რას წერს „ბიბისი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე გადადების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის ფონზე ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს, გადადგეს მანამ, სანამ ლეგიტიმური პარლამენტი არ იქნება. თბილისის ცენტრში მესამე დღეა დემონსტრაციები მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ხუთშაბათს და პარასკევს ხალხი ძალის გამოყენებით დაშალა.
რუსთაველის ცენტრალური გამზირი და პარლამენტის წინ მოედანი სავსეა აქციის მონაწილეებით, მათი რიცხვი რამდენიმე ათეულ ათასობით ადამიანს შეადგენს. ამასთან, აქციის მონაწილეთა რიცხვი დღითიდღე მატულობს, რადგან ასე რეაგირებს ხალხი პოლიციის ძალადობაზე.
ამავდროულად, შაბათს საქართველოს მთავრობამ მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს ქმედებებისთვის და „რადიკალები და მათი უცხოელი ბატონები“ ქვეყანაში არეულობის გამოწვევასა და „საქართველოს უკრაინიზაციაში“ დაადანაშაულა.
ზურაბიშვილი: მე თქვენთან ვრჩები
შაბათ საღამოს ზურაბიშვილი ტელემიმართვით გამოვიდა და თქვა, რომ რამდენადაც ქვეყანაში არ არის ლეგიტიმური პარლამენტი, მას არ შეუძლია უფლებამოსილება გადასცეს ახალ პრეზიდენტს, რომელიც დეპუტატებმა უნდა აირჩიონ.
ისევე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ზურაბიშვილი არ აღიარებს ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.
ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ ახალ პარლამენტს და მთავრობას არჩევნების მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებენ. ხელისუფლება კი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ხმის მიცემა ყველა დემოკრატიული პროცედურის დაცვით ჩატარდა.
„ლეგიტიმური პარლამენტი არ არის და, შესაბამისად, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ შეძლებს ახალი პრეზიდენტის არჩევას. ამრიგად, არანაირი ინაუგურაცია არ შეიძლება იყოს. და ჩემი მანდატი გრძელდება, სანამ არ იქნება ფორმირებული ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი. მაგრამ მე თქვენთა ვარ, თქვენთან ვრჩები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველო – საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტს ნომინალური უფლებამოსილებები აქვს.
ზურაბიშვილმა 2018 წელს საყოველთაო-სახალხო არჩევნებში გაიმარჯვა (იგი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, თუმცა გამარჯვებას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით მიაღწია – nostal.ge), მაგრამ საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის არჩევნები პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ბოლო შემთხვევა უნდა იყოს.
მიმდინარე წლის დეკემბერში პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ამომრჩეველთა 300-კაციანმა კოლეგიამ, რომლის ნახევარი პარლამენტის დეპუტატებისგან უნდა იყოს შემდგარი, ნახევარი – რეგიონების წარმომადგენლებისგან.
სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაუჭირა მასობრივ გამოსვლებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე გადადების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ხუთშაბათს იგი თბილისის ცენტრში დემონსტრანტებს შეუერთდა.
რა ხდებოდა შაბათს
30 მაისს დაგეგმილი იყო ერთდროულად 3 აქცია: მათგან პირველი – 100-ობით ადამიანის მონაწილეობით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გაიმართა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. შეკრებილებთან გამოვიდნენ არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე. მათ აქტივისტებს შესთავაზეს, შაბათს საღამოს პირდაპირ ეთერში მიეღოთ მონაწილეობა.
კიდევ ორი აქცია რუსთაველის მოედანზე პარლამენტის შენობასთან და მთავრობის მიმდებარედ მიმდინარეობს.
თბილისის ცენტრში, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია. თავად პარლამენტის შენობის განათება გამორთულია. ერთ-ერთ გვერდით ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. შენობის უკანა მხარეს არის პოლიციის კორდონიც.
აქციის დროს ისმის სასტვენები და ვუვუზელები, ასევე ისმის პარლამენტის შესასვლელის დამცავ ლითონის ფარებზე დარტყმების ხმა. შენობის წინ მოედანი და რუსთაველის ცენტრალური გამზირი გაივსო, ბევრმა მისულმა მხრებზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მოიხურა.
მომიტინგეების ნაწილმა ფეიერვერკები ისროლა.
შაბათ საღამოს აქციის მონაწილეებმა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფიგურა დაწვეს.
მცირე ხანძარი პარლამენტის შენობაშიც გაჩნდა, რომელიც შესაძლოა ფეიერვერკმა გამოიწვია.
გარდა ამისა, შეტაკებები დაიწყო პარლამენტის მიმდებარე ქუჩებში, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.
კვირას ღამით პარლამენტის შენობასთან ათიათასობით ადამიანი დარჩა, პარლამენტთან ბარიკადებიც გაჩნდა.
როგორც წინა დღეებში, პოლიციამ დაბლოკა მთავრობისა და პარლამენტის შენობები. ამ დროისთვის დაკავებულების შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.
პროტესტი თბილისში სპონტანურად დაიწყო ხუთშაბათს, მალევე მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ხელმეორედ დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 2028 წლამდე ყინავს და ამ ვადით ყინავს ევროკავშირთან ყველა ერთობლივ პროგრამას (კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობა 2028 წლამდე უარს ამბობს ევროკავშირისგან ყოველგვარი საბიუჯეტო გრანტების მიღებაზე – nostal.ge).
ამასთან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას მოსახლეობის 70-80% უჭერს მხარს.
ხუთშაბათს და პარასკევს აქციის დარბევისას პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები – წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი.
კობახიძემ ძალოვან უწყებებს მადლობა გადაუხადა აქციის დაშლისთვის
შაბათს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთლიანად მხარი დაუჭირა ძალოვნებს.
„მინდა მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა მინისტრს [ვახტანგ გომელაური] და თითოეულ პოლიციელს იმისათვის, რომ მათ გუშინ თავიდან აგვაცილეს ქვეყნის საკონსტიტუციო წყობაზე თავდასხმა და დადგნენ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარეს“, – თქვა მან.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პოლიციის ზოგიერთი თანამშრომლის მოქმედება პარასკევს განსაკუთრებული სისასტიკით იყო გამორჩეული. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი პოლიციელი ფეხით თავში ასფალტზე მწოლიარე ადამიანს.
თუმცა კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერით „ცდილობს მოიგონოს მიზეზები ქვეყანაში არეულობების მოსაწყობად და საქართველოს უკრაინიზაციისთვის“.
„მათ ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ 2013 წლის უკრაინისგან განსხვავებით საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით და, რაც ყველაზე მთავარია, გამოცდილი და ბრძენი ხალხით, რომლის სიმტკიცეს ვერავინ შეარყევს. საქართველოში „მაიდნის“ სცენარი არ გავა“, – თქვა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
საქართველოს „პირველმა არხმა“, აგრეთვე, გაავრცელა ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ „ადამიანთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ მოაწყონ პროვოკაციები, რომლებიც მიმართულია დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებისკენ“.
უსაფრთხოების სამსახური აპირებს, ამ ფარგლებში გამოიძიოს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის საქმეები. მასში ეჭვმიტანილები და ბრალდებულები ჯერჯერობით არ არიან.
წყარო: BBC
თარგმნა ნანა ძნელაძემ
კომენტარები