მნიშვნელოვანი გამარჯვება იმიგრანტებისთვის: იტალიის სასამართლომ ბინადრობის ნებართვის ვადის გამოთვლის წესი შეცვალა

ემილია-რომანიის ადმინისტრაციულმა სასამართლომ (TAR Emilia-Romagna) 2025 წლის 30 ივნისს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს იტალიაში მცხოვრები ათასობით უცხოელი მოქალაქისთვის. სასამართლომ დაადგინა, რომ ბინადრობის ნებართვის (იტ. permesso di soggiorno) ვადის ათვლა უნდა დაიწყოს იმ დღიდან, როდესაც დოკუმენტი ფაქტობრივად გაიცემა და არა იმ დროიდან, როცა მისი განახლების განაცხადი შევიდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ასოციაცია Cittadini del Mondo di Ferrara-სა და იმიგრანტთა უფლებების დამცველი სხვა ორგანიზაციების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია.
წარსული პრაქტიკა – პრობლემური და უსამართლო
წლების განმავლობაში ფერარაში, ისევე როგორც იტალიის ბევრ სხვა ქალაქში, ფართოდ გამოიყენებოდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა განცხადების შეტანის დღიდან იწყებოდა, თუმცა გაჭიანურებული ბიუროკრატიული პროცესების გამო უცხოელები ახალ დოკუმენტს ხშირად მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იღებდნენ – და იმ დროისთვის მისი მოქმედების ვადა თითქმის იწურებოდა.
ამის გამო მრავალი მიგრანტი იძულებული ხდებოდა, დაუყოვნებლივ დაეწყო ბინადრობის ნებართვის განახლების ახალი პროცედურა, რასაც თან ახლდა დროის, ფინანსური რესურსების დამატებით ხარჯვისა და ზოგჯერ სამართლებრივი უფლებების, მათ შორის, მუშაობისა და სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებების, დაკარგვის რისკიც.
ახალი გადაწყვეტილება – წინგადადგმული ნაბიჯი
ემილია-რომანიის სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმეზეა მნიშვნელოვანი, არამედ ქმნის ძლიერ იურიდიულ პრეცედენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით – ის იცავს მიგრანტთა უფლებებს და სისტემას უფრო სამართლიანს ხდის. სასამართლოს პოზიცია ნათელია: იტალიაში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს არ უნდა დააწვეთ პასუხისმგებლობა სახელმწიფო უწყებების მიერ დოკუმენტების დამუშავების შეფერხებისა და დაგვიანებისთვის.
საგულისხმოა ისიც, რომ ახალმა წესებმა შეიძლება გაამარტივოს იმიგრაციის სამსახურების საქმიანობაც — აღარ იქნება საჭირო ერთსა და იმავე საქმეზე განმეორებითი განაცხადების განხილვა დროის მოკლე შუალედებში.
საზოგადოების წვლილი გადაწყვეტილების მიღებაში
არასამთავრობო სექტორის აქტიურობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ცვლილებაში. Cittadini del Mondo di Ferrara წლების განმავლობაში აფრთხილებდა ხელისუფლებას არსებული წესის უსამართლობაზე და საპროტესტო აქციებს მართავდა. 2025 წლის 31 მაისს ფერარის პოლიციის შენობასთან გამართულ დემონსტრაციაზე ასოციაციამ კიდევ ერთხელ დააყენა მოთხოვნა ბინადრობის წესების გადახედვის შესახებ.
საბოლოოდ სასამართლომ მათი არგუმენტები გაიზიარა და დაასკვნა, რომ ძველი წესი უცხოელი მოქალაქეების უფლებებს არღვევდა.
რას უნდა ველოდოთ მომავალში?
აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა იტალიის სხვა რეგიონებმაც გაითვალისწინონ. იმიგრანტების უფლებადამცველები უკვე მოუწოდებენ სახელმწიფოსა და შესაბამის უწყებებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პრაქტიკაში გაატარონ და გააერთიანონ პროცედურები ქვეყნის მასშტაბით.
თუ თქვენ აღმოჩნდით მსგავს სიტუაციაში ან გაქვთ კითხვები ბინადრობის ნებართვის განახლებასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია დაუკავშირდეთ იმიგრანტთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს ან იმიგრაციის სამართლის სპეციალისტ იურისტებს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები