მიგრაციასაზოგადოებასაბერძნეთი

ბერძნები ემიგრაციიდან სამშობლოში ბრუნდებიან – რა შეიცვალა?

რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის ვიცე-პრემიერმა და მთავრობის სპიკერმა პავლოს მარინაკისმა ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას კმაყოფილებით აღნიშნა, რომ კრიზისის დროს გაქცეული ახალგაზრდა და პროდუქტიული მოქალაქეები ქვეყანაში ბრუნდებიან, რაც მიცოტაკისის მთავრობის ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა.

მარინაკისმა ისაუბრა დოკუმენტირების ეროვნული ცენტრის ახალ გამოკითხვაზე, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც კრიზისის დროს საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და ბოლო წლებში საბერძნეთში დაბრუნდნენ.

ევროსტატის მონაცემების თანახმად, რომელიც საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის მარტში გამოაქვეყნა, ქვეყნიდან წასული 680 ათასი ადამიანიდან 350 ათასზე მეტი დაბრუნდა, რაც ნახევარზე მეტია.

გამოკითხვის შედეგებით, სამშობლოში დაბრუნებული ბერძნების 46% ახლა ბერძნულ კომპანიებში, ორგანიზაციებსა თუ მომსახურების სფეროში მუშაობს. ტრანსნაციონალურ კორპორაციებში დასაქმებულებსა და ქვეყანაში მომუშავე თვითდასაქმებულებს შორის ეს მაჩვეენებელი 83%-ს აღწევს. „ფაქტობრივად, მათი 7% დისტანციურად მუშაობს უცხოეთში ბაზირებულ კომპანიებში ან ორგანიზაციებში, რაც საბერძნეთის ეკონომიკას სხვა გზით უწყობს ხელს, რაც წარსულში არ იყო გავრცელებული“, – თქვა მან.

გარდა ამისა, მაღალია დაბრუნებული ბერძნების საშუალო ხელფასიც: კვლევის თანახმად, რეპატრიანტთა საშუალო ხელფასი თვეში 2370 ევროა, მხოლოდ 22% იღებს ხელფასს თვეში 1000 ევრომდე. ბერძნების დაბრუნების რეკორდული წელი იყო 2020 წელი, როდესაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რეპატრიაციის „ტალღა“ დაფიქსირდა, შემდეგი დიდი „ტალღა“ კი იყო 2022 წელს.

კითხვაზე, რამდენად ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს და ხედავენ თუ არა საბერძნეთს თავიანთ „საცხოვრებელ“ ადგილად, დაბრუნებულთა უმეტესობა დადებითად პასუხობს.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს (დაბრუნება) შემთხვევითი არ არის არამედ „ნეა დიმოკრატიის“ მთავრობის მიერ 2019 წლიდან განხორციელებული რეფორმებისა და გადასახადების შემცირებების შედეგია. რეფორმებს შორისაა საჯარო სექტორის მოდერნიზაცია, სახელმწიფოს გაციფრულება, ხელფასების გაზრდა, 60-ზე მეტი საგადასახადო განაკვეთის შემცირება, ინვესტიციების მოზიდვა, ბიზნეს და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და საინვესტიციო დონეზე გასვლა. შედეგად, საბერძნეთმა დააფიქსირა სახელფასო განაკვეთების ყველაზე მაღალი ზრდა ევროპაში, ისევე როგორც სახელმწიფო ვალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემცირება მსოფლიოში.

შეიქმნა 500 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი, რამაც გამოიწვია უმუშევრობის შემცირება ერთნიშნა პროცენტამდე და კრიზისამდელ დონეს მიაღწია. 24 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა 20%-მდე შემცირდა (2019 წლის 36,5%-იდან).

მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი: პოლიტიკური სტაბილურობის კლიმატის ხელშეწყობა, ალბათ, მთავრობის ყველაზე დიდი წვლილია ხელსაყრელი ბიზნეს და სამუშაო გარემოს შექმნაში.

მარინაკისის თქმით, მთავრობა გააგრძელებს ახალი თაობის წარმომადგენელთა მხარდაჭერას მათთვის  უფრო მეტი შესაძლებლობისა და პერსპექტივის შესაქმნელად: როგორც მათ მხარდაჭერას, ვინც ემიგრაციიდან დაბრუნდა, ისე მათ მხარდაჭერას, ვინც მიიღო რთული გადაწყვეტილება, დარჩენილიყო საბერძნეთში კრიზისის წლებში.

ეს, რაც შეეხება მთავრობის მიერ დახატულ სურათს. ახლა ვნახოთ, რას გვეუბნება დოკუმენტაციის ნაციონალური ცენტრის (EKT) მიერ ჩატარებული კვლევა Brain Gain.

კვლევის თანახმად, პირადი და ოჯახური მიზეზები იყო მთავარი ფაქტორები, რომლებმაც ემიგრანტი ბერძნები, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის დროს საზღვარგარეთ დასახლდნენ, სამშობლოში დააბრუნა.

ბევრისთვის რეპატრიაციის სტიმული გახდა ქვეყნის პოზიტიური განვითარება, კითხვაზე: „რა დაეხმარებოდა უცხოეთიდან მეტი ბერძენის დაბრუნებას?“ – 79%-მა უპასუხა „ინსტიტუციების უკეთ ფუნქციონირება“ და 78%-მა – „სტრუქტურების და სახელმწიფო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოდერნიზაცია“.

ECB-ის (ევროპის ცენტრალური ბანკი) თანახმად, კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნაა საბერძნეთის ეკონომიკისთვის სარგებელი კვალიფიციური თანამშრომლების დაბრუნებით, რადგან უფრო მაღალი პროცენტი (ოთხიდან სამი) აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მიღებულმა სამუშაო გამოცდილებამ ისინი უფრო კონკურენტუნარიანი გახადა და უცხოეთში შეძენილ ცოდნასა და უნარებს საბერძნეთში ამჟამინდელ სამუშაოზე იყენებენ.

Brain Gain: საზღვარგარეთ მუშაობის ღირებული გამოცდილება

რესპონდენტთა უმეტესობა საზღვარგარეთ საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისის დროს (2010-2012 წლები) წავიდა. ბერძენი ემიგრანტების დანიშნულების ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზე გერმანიაა (25%), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (16%) და ნიდერლანდები (8%).

საზღვარგარეთ წასვლის ძირითადი მიზეზები იყო ეკონომიკური და პროფესიული (89%), ხოლო მხოლოდ 10% – პირადი და ოჯახური. რესპონდენტთა უმრავლესობა (81%), რომლებმაც საზღვარგარეთ ცხოვრება და მუშაობა გადაწყვიტეს, საბერძნეთში ცხოვრობს და მხოლოდ 17%-მა გადაწყვიტა დარჩენა საზღვარგარეთ, სადაც სწავლობდა.

დასაქმებულთა 60% კერძო სექტორში მუშაობს, 11% – საჯარო სექტორში. 13% ამბობს, რომ თვითდასაქმებულია, ხოლო 3% – ბიზნესის მფლობელი. დასაქმებულთა 58%-ის ყოველთვიური შემოსავალი 3000 ევროზე მეტი (BRUTTO), რაც განპირობებულია ცხოვრების ღირებულების განსხვავებით. უმრავლესობამ (73%) განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილებამ ისინი უფრო კონკურენტუნარიანი გახადა და ამ პერიოდში შეძენილ ცოდნას და უნარებს ამჟამინდელ სამუშაოზე იყენებენ (74%).

საბერძნეთში დაბრუნების გადაწყვეტილება

საბერძნეთში დაბრუნების (Brain Gain – ტვინების მომატება) ტენდენცია დაიწყო და საგრძნობლად გაიზარდა 2019 წლის შემდეგ. საინტერესოა, რომ საგადასახადო შეღავათები, რომლებიც მიმართული იყო კონკრეტულად ბერძენი რეპატრიანტებისთვის, დაბრუნების მნიშვნელოვანი მიზეზი არ ყოფილა (84%-მა არ ისარგებლა ამ შეღავათებით). 67,6%-ს, ვინც საბერძნეთში დაბრუნება გადაწყვიტა, ჰყავს ოჯახი. ასევე, გამოკითხულთა 52%-ს ჰყავს შვილი.

პროფესიული სტატუსის მხრივ, 50% მუშაობს კერძო სექტორში, 26% მეწარმეა (21% ფრილანსერი და 5% ბიზნესის მფლობელი), ხოლო მხოლოდ 11% მუშაობს საჯარო სექტორში.

როგორც ჩანს, ემიგრანტების დაბრუნებამ მთლიანობაში საბერძნეთის ეკონომიკა გააძლიერა, რაც ხელს უწყობს შემდგომ ზრდას. დაბრუნებულთა დასაქმების ძირითადი სფეროებია: მშენებლობა (11%), განათლება (10%), ახალი ტექნოლოგიები – საინფორმაციო ტექნოლოგიები (10%), საკონსულტაციო მომსახურება (7%), ჯანდაცვა (7%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (6%), ტურიზმი (6%).

მომუშავეთა უმრავლესობა (46%) დასაქმებულია ბერძნულ ბიზნესსა და ორგანიზაციებში, ხოლო 21% საკუთარ თავს აღწერს როგორც „თვითდასაქმებულს/თავისუფალ მუშაკს“ (ე. წ. ფრილანსერი). 7% მუშაობს დისტანციურად უცხოეთში არსებულ კომპანიაში/ორგანიზაციაში.

რაც შეეხება საბერძნეთში მათ ყოველთვიურ შემოსავალს, 44% იღებს 1500 ევროზე მეტს  (გადასახადების ჩათვლით – ბრუტო), 27% – 1501-დან 3000 ევრომდე, 17% – 3001 ევროდან და ზემოთ.

მაგრამ…

კვლევის შედეგების მიხედვით, საბერძნეთი გამოკითხულთა 55%-მა შეაფასა, როგორც „საცხოვრებლად კარგი ადგილი“, რაც ასევე ხაზგასმულია საბერძნეთის ინდივიდუალური მახასიათებლების შეფასებისას, სადაც ცხოვრების ხარისხთან დაკავშირებით დადებითი მოსაზრება 56%-მა გამოთქვა.

კითხვაზე „რა შეუწყობდა ხელს მეტი ბერძენის დაბრუნებას საზღვარგარეთიდან?” – 79%-მა უპასუხა „ინსტიტუციების უკეთ ფუნქციონირება“ (ძალიან ბევრი და საკმაოდ ბევრი) და 78%-მა -„სახელმწიფო სტრუქტურებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოდერნიზაცია“.

სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით, 51% გამოხატავს ოპტიმიზმს მომავლის მიმართ (პასუხები: ნამდვილად ან სავარაუდოდ) და უმრავლესობა (49% – ნამდვილად ან სავარაუდოდ) წაახალისებს საზღვარგარეთ მომუშავე მეგობარს ან ნათესავს საბერძნეთში დასაბრუნებლად

Brain Gain-ის კვლევის იდენტურობა

ოქტომბერში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობდა 602 მოქალაქე ქვეყნის 13 რეგიონიდან, რომლებიც 2010-2019 წლებში საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, ახლა კი საბერძნეთში დაბრუნდნენ მუდმივად საცხოვრებლად და სამუშაოდ.

მონაცემები შეგროვდა Kapa Research-თან თანამშრომლობით სატელეფონო და ონლაინ ინტერვიუების მეშვეობით. გამოკითხვაში მონაწილე რეპატრიანტთა უმრავლესობა მამაკაცია (72%), 35-54 წლის (71%), მაღალკვალიფიციური პროფესიონალები (79%-ს აქვს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) და სწავლობდა საბერძნეთში (87%, სრულად ან ნაწილობრივ).

ასეთია მთავრობის მიერ დახატული სურათი და კვლევის მონაცემები, თუმცა ოპონენტები სხვა აზრის არიან – მათი თქმით, ბერძნები სამშობლოში ბრუნდებიან არა იმიტომ, რომ საბერძნეთში გაუმჯობესდა სიტუაცია, არამედ იმიტომ, რომ სხვაგან გაუარესდა.

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე: საბერძნეთი ცდილობს, ემიგრანტები სამშობლოში დასაბრუნებლად აცდუნოს

დაკავშირებულ თემაზე: უკანასკნელი ბერძენი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close