ვიდეომსოფლიოხელოვნება

ევროვიზიის წლევანდელი გამარჯვებული ავსტრია გახდა (ვიდეო)

საქართველოდან ჟიურიმ მაქსიმალური, 12 ქულა იტალიას მიანიჭა

ევროვიზიის სიმღერის რიგით 69-ე კონკურსის გამარჯვებული წელს ავსტრიის წარმომადგენელი, 25 წლის იოჰანეს პიტჩი გახდა, მუსიკალური ფსევდონიმით JJ. მის მიერ კონკურსზე შესრულებულმა საოპერო ბალადამ Wasted Love გრან ფინალში მაყურებლისგან და ჟიურისგან საერთო ჯამში 436 ქულა მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა. შესაბამისად, ევროვიზიის საიუბილეო 70-ე ფესტივალს გაისად ავსტრია უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ჟიურის ავსტრიის წარმომადგენლისთვის ქულა არ მიუნიჭებია.

საქართველოს ევროვიზია 2025-ზე მარიამ შენგელია წარადგენდა სიმღერით Freedom, მარიამი მეორე ნახევარფინალში გამოვიდა მეათე ნომრით, თუმცა ფინალში ვერ გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალიდან მომღერლების ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებლისგან მიღებული ხმები წყვეტდა, ფინალში კი მაყურებლის ხმები და ჟიურის შეფასებები დაჯამდა.

ევროვიზია 2025-ის ფინალში 26 ქვეყნის წარმომადგენელმა გააგრძელა ბრძოლა გამარჯვებისთვის, ეს ქვეყნებია: ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ისლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, სან-მარინო და ალბანეთი.

ბუკმეკერები მთავარი ფავორიტად შვედეთს მიიჩნევდნენ, მეორე ადგილზე იყო ავსტრია. საბოლოოდ გამარჯვებული ავსტრია გახდა, შვედეთმა კი მეოთხე ადგილი დაიკავა 321 ქულით – ფინურმა ჯგუფმა KAJ -მა, რომელიც შვედეთს წარმოადგენდა, შეასრულა მხიარული სიმღერა Bara bada basru („მოდი, უბრალოდ საუნაში წადი“). მეორე ადგილზე გავიდა ისრაელის წარმომადგენელი იუვალ რაფაელი სიმღერით New Day Will Rise და 357 ქულა დაიმსახურა, მესამეზე – ესტონეთის წარმომადგენელი ტომი კეში (Espresso Macchiato) 356 ქულით. იტალია კი, რომელსაც საქართველოსგან ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა ერგო, მე-5 ადგილს დასჯერდა.

ათეულში მოხვდნენ, აგრეთვე: საბერძნეთი, საფრანგეთი, ალბანეთი, უკრაინა და შვეიცარია.

ცნობისათვის, ავსტრიამ ბოლოს 2014 წელს მოიგო ევროვიზიის კონკურსი კონჩიტა ვურსტის ჰიტით Rise Like a Phoenix.

ავსტრიას სულ სამჯერ აქვს მოგებული ევროვიზია – პირველად 1966 წელს ლუქსემბურგში, უდო იურგენსის სიმღერით Merci, Chérie.

ნინო ხოშტარია

მოუსმინეთ გამარჯვებულ სიმღერას:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close