აპირებენ თუ არა იტალია და ესპანეთი 50 ევროს ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევიდან ამოღებას?

ბოლო კვირების განმავლობაში ინტერნეტში საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ესპანეთი და იტალია 50 ევროს ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევიდან ამოღებას აპირებდა. ამ ინფორმაციამ ინტერნეტი ააფეთქა. ათასობით მოქალაქე შიშობს, რომ თავისი ნაღდი ფულის გამოყენებას ვერ შეძლებს.
ეს ვნებათაღელვა კი ესპანური გამოცემის ერთ-ერთმა სტატიამ გამოიწვია, რომელშიც ნათქვამია, რომ ბანკნოტის დღეები დათვლილია, გადაწყვეტილება მიღებულია და „უკან დასახევი გზა აღარ არის“.
სტატია მალე წაიშალა, თუმცა პანიკა დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ბანკმა ოფიციალურად უარყო ჭორები. ბანკის განცხადებაში ნათქვამია:
- მიმოქცევიდან არცერთი ბანკნოტი არ ამოიღება.
- ყველა ნომინალი ძალაში რჩება და ინარჩუნებს თავის ღირებულებას.
- დაზიანებული ბანკნოტების ახალში გაცვლა შესაძლებელია ნომინალის დაკარგვის გარეშე.
მსგავსი ცრუ განცხადებები გავრცელდა იტალიაშიც, თითქოს ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) აკრძალავს 50 ევროს ნომინალის კუპიურებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
თუმცა იტალიელმა ვერიფიკატორებმა მალე უარყვეს ეს ჭორები და განაცხადეს, რომ არც ევროპის ცენტრალურ ბანკს და არც იტალიის ბანკს ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია.
საიდან გაჩნდა დეზინფორმაცია?
დაბნეულობა, სავარაუდოდ, გავრცელებული პრაქტიკიდან გამომდინარეობდა: ესპანეთის ბანკი რეგულარულად ამოწმებს მიმოქცევაში დაბრუნებული ბანკნოტების ხარისხს. გაცვეთილი ეგზემპლარები ახლით იცვლება, სტანდარტის შესაბამისი კი ისევ მიმოქცევაში ბრუნდება. ეს პროცედურა ვრცელდება ყველა ნომინალის კუპიურაზე და არა მხოლოდ 50 ევროზე.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ასევე დაადასტურა, რომ ევროზონის არცერთ ცენტრალურ ბანკს არ მიუღია გადაწყვეტილება ბანკნოტების აკრძალვის თაობაზე. ევროს ყველა ბანკნოტი კანონიერ გადახდის საშუალებას წარმოადგენს.
ბანკნოტების შეცვლის მიზეზები
ექსპერტების აზრით, ნაღდი ფულის განახლება ყალბი ფულისგან დაცვის ნორმალური პრაქტიკაა. 50 ევროს ნომინალის ბანკნოტები თაღლითებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველია მათი პოპულარობისა და შენახვის შემთხვევაში კომპაქტურობის გამო.
როგორც კარდიფის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის პროფესორი განმარტავს, დაზიანებული კუპიურების ნამდვილობის ამოცნობა უფრო რთულია და ხშირად იწვევს პრობლემებს აპარატებსა და ტერმინალებში.
რა შუაშია ციფრული ევრო?
ბანკნოტების აკრძალვის შესახებ გავრცელებული ჭორები ხშირად დაკავშირებულია იმ თეორიასთან, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, სავარაუდოდ, ნაღდ ფულს სრულად ჩაანაცვლებს ციფრული ვალუტა, თუმცა ევროპის ცენტრალური ბანკი ხაზს უსვამს, რომ ციფრული ევრო ნაღდი ფულის დამატებაა და არა – მისი შემცვლელი.
ასე რომ, ყველა ევროს ბანკნოტი, მათ შორის, 50 ევროს ნომინალი, მიმოქცევაში რჩება. ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს. გირჩევთ, ენდოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს და თავი აარიდოთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციას!
მანანა ბანძელაძე
p. s. ყალბი და დაზიანებული ბანკნოტები: რას ამბობს ევროპული კანონმდებლობა
ევროპული კანონმდებლობის (EC Regulation No. 1338/2001) თანახმად, ცენტრალურმა ბანკებმა შეიძლება უარი თქვან განზრახ ან საეჭვოდ დაზიანებული ბანკნოტების მიღებაზე.
თუმცა თუ დაზიანება შემთხვევითია (მაგ., სარეცხ მანქანაში გარეცხვა, გახევა), მფლობელს შეუძლია მოითხოვოს მისი შეცვლა იმ პირობით, რომ ბანკნოტის მინიმუმ 50% შენახულია და დაზიანების წარმოშობა გარკვევით იქნება ახსნილი.
სამაგიეროდ, მოვაჭრეებს, განსაკუთრებით ესპანელ მოვაჭრეებს, სთავაზობენ ავტომატური წამკითხველების განახლებას საეჭვო ბანკნოტების ამოსაცნობად, მოლარეების მომზადებას „დალაქავებული“ ბანკნოტების სწრაფად ამოსაცნობად, ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და საეჭვო შემთხვევების ან თაღლითობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
იტალიაში 50 ევროს ნომინალის ბანკნოტები, მათ შორის, პირველი სერიისა (2002–2017), ძალაში რჩება. იტალიის ბანკში ან სხვა უფლებამოსილ საბანკო დაწესებულებებში უფასოდ არის შესაძლებელი ოდნავ დაზიანებული ბანკნოტების გაცვლაც კი.
ოფიციალური სიახლეების მისაღებად და საეჭვო ინფორმაციების ნამდვილობის გადასამოწმებლად, სასურველია, ყოველთვის ეწვიოთ Banco de España-ს, Banca d’Italia-ს ან ევროპის ცენტრალური ბანკის ვებსაიტებს.
კომენტარები