კინო/ფილმებიარტისტი

გარდაიცვალა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია

დღეს, 4 აგვისტოს, 92 წლის ასაკში, გარდაიცვალა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია. 

ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს დაიბადა თბილისში. უმაღლესი განათლება კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში მიიღო (ВГИК). 1957-1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“, 1960 წლიდან კი – კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი ახალგაზრდა რეჟისორმა 1963 წელს გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად – „თეთრი ქარავანი“ მწყემსების ცხოვრების სირთულეს აღწერს.

ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“ (1957), „თოვლის ზღაპარი“ (1959), „თეთრი ქარავანი“ (1964), „მიქელა“ (1965, დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით), „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „შერეკილები“ (1974), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1978, დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით), „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1984 წ., რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით), „ექსპრესინფორმაცია“ (1993), „Dog Rose“ (1996), „სავარძელი“ (2017), „ჭა“ (2020).  „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და „შერეკილები“ ელდარ შენგელაიამ ბრწყინვალე დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით გადაიღო.

გამოჩენილ რეჟისორს, სხვა ჯილდოებთან ერთად, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ელდარ შენგელაია პოლიტიკურ მოღვაწეობას რაც შეეხება, იგი პოლიტიკაში 1990 წლიდან ჩაერთო: 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი; 1992-1995 წლებში – საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“; 1995-1999 წლებში – საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“; 1999-2004 წლებში – საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004-2008 – საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები“.

ინფორმაცია დიდი ქართველი რეჟისორის გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად „ნატო ვაჩნაძის ფონდმა“ გაავრცელა.

ელდარ შენგელაიას ფილმების შესახებ ყველაზე საინტერესო ისტორიები წაიკითხეთ აქ: „საიდან შეგაქანათ?“ – „ცისფერი მთების“ ფრაზეოლოგია და რეზო ჭეიშვილის გულისტკივილი

გამოცხადებული გაფრენა ურმით – „შერეკილების“ ისტორიები 

„დამავლო“ ელდარ შენგელაიამ ხელი და მთავარ როლზე დამამტკიცა – გურამ ლორთქიფანიძის არაჩვეულებრივი ამბები და აუხდენელი ოცნება

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close