მოგზაურობამსოფლიო

ევროკავშირმა უკვე მესამედ გადადო შენგენის ზონაში შესვლის ახალი სისტემის დანერგვა

ევროკავშირმა ე. წ. მესამე (არაწევრი) ქვეყნების მოქალაქეთა ბიომეტრიული კონტროლის ახალი სისტემის დანერგვა ისევ გადადო.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ სასაზღვრო კომპიუტერული სისტემები ჯერ მზად არ არის.

როგორც ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისიის ხელმძღვანელმა ილვა იოჰანსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, სისტემა არ ამუშავდება 10 ნოემბერს, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, ახალი გრაფიკი ჯერ არ არის, მაგრამ განიხილავენ ეტაპობრივი დანერგვის შესაძლებლობას.

ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემა (EES) მიზნად ისახავს ციფრული ჩანაწერის შექმნას, რომელიც სამგზავრო დოკუმენტს პიროვნების ბიომეტრიულ მონაცემებთან დააკავშირებს, რაც ევროკავშირის საზღვარზე პასპორტებში ხელით ბეჭდის დასმის საჭიროებას აღმოფხვრის.

ეს სისტემა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან, რომლებიც შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში შედიან, მოითხოვს თითის ანაბეჭდების რეგისტრაციას, სახის სკანირებას და მათი ევროკავშირში მოგზაურობის მიზნების დასახელებას.

EES-ის ამოქმედება 2022 წლისთვის იყო  დაგეგმილი, მაგრამ არაერთხელ ჩაიშალა ტექნიკური პრობლემებისა და შენგენის ზონის ყველა საერთაშორისო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვარზე ავტომატური ბარიერების დაყენების შეფერხების გამო.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლის ახალ წესებს 10 ნოემბრიდან შემოიღებდა. ახალი წესებით, პირველი შესვლისას მოქალაქეებს მოეთხოვებათ, წარადგინონ ბიომეტრიული მონაცემები: თითის ანაბეჭდები და სახის ფოტოები. მონაცემები სამი წლის განმავლობაში ინახება და ამ ხნის განმავლობაში მათი განმეორებით ჩაბარება საჭირო არ არის. ამ ზომების მიზანია საზღვრის კვეთის პროცედურის გამარტივება, ყალბი პასპორტების გამოყენების აღმოფხვრა და არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლა.

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: „ჭკვიანი“ საზღვრები – ვის ეხება და რას გულისხმობს შენგენის ზონაში შესვლის ახალი წესები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close