი თბილისში კი ამ საერთო რეგიონის მშენებლობაში კიდევ ერთი აგურია. ერთიანობა და სრულფასოვან რეგიონად ქცევა ნებისმიერ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა დგას – და ეს შანსია“.
შემოკლებული თარგმანი
ნიკო აბაშიშვილი
სრული ვერსია იხილეთ: „ბიბისი“
p. s. მიმდინარე ვითარება ახლო აღმოსავლეთში
2026 წლის 28 თებერვალს დაწყებულმა აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივმა სამხედრო ოპერაციამ ირანის წინააღმდეგ კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომად აქცია. საჰაერო თავდასხმების დროს დარტყმები განხორციელდა თეირანსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე, რის შემდეგაც ირანმა საპასუხო სარაკეტო იერიშები მიიტანა რეგიონში — მათ შორის, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე სამიზნეებზე. ბოლო დღეებში შეტაკებები კიდევ უფრო გამწვავდა: მიმდინარეობს საჰაერო დარტყმები ირანის ქალაქებზე, ხოლო ირანი დრონებითა და რაკეტებით უტევს როგორც ისრაელს, ისე ამერიკულ ობიექტებს ახლო აღმოსავლეთში. დაპირისპირება უკვე გავრცელდა ლიბანსა და სპარსეთის ყურის რეგიონზეც, შეჩერდა ნავთობის ტანკერების მიმოსვლა ჰორმუზის სრუტეში, რამაც ენერგეტიკული ბაზრები და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო სერიოზულად შეარყია.



