საფრანგეთი პარკებში, ავტობუსების გაჩერებებზე, პლაჟებსა და სხვა ღია სივრცეებში მოწევას კრძალავს – კანონდამრღვევი დაჯარიმდება

საფრანგეთის საზოგადოებრივ ადგილებში, პლაჟებზე, პარკებსა და ბაღებში, სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე, ავტობუსების გაჩერებებსა და სპორტულ ობიექტებთან თამბაქოს მოწევა იკრძალება.
ახალი რეგულაციები 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში და კანონდამრღვევი დაახლოებით 135 ევროთი დაჯარიმდება.
„სადაც ბავშვები არიან, თამბაქო უნდა გაქრეს“, – თქვა ქვეყნის შრომის, ჯანდაცვის, სოლიდარობისა და ოჯახის მინისტრმა კატრინ ვოტრენმა „უესტ ფრანსთან“ ინტერვიუში და დასძინა, რომ მოწევის თავისუფლება „მთავრდება იქ, სადაც იწყება ბავშვების უფლება, ისუნთქონ სუფთა ჰაერი“.
18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სიგარეტის მოწევის აკრძალვის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ, თუმცა მინისტრის ამბობს, რომ „მომავალში არაფერს გამორიცხავს“.
ეს აკრძალვები არ ეხება ელექტრონულ სიგარეტს, აგრეთვე, კვლავ ნებადართული იქნება მოწევა კაფეების ტერასებზე.
საფრანგეთში სიკვდილის ყოველი 10 შემთხვევდან ერთი მოწევას უკავშირდება. მოწევა ყოველწიურად 75 000 ადამიანს კლავს, ანუ საშუალოდ 200 ადამიანს დღეში. ფილტვის კიბო ბევრი ადამიანის ტანჯვის მიზეზია. სიცოცხლეს ფასი არ აქვს, თუმცა კიბოს მკურნალობა წლიურად 150 მილიარდი ევრო ჯდება.
ახალი რეგულაციები ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უკვე მოქმედებს, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
ნანა ძნელაძე
კომენტარები