იტალიამიგრაციასაზოგადოება

იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებასა და კიდევ 4 საკითხზე 2-დღიანი რეფერენდუმი მიმდინარეობს

იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებისა და დასაქმებულთა უფლებების  შესახებ ორდღიანი რეფერენდუმის (8-9 ივნისი) პირველი დღე დასრულდა – საარჩევნო უბნები 23:00 სთ-ზე დაიკეტა. ხმის მიცემა დღეს, 9 ივნისს, დილიდან განახლდება და წინასწარი შედეგები დღესვე გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პირველი დღის ბოლოს, 23:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 22% შეადგინა, რაც კვორუმამდე (50% +1) საკმაოდ შორია. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, ისევე როგორც სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი სერჯო მატარელა ხმის მისაცემად რეფერენდუმის პირველ დღეს მივიდნენ.

9 ივნისს საარჩევნო უბნები 7:00 სთ-ზე გაიხსნება და ხმის მიცემა 15:00 საათამდე გაგრძელდება.

რეფერენდუმზე 5 საკითხია წარმოდგენილი, მათგან ერთი იტალიის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებას შეეხება. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, უცხოელს, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდანაა და არ ჰყავს იტალიის მოქალაქე ოჯახის წევრი, იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანა ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების შემდეგ შეუძლია.

რეფერენდუმზე წარმოდგენილი ინიციატივა ამ ვადის ხუთ წლამდე შემცირებას ითვალისწინებს, როგორც ეს საფრანგეთსა და გერმანიაშია.

ინიციატივის მხარდამჭერების თქმით, ამ რეფორმის შედეგად, რომელსაც მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“ (PD, პარტიის ლიდერია ელი შლეინი/Elly Schlein 2023 წლიდან) უჭერს მხარს, 2,5 მილიონ ადამიანს მიეცემა საშუალება, შეიტანოს განაცხადი იტალიის მოქალაქეობაზე.

პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი  და მისი ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმები“ აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან. მელონის განცხადებით, იტალიაში ამჟამად მოქმედი სისტემა შესანიშნავია და ერთ-ერთი ყველაზე ღია იმის გათვალისწინებით, რომ იტალია მოწინავე ევროპულ ქვეყნებს შორისაა მოქალაქეობის მინიჭების ყოველწლიური მაჩვენებლით.

ევროსტატის (ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური) თანახმად, 2023 წელს იტალიის მოქალაქეობა 213 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რაც მთელი ევროკავშირის მაჩვენებლის მეხუთედია. მათგან დაახლოებით 30 ათასი არგენტინელი იყო, რომლებსაც იტალიელი წინაპრები ჰყავდათ.

ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაშიც არ შეიცვლება მიგრაციული კანონი, რომლის თანახმადაც, იმიგრანტების შვილებს, რომლებიც იტალიაში დაიბადნენ, იტალიის მოქალაქეობის მიღების უფლება 18 წლამდე არ აქვთ.

ამჟამად რეფერენდუმზე, მოქალაქეობის გარდა, კიდევ ოთხი საკითხია, რომლებიც დასაქმებულთა უფლებების დაცვას შეეხება: ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, რთულდება სამსახურიდან გარკვეული კატეგორიის დასაქმებულების გათავისუფლება, ერთი კი ითვალისწინებს კომპენსაციის გაზრდას მცირე ბიზნესებში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

სააგენტო „ანსას“ ინფორმაციით, 1946 წლის შემდეგ იტალიაში 78 რეფერენდუმი ჩატარდა სხვადასხვა საკითხზე: რესპუბლიკასა და მონარქიას შორის არჩევანიდან – აბორტსა და განქორწინებამდე. პირველი რეფერენდუმი 1946 წლის 2 ივნისს ჩატარდა რესპუბლიკასა და მონარქიას შორის არჩევანთან დაკავშირებით – მოქალაქეთა გამოცხადების მაჩვენებელი 89,1% იყო, მათგან რესპუბლიკას ხმა მისცა 54,3%-მა, მონარქიას – 47,73%-მა).

1974-იდან 2022 წლამდე 67 რეფერენდუმი ჩატარდა, რომლებშიც კვორუმი (50%+1 ამომრჩეველი) მხოლოდ 39-ში იყო მიღწეული, 28 შემთხვევაში მოქალაქეთა დაბალი აქტივობის გამო რეფერენდუმი ბათილად გამოცხადდა.

ბოლო რეფერენდუმი 2022 წლის ივნისში გაიმართა მართლმსაჯულების საკითხზე. მაშინ ამომრჩეველთა აქტივობამ 20.9% შეადგინა და კვორუმის არარსებობის გამო რეფერენდუმი ძალადაკარგულად იქნა მიჩნეული.

იტალიის კონსტიტუციით, რეფერენდუმი იმართება იმ შემთხვევაში, თუ მასზე გასატან საკითხზე პეტიციას 500 ათასზე მეტი მოქალაქე მოაწერს ხელს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close