მსოფლიოტექნოლოგიებიnewsინტერვიუ

გლობალური ტექნიკური ხარვეზები ინტერნეტში: რატომ გაითიშა პოპულარული საიტები და აპლიკაციები

ინტერნეტში 18 ნოემბერს დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა პლატფორმაზე შესამჩნევ შეფერხებებს იწვევდა. საერთაშორისო მედიის ცნობით, პრობლემების მიზეზად დასახელდა Cloudflare-ის კრიტიკული გაუმართაობა — სერვისისა, რომელსაც მსოფლიოში ათასობით საიტი და აპლიკაცია იყენებს ტრაფიკის ოპტიმიზაციისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

რა მოხდა?

დაახლოებით15:45 სთ-იდან (თბილისის დროით) Cloudflare-ის ინფრასტრუქტურაში დაფიქსირდა გაუმართაობა, რომელმაც ინტერნეტტრაფიკის ნაწილის დამუშავება შეაფერხა. შედეგად, მრავალი საიტი ძნელად ან საერთოდ ვერ იტვირთებოდა, მათ შორის, ჩვენი საიტიც – nostal.ge. შეფერხებები შეეხო ისეთ მსხვილ პლატფორმებს, როგორიცაა:

  • X (ყოფილი Twitter) – პერიოდულად მიუწვდომელი იყო;
  • ChatGPT – ნელა მუშაობდა და გარკვეული ფუნქციები დროებით გაითიშა;
  • Spotify – სერვერთან დაკავშირების პრობლემა შეიქმნა;
  • ონლაინ თამაშები – შეფერხებები იყო სერვერებთან დაკავშირებისას.

Down Detector-ის ინფორმაციით, შეფერხებები სხვადასხვა ქვეყანაში ერთდროულად დააფიქსირეს, რაც პრობლემის გლობალურ მასშტაბზე მიუთითებს.

Cloudflare-ის ოფიციალური რეაქცია

Cloudflare-მა დაახლოებით 16:00 საათზე (თბილისის დროით) საკუთარ ტექნიკური მონიტორინგის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათთვის „ცნობილია პრობლემის შესახებ, რომელიც შესაძლოა მრავალ მომხმარებელზე ახდენდეს გავლენას და მიმდინარეობს ხარვეზების გამოვლენა და ანალიზი, ინჟინრები მუშაობენ სრული მასშტაბით ზემოქმედების შეფასებასა და სისტემის სტაბილური მუშაობის აღდგენაზე. პლატფორმები კი, მათ შორის X და ChatGPT, უკვე ნელ-ნელა უბრუნდებიან ჩვეულ მუშაობის რეჟიმს“.

რატომ ხდება ასეთი მასშტაბური შეფერხებები?

Cloudflare-ი ინტერნეტის გლობალური ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი საკვანძო რგოლია. მისი დანიშნულება მოიცავს:

  • საიტების დაცვას კიბერთავდასხმებისგან;
  • ტრაფიკის ოპტიმიზაციას;
  • დატვირთვის განაწილებას;
  • ვებგვერდების სწრაფ ჩატვირთვას.

ამიტომ, როდესაც Cloudflare-ს აქვს ტექნიკური პრობლემა, მასზე დამოკიდებული ვებსივრცის დიდი ნაწილი ავტომატურად ხდება მიუწვდომელი, რადგან „გზა“, რომელზეც ტრაფიკი გადის, დროებით იბლოკება ან არასწორად მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეში ეს უკვე მეორე გლობალური შეფერხებაა, „კლაუდფლეარის“ პრობლემა წარმოიშვა თითქმის ერთი თვის შემდეგ, რაც Amazon Web Services-მა (AWS) – კიდევ ერთმა გლობალურმა ტექნოლოგიურმა ინფრასტრუქტურამ – განიცადა ხარვეზი, რის გამოც რამდენიმე საათით გაითიშა სტრიმინგის სერვისები, ბანკინგის პლატფორმები, ელექტრონული კომერციის საიტები და მობილური აპლიკაციების ნაწილი.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინტერნეტის გლობალური ეკოსისტემა კრიტიკულად დამოკიდებულია რამდენიმე მსხვილ პროვაიდერზე და ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზი ავტომატურად იწვევს ჯაჭვურ რეაქციას.

ამჟამად Cloudflare-ის სისტემები უკვე დაუბრუნდა მუშაობის ნორმალურ რეჟიმს, თუმცა კომპანიის განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი ანალიზი ხარვეზის ძირითადი მიზეზების დასადგენად, რათა მომავალში მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close