იტალიაში რეფერენდუმი ჩავარდა – ნატურალიზაციისთვის ისევ 10-წლიანი ლოდინის ვადა რჩება

იტალიაში დასრულდა 2-დღიანი რეფერენდუმი მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებისა და შრომის ბაზრის შესახებ. კენჭისყრაზე ხუთი სოციალურ-ეკონომიკური საკითხი იყო წარმოდგენილი, მაგრამ ყველაზე საკამათო წინადადებაა მოქალაქეობის ნატურალიზაციით მიღების ლოდინის პერიოდის 10-იდან 5 წლამდე შემცირების შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და მისი ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმები“ ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებოდნენ და ამომრჩევლებს ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ. ბევრმა ადამიანმა რეფერენდუმს მართლაც ბოიკოტი გამოუცხადა და ამომრჩეველთა აქტივობამ კვორუმისთვის საჭირო ზღვარს ვერ მიაღწია.
საარჩევნო უბნების დაახლოებით ნახევრის ოფიციალური მონაცემებით, ორდღიანი კენჭისყრის შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობა 30%-ზე ოდნავ ნაკლები დაფიქსირდა და გაცილებით ჩამორჩება კვორუმისთვის საჭირო მაჩვენებელს 50% +1, რაც საჭირო იყო იმისათვის რეფერენდუმის შედეგებს სავალდებულო კანონიერი ძალა შეეძინა.
რეფერენდუმში ხმის მიცემა კვირას, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო და 23:00 საათამდე გაგრძელდა, ორშაბათს კი საარჩევნო უბნები ისევ გაიხსნა 7:00 საათზე და კენჭისყრა საბოლოოდ 15:00 საათზე დასრულდა.
იტალიის კანონმდებლობაში ცვლილებების შეთავაზებით გამოვიდნენ ოპოზიციურმა მემარცხენე და ცენტრისტულუი პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და უდიდესი პროფკავშირი – იტალიის შრომის გენერალური კონფედერაცია (Confederazione Generale Italiana del Lavoro – CGIL), , რომელთათვისაც რეფერენდუმის ჩავარდნა სერიოზული დარტყმა იქნება.
როგორც „როიტერი“ CGIL-ზე დაყრდნობით აღნიშნავს, რეფერენდუმის ორგანიზატორებმა 4,5 მილიონზე მეტი ხელმოწერის შეგროვება შეძლეს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე მის ჩასატარებლად იყო საჭირო (იმისათვის, რომ იტალიაში რომელიმე საკითხი რეფერენდუმზე გავიდეს, 500 000 ხელმოწერის მოგროვებაა საჭირო). ამავდროულად, რეფერენდუმი ჩატარებულად რომ ჩაითვალოს, იტალიის ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის 50%-ზე მეტი (50%+1) უნდა მივიდეს ხმის მისაცემად.
კენჭისყრაზე ხუთი კითხვა დაისვა. ოთხი მათგანი შრომის ბაზართან იყო დაკავშირებული, კერძოდ კი, მიზნად ისახავდა გარკვეული კატეგორიის მუშაკთა სამუშაოდან დათხოვნის პროცედურის გართულებას და მცირე ბიზნესის გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გაზრდას.
იტალიის მოქალაქეობა
ყოველწლიურად იტალიაში უამრავი მიგრანტი და ლტოლვილი ჩადის, რომლებიც ხშირად ჩრდილოეთ აფრიკიდან ხმელთაშუა ზღვით არალეგალურად გადაჰყავთ გასაბერი ნავებით.
ჯორჯა მელონის ულტრამემარჯვენე მთავრობა ამ ნაკადის შემცირებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით, ძირითადად, არც თუ დიდი წარმატებით. უნდა აღინიშნოს, რომ მელონის მთავრობამ მიაღწია შეთანხმებას ალბანეთთან და 2024 წელს რომის იურისდიქციის ქვეშ ალბანეთში ოფიციალურად გახსნა მიგრანტთა მიმღები ორი ცენტრი.
რეფერენდუმზე დასმული ერთი საკითხი ეხება მათ, ვინც იტალიაში ლეგალურად ცხოვრობს და მუშაობს. ინიციატივის მიზანი შეზღუდულია: მოქალაქეობის მიღების დაჩქარება განაცხადის წარსადგენად მკაცრი მოთხოვნების შემსუბუქების გარეშე. იტალიური ენის სავალდებულო ცოდნა, ნასამართლობის არარსებობა, მუდმივი ბინადრობა, გადახდილი გადასახადების საჭირო მოცულობა და სხვა პირობები ძალაში რჩება.
მთავარი ცვლილებაა მოქალაქეობის მისაღებად ლოდინის პერიოდის განახევრება, 10-დან 5 წლამდე, და ყველა 18 წლამდე ასაკის ბავშვის ავტომატურად ნატურალიზაცია მათ მშობლებთან ერთად.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ლეგალური იმიგრანტების შვილებს იტალიის მოქალაქის პასპორტის ასაღებად განაცხადის შეტანა მხოლოდ 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ შეუძლიათ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ დაბადებიდან უწყვეტად ცხოვრობენ ქვეყანაში.
რეფერენდუმის წინააღმდეგ გამოდიოდა პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი.
საბოლოოდ მელონიმ განაცხადა, რომ რეფერენდუმის დროს საარჩევნო უბანზე მივიდოდა „საარჩევნო ყუთის პატივისცემის გამო“, მაგრამ ხმას არ მისცემდა.
„თუ არ ეთანხმებით, ასევე გაქვთ თავის შეკავების შესაძლებლობა“, – თქვა მელონიმ გასულ კვირას, მას შემდეგ, რაც კრიტიკოსებმა იგი დემოკრატიის უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.
პრემიერ-მინისტრმა იტალიის მოქალაქეობის მინიჭების ამჟამინდელ სისტემას ასევე „შესანიშნავი“ უწოდა. მისი თქმით, იტალია უკვე უფრო მეტ უცხოელს ანიჭებს მოქალაქეობას, ვიდრე ევროპის ბევრი ქვეყანა. ეროვნული სტატისტიკის სააგენტო Istat-ის მონაცემებით, გასულ წელს იტალიის მოქალაქეობის მიღება 217 000-მა ადამიანმა შეძლო. მათ შორის იყო 30 000-მდე არგენტინელი იტალიური ფესვებით, რომელთა დიდი უმრავლესობა, სავარაუდოდ, იტალიაში არც ყოფილა.
მელონის პარტნიორმა სამთავრობო კოალიციაში, ულტრამემარჯვენე „ლიგის“ (ლიდერი – მატეო სალვინი) წარმომადგენელმა რობერტო ვანაჩიმ რეფერენდუმის ორგანიზატორები „ჩვენი მოქალაქეობის გაყიდვასა და ჩვენი იდენტობის განადგურებაში“ დაადანაშაულა.
მელონის კოალიციაში შემავალმა სხვა პარტიებმა იტალიელებს მოუწოდეს, საარჩევნო უბნების ნაცვლად პლაჟზე წასულიყვნენ და ბევრი, როგორც ჩანს, ასეც მოიქცა.
თავიდან პრემიერ-მინისტრი და მისი მხარდამჭერები დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდნენ რეფერენდუმს. იტალიის სახელმწიფო მედიამ, რომელსაც მელონის ახლო მოკავშირე მართავს, ასევე მცირე ყურადღება მიაქცია მას.
როგორც BBC აღნიშნავს, ამ დუმილს შესაძლოა სტრატეგიული მიზანი ჰქონოდა.
„მათ არ სურთ რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება, – განუმარტა BBC-ს რომის ლუისის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტო დ’ალიმონტემ. – ეს რაციონალური ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ 50%-იანი ზღვარი არ გადაილახოს“.
როიტერის ცნობით, Demopolis-ის ინსტიტუტის მიერ გასულ თვეში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აქტივობა შეიძლება იყოს იტალიის დაახლოებით 50 მილიონი ამომრჩევლის 31%-იდან 39%-მდე. ეს საჭირო ზღვარზე გაცილებით ნაკლებია, მით უმეტეს, რომ ფაქტობრივი აქტივობა კიდევ უფრო დაბალი აღმოჩნდა.
50%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში მოქალაქეობის მიღების უფლება მყისიერად მიეცემოდა 1.4 მილიონამდე ადამიანს. ზოგიერთი შეფასებით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია.
ნანა ძნელაძე
დაინტერესების შემთხვევაში განახლებადი შედეგები შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://www.ansa.it/sito/notizie/politica/politica.shtml?refresh_ce
ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ: იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებასა და კიდევ 4 საკითხზე 2-დღიანი რეფერენდუმი მიმდინარეობს
კომენტარები