ქართველები უცხოეთშიარტისტი

ქართველი მუსიკოსი სვეივი პოლონეთის მაღალი რანგის ეროვნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა

ქართველი მუსიკოსი სვეივი (Swave, დავით გაურგაშვილი) საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული და მონაწილეობდა პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ ღონისძიებაში – სასწრაფო სამედიცინო დახმარების დღის აღნიშვნის ცერემონიაში, რომელზეც პოლონეთის საუკეთესო პარამედიკოსები დაჯილდოვდნენ. საზეიმო გალა საღამო 2025 წლის 13 ოქტომბერს ვარშავაში გაიმართა.

ეს ფაქტი დიდი აღიარებაა ქართველი არტისტისთვის საერთაშორისო ასპარეზზე. აღსანიშნავია, რომ იგი ერთადერთი უცხოელი შემსრულებელი იყო, რომელმაც ამ მაღალი რანგის ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაში მიიღო მონაწილეობა.

ცერემონიას, რომელსაც პატრონაჟს უწევდა მაზოვიის სავოევოდო, პოლონეთის პოლიტიკური ელიტაც ესწრებოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის გამორჩეულ მედიკოსებს ჯილდოები გადასცეს პოლონეთის პრეზიდენტმა, თავდაცვისა და ჯანდაცვის მინისტრებმა, მაზოვიის სავოევოდოს მარშალმა, ვარშავის მერმა და ვარშავის საქალაქო საბჭომ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების დღე პოლონეთში 13 ოქტომბერს აღინიშნება. ის დაარსდა 2006 წლის 8 სექტემბრის აქტით „სახელმწიფო სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესახებ“ და მიზნად ისახავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემაში ჩართული ყველა პირის: პარამედიკოსების, ექიმების, ექთნებისა და დისპეტჩერების შრომისა და დამსახურების აღნიშვნას.

დავით გაურგაშვილის გამოსვლა პოლონეთის უმაღლესი რანგის ღონისძიებაზე მნიშვნელოვანია ქართული მუსიკალური ხელოვნების საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის.

სვეივი (Swave; დავით გაურგაშვილი) თბილისშია დაბადებული. მუსიკოსმა ბოლო წლებში აქტიურად განავითარა საკუთარი უნიკალური სტილი, იგი თავის სიმღერებში ქართულ და ინგლისურ ენებს აერთიანებს და ქმნის თანამედროვე ჟღერადობას, რომელიც კულტურებს აკავშირებს.

მისი რამდენიმე მუსიკალური ვიდეო საქართველოშია გადაღებული, მათ შორის, „Mirage“, რომელიც ბათუმის ვიზუალურ პოპულარიზაციასაც ემსახურება. „Mirage“-ის შემდეგ მან გამოუშვა სიმღერები „Midnight“ და „Señorita“. სვეივის მუსიკა ასევე რეგულარულად ჟღერს ესპანეთში, კოსტა დელ სოლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რადიოსადგურზე – Radio Marbella-ზე.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close