ჭიათურა – „საჰაერო-ვენეცია“
ჭიათურის ინდუსტრიული მემკვიდრეობა და საბაგირო გზები მხოლოდ ტრანსპორტის სახეობა არ არის - ქალაქის კულტურული სიმბოლოა

ქალაქი, რომელიც თავისი გამორჩეული ლანდშაფტით სხვა ქალაქში არასოდეს აგერევა. გამორჩეულმა მდებარეობამ ბევრი რამ განაპირობა ყვირილის ხეობის განაშენიანებაში, მაგალითად ის, რომ სწორედ კლდეებისა და მღვიმეების სიმრავლემ და სიმარტივემ მოიყვანა აქ ჯერ კიდევ მეზოლითელი ადამიანი. მდებარეობის დამსახურებაა, რომ ამ ტერიტორიებზე შემორჩენილია არაერთი „სახიზარის“ ნაშთი (ტყეც კი არის სახელწოდებით – „ნახიზნევი“). მდებარეობის დამსახურებაა, რომ ქალაქში, რომლის მოსახლეობა 12 ათასს არ აღემატება, 36-მდე საბაგირო გზა ფუნქციონირებდა. აი, ამიტომ უწოდა ენამოსწრებულმა ვიზიტორმა საბაგირო გზებით დაქსელილ ქალაქს „საჰაერო ვენეცია“.
ჭიათურაში საბაგირო გზების მოწყობის საკითხი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს დაისვა, თუმცა იდეამ ფართო გასაქანი მხოლოდ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მიიღო. ადგილობრივმა სპეციალისტებმა არაერთი სატვირთო და სამგზავრო საბაგირო გზა ააგეს. საბაგირო სისტემის განვითარებას ხელი შეუწყო რთულმა რელიეფმა და საბაგირო მალევე გადაიქცა მოსახერხებელ და სწრაფ ტრანსპორტად.
ჭიათურაში აიგო საბჭოთა კავშირში პირველი საჰაერო საბაგირო გზა. 1953 წელს ექსპლუატაციაში შევიდა მძიმე ტიპის, ქანქარიანი ჭიათურა-პერევისას („ოცდახუთის“) სამგზავრო საბაგირო, რომელიც სსრკ-ში პირველ სახალხო საბაგირო გზად ითვლება. ამჟამად ჭიათურა-პერევისის საბაგირო გზა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. მოგვიანებით კიდევ ერთი ხაზი – „საშევარდნო“ დაემატა. „საშევარდნოს“ ხაზი დახრილობის კუთხით მსოფლიო საბაგირო გზების ათეულში შედის.
შეუძლებელია ჭიათურის საბაგირო გზებზე ისაუბრო და გიორგი ფანცულაია არ ახსენო. გზების განვითარება ინჟინერ გიორგი ფანცულაიას (1911-1982) სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მისი თაოსნობით აიგო მრავალი საჰაერო საბაგირო გზა საქართველოში და საბჭოთა კავშირში. ჯერ კიდევ 1948 წელს ზესტაფონში აშენდა პირველი მსუბუქი ტიპის სამგზავრო საბაგირო, რომელსაც მუშები ყვირილას ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავდა.
გიორგი ფანცულაიას პროექტით აიგო ბაგირ-გზები თბილისში, ტყიბულში, ახალციხეში, აბასთუმანში, გურჯაანში, ყაზბეგში, კისლოვოდსკში, ლატვიის კურორტ სიგულდაში. როგორც თავისი საქმის უზადო სპეციალისტს, მას იწვევდნენ არა მარტო სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქში, არამედ გერმანიაში, შვეიცარიაში…
ერთ სახალისო ამბავს დიდხანს იგონებდნენ ჭიათურაში: გასული საუკუნის შუა ხანებში ნაგუთის დასახლება რთულად მისასვლელ უბნად ითვლებოდა. ამ პერიოდში ნაგუთში ფანცულაიას მეუღლე – ქსენია ქუთათელაძე მუშაობდა სტომატოლოგად. მალე ნაგუთში საბაგირო აიგო. ქალაქში ხუმრობდნენ, გიორგიმ ქსენიას საკუთარი საბაგირო გაუკეთაო…
გააგრძელე კითხვა აქ: kutaisi.travel/12428
კომენტარები