ვიდეოხელოვნებასაქართველო

საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე ანიტა აბგარიანი წარადგენს – მოუსმინეთ საკონკურსო სიმღერას (ვიდეო)

ვიდეორგოლის გადაღებებლი უფლისციხეში მიმდინარეობდა

საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე 11 წლის ანიტა აბგარიანი წარადგენს, რომელიც წლევანდელი „რანინას“ გამარჯვებულია. საკონკურსო სიმღერის პრემიერა უკვე გაიმართა.

საკონკურსო სიმღერა Shine like a star კომპოზიტორ გიგა კუხიანიაძეს ეკუთვნის. მასთან ერთად ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, რომელიც ჯგუფ „ქენდის“ ერთ-ერთი მონაწილეა (ჯგუფი „ქენდი“ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით 2011 წელს გამოვიდა და გაიმარჯვა).

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლზე პირველმა არხმა იმუშავა. ვიდეოს რეჟისორია თემურ კვირკველია, კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

გადაღებები უფლისციხეში მიმდინარეობდა. ვიდეოში ანიტა აბგარიანის თანმხლებია ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის ორკესტრი.

შარშანდელ კონკურსზე, მოგეხსენებათ, საქართველოს წარმომადგენელმა – ანდრია ფუტკარაძემ გაიმარჯვა, კონკურსის წესების თანახმად კი, მომდევნო წლის ევროვიზიას გამარჯვებული ქვეყანა მასპინძლობს, შესაბამისად, 2025 წლის საბავშვო ევროვიზია საქართველოში გაიმართება 13 დეკემბერს, შაბათს, 20:00 სთ-ზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს. კონკურსს ჟურნალისტი ლიზა წიკლაური და პიანისტი დავით ალადაშვილი წარუძღვებიან.

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უკვე წარმოადგინა ევროვიზია 2025-ის სცენის დიზაინი, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობით არის შთაგონებული. ცენტრში დგას დოლი – ტრადიციული ქართული ხალხური დასარტყამი ინსტრუმენტი. ცენტრალური სცენის გარშემო კი საქართველოს შთამბეჭდავი მთის ლანდშაფტებით, ციხესიმაგრეებითა და კოშკებით შთაგონებული სკულპტურული ფორმებია აღმართული. 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სლოგანია: „მუსიკა გვაერთიანებს“.

საქართველო საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად კონკურსი თბილისში 2017 წელს ჩატარდა (წინა წელს მარიამ მამადაშვილის გამარჯვების შემდეგ), საერთოდ კი, საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის რეკორდსმენია – ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ევროპის ამ ყველაზე დიდ საბავშვო მუსიკალურ შოუში ოთხჯერ მოიპოვეს გამარჯვება: 2008 წელს – „ბზიკებმა“, სიმღერით „ბზზ…“;  2011 წელს – Candy-მ, სიმღერით Candy Music; 2016 წელს – მარიამ მამადაშვილმა, სიმღერით „მზეო“; 2024 წელს კი – ანდრია ფუტკარაძემ, სიმღერით „დედას“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close