
სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც „ესოშეიტედ პრესმა“ გადაიღო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვიეტნამში ვიზიტის დროს.
ვიდეოში ჩანს თვითმფრინავის კარის გახსნის მომენტი და ტრამპზე ჩამოსასვლელად გამზადებული ემანუელ მაკრონი, რომლის ნიკაპსაც ენერგიულად ეხება ხელი. მაკრონი წამით ყოვნდება, მაგრამ მალევე ერკვევა, იღიმება და დამხვედრებს ხელის აწევით ესალმება, კადრიდან მცირე ხნით გადის – თვითმფრინავის სალონში მარჯვენა მხარეს შედის, რომელი მხრიდანაც იყო „თავდასხმა“.. შემდეგ კი კვლავ ჩანს, როგორ ჩამოდის იგი ტრაპზე უკვე მეუღლესთან, ბრიჯიტ მაკრონთან ერთად.
კიდევ ერთი მცირე ინციდენტი მოხდა ტრაპზე, როცა მაკრონის მეუღლემ მას ხელი არ ჩაჰკიდა, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ტრაპიდან ჩამოსვლისას.
ეს კადრები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. თავდაპირველად ელისეს სასახლეში ვიდეოს ავთენტიკურობა უარყვეს, თუმცა შემდეგ დაადასტურეს, რომ კადრები ნამდვილია.
მოგვიანებით საფრანგეთის პრეზიდენტმა უარყო ბრიჯიტ მაკრონთან რაიმე „ოჯახური სცენა“ და თქვა, რომ ის და მისი მეუღლე, უბრალოდ „ხუმრობდნენ“. მაკრონმა ბრიჯიტზე 2007 წელს იქორწინა ლიცეუმში გაცნობიდან 15 წლის შემდეგ, სადაც იგი მოსწავლე იყო, მისი მომავალი მეუღლე კი – ლიტერატურის მასწავლებელი,
„მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით, რაც ხშირია. იყვნენ ადამიანები, რომლებიც სამი კვირის განმავლობაში ვიდეოს უყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ მე კოკაინის პაკეტი მქონდა. შემდეგ ბჭობდნენ ჩემი და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის დროს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევის ეპიზოდზე და ახლა ჩემს მეუღლესთან ჩხუბზე საუბრობენ. … ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება […] ამიტომ ყველა უნდა დამშვიდდეს“, – განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჰანოიში ჟურნალისტებს ინციდენტის კომენტირებისას.
ნანა ძნელაძე
კომენტარები