
ესპანეთსა და პორტუგალიაში 28 აპრილს, შუადღიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ეს ამ ქვეყნების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ენერგოკოლაფსია. ელექტროენერგია საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილშიც გაითიშა, თუმცა მოგვიანებით მისი მიწოდება აღდგა. გავრცელებული ცნობებით, პრობლემა ევროპის ელექტროქსელს უკავშირდება.
„ბიბისის“ ცნობით, მადრიდის ქუჩებში გაითიშა შუქნიშნები, რამაც სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. მადრიდის ბარახასის საერთაშორისო აეროპორტი და ლისაბონის უმბერტო დელგადოს აეროპორტი დაიკეტა. გაუქმდა ასობით ავიარეისი. ესპანეთისა და პორტუგალიის დედაქალაქებში გაჩერდა რკინიგზა, ასევე, ადგილობრივი მეტროპოლიტენები. გვირაბებში გაჩერებული მატარებლებიდან განხორციელდა მგზავრთა ევაკუაცია.
Gran parte del paseo de Gràcia #Barcelona a oscuras por el #apagonespana #apagón pic.twitter.com/9ZRCL5wcOo
— Alfonso Congostrina (@alfcongostrina) April 28, 2025
ელექტროენერგიის შეწყვეტამ მნიშვნელოვნად შეაფერხა სამედიცინო დაწესებულებების მუშაობა, ზოგიერთ მათგანს წყლის მიწოდებაც შეუწყდა. გადაუდებელი ოპერაციებისთვის ელექტროენერგია საავადმყოფოების უმრავლესობას სპეციალური გენერატორებით მიეწოდება.
მას შემდეგ, რაც ელექტრომომარაგების მიწოდება შეწყდა, ორი ქვეყნის მოსახლეობას მობილური კავშირის პრობლემაც შეექმნა.
პორტუგალიის ენერგეტიკულ კომპანიაში განაცხადეს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი შესაძლოა, ესპანეთის ელექტროქსელში არსებულ გაუმართაობას უკავშირდებოდეს, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდების სრულ აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება.
კერძოდ, პორტუგალიის ენერგეტიკულ კომპანიაში განმარტეს, რომ მაღალი ძაბვის ხაზების დაზიანება შესაძლოა, „ესპანეთის შიდა ტერიტორიაზე ტემპერატურის ექსტრემალურ ცვლილებებს უკავშირდებოდეს“. მათივე თქმით, ეს ფენომენი ცნობილია, როგორც „ინდუცირებული ატმოსფერული ვიბრაცია“.
22:00 საათისთვის, 9-საათიანი გათიშვის შემდეგ, ლისაბონში ენერგომიწოდება აღდგა.
„ელ პაისის“ ცნობით, საღამოს 9 საათისთვის ესპანეთში აღდგენილი იყო ენერგომიწოდების 35%. ესპანეთის ელექტროკომპანია „რედ ელექტრიკაში“ (Red Eléctrica) აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების სრულ აღდგენამდე რამდენიმე საათი დარჩა. 21:30 სთ-ზე პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მეორედ გამოჩნდა მოსახლეობის წინაშე. პირველად სანჩესი 18:00 საათზე გამოვიდა განცხადებით და თქვა, რომ მიზეზებს იკვლევენ და „უმჯობესია ვარაუდებისგან თავის შეკავება“. მან მოსახლეობას მიმართა, მობილური ტელეფონები მხოლოდ მოკლე ზარებისთვის გამოიყენონ და საგანგებო სამსახურების გადატვირთვას მოერიდონ.
ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობა გავრცელდება იმ რეგიონებზე, რომლებიც ამას თავად მოითხოვენ. „ბიბისის“ ცნობით, ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოითხოვეს მადრიდმა, ანდალუსიამ და ექსტრემადურამ.
ნანა ძნელაძე
კომენტარები