რა სასწაულებს მიაწერენ „ღმერთის ინფლუენსერად“ წოდებულ 15 წლის იტალიელ ბიჭს, რომელსაც ვატიკანი სექტემბერში წმინდანად შერაცხავს

იტალიელი ბიჭი, კარლო აკუტისი, რომელიც 2006 წელს 15 წლის ასაკში გარდაიცვალა, 7 სექტემბერს კათოლიკური ეკლესიის პირველი წმინდანი გახდება ამ ათასწლეულში. მან ეს პატივი გაჭირვებულთათვის თავდაუზოგავი სამსახურისთვის, ასევე, იმის გამო დაიმსახურა, რომ ინტერნეტსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ღვთის რწმენას მისი ასაკისთვის არადამახასიათებელი მონდომებით ავრცელებდა. კანონიზაციის ცერემონია წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა.
აკუტისის ახლობლების თქმით, ცხოვრების მოულოდნელი დასასრულის ფონზე, მოზარდმა საოცარი სიმშვიდის შენარჩუნება მოახერხა. როდესაც 2006 წლის 8 ოქტომბერს ექიმებმა მას ლეიკემიის უკიდურესად აგრესიული ფორმის დიაგნოზი დაუსვეს, კარლოს მხოლოდ ოთხი დღის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი სურვილი იყო, რომ ქალაქ ასიზში, წმინდა ფრანცისკეს სამშობლოში დაკრძალულიყო. მისი სურვილი მხოლოდ მოგვიანებით შესრულდა და გადასვენების დროს სამარიდან ცხედარი უცვლელად, თითქმის ისეთივე მდგომარეობაში ამოიყვანეს, როგორიც დაკრძალეს.
კარლო აკუტისი იტალიის ქალაქ ასიზის აკლდამაშია დასვენებული. მისი სხეული ცვილითაა დაფარული, აცვია ჯინსები და Nike-ის კედები. ის ათასობით მლოცველს იზიდავს.
კათოლიკური ტრადიციის მიხედვით, წმინდანად შერაცხვისთვის აუცილებელია, სულ ცოტა, ორი სასწაულის აღიარება, რომელიც კანდიდატის სახელს უკავშირდება.
პირველი შემთხვევა, რომელსაც მოზარდის სასწაულს მიაწერენ, 2013 წელს, ბრაზილიაში მოხდა – პანკრეასის დაავადების მქონე ბავშვი განიკურნა მას შემდეგ, რაც მისი გადარჩენისთვის ახლობლებმა აკუტისის სახელზე ილოცეს.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 2022 წელს იტალიაში 21 წლის კოსტარიკელმა ქალმა ველოსიპედიდან ვარდნის შედეგად თავის მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, მას შემდეგ, რაც დედამისმა აკუტისის საფლავზე ილოცა, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა – მან იმავე დღეს დამოუკიდებლად დაიწყო სუნთქვა, ხელოვნური აპარატის გარეშე, ათი დღის შემდეგ კი საავადმყოფოდან გაწერეს.
სწორედ ეს ორი შემთხვევა ცნო ვატიკანმა სასწაულად, რაც მოზარდის წმინდანად შერაცხვის საფუძველი გახდა.
მანანა ბანძელაძე
ამავე თემაზე: რომის პაპი წმინდანად რაცხავს იტალიელ ბიჭს, რომელმაც „ღვთის გავლენის აგენტის“ მეტსახელი დაიმსახურა
კომენტარები