ვარშავაში საქართველოს მოქალაქეების სისხლიან დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა
საქართველოს 3 მოქალაქე დაიჭრა, მათგან ერთი - 31 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, 3 მოქალაქე პოლიციამ დააკავა

21 თებერვლის შუაღამის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე ვარშავის პოლიციაში შეტყობინება შევიდა ჩხუბის თაობაზე კონსტიტუციის მოედანზე მდებარე ერთ-ერთი რესტორნის წინ. ვარშავის საპოლიციო პატრული ინციდენტის ადგილზე სწრაფად მივიდა.
წინასწარი ინფორმაციით, დანებით ჩხუბის დროს დაიჭრა 3 ქართველი, მათგან ერთი – 31 წლის მამაკაცი, გულის არეში მიყენებული ჭრილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო და, სამწუხაროდ, ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. კიდევ 2 დაჭრილი საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ.
როგორც Polskiemu Radiu იუწყება, ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს 3 მოქალაქე, ვარშავის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
როგორც ინციდენტის მოწმეები ამბობენ, კონფლიქტი ვარშავის კონსტიტუციის მოედანზე მდებარე ქართულ რესტორანში დაიწყო და მოგვიანებით ქუჩაში გაგრძელდა. ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება კრიმინალურ გარჩევას, რომელშიც ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები მონაწილეობდნენ.
ნანა ძნელაძე
კომენტარები