იტალიაკრიმინალი

იტალიაში სექსუალური მოძალადეებისა და პედოფილებისთვის ქიმიური კასტრაციის შემოღებაზე მსჯელობენ

იტალიაში, მმართველი კოალიციის პარტნიორის, ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგის“ წინადადებით, გადაწყდა ტექნიკური კომიტეტის შექმნა, რომელიც შეაფასებს ქიმიური კასტრაციის გამოყენებას, როგორც სასჯელს გაუპატიურებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.

იტალიური მედიის ცნობით,  პარლამენტის ზედა – წარმომადგენელთა პალატაში, უსაფრთხოების ახალი კანონპროექტის განხილვის ფარგლებში, პარტია „ლიგის“ დეპუტატმა იგორ იეციმ წამოაყენა წინადადება, შეიქმნას სპეციალური კომისია ან ტექნიკური კომიტეტი ქიმიური კასტრაციის შემოღების საკითხის შესასწავლად. ჯორჯა მელონის მთავრობას დაევალა, განიხილოს სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდადებული კრიმინალების წინააღმდეგ  ქიმიური კასტრაციის გამოყენების შესაძლებლობა.

მატეო სალვინი, ულტრამემარჯვენე „ლიგის“ ლიდერი, რომელიც დიდი ხანია, მხარს უჭერს ქიმიური კასტრირების შემოღებას, ამ გადაწყვეტილებას პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და ის საკუთარი პარტიის გამარჯვებად შეაფასა: „ლიგის“ გამარჯვება. პარლამენტმა დაამტკიცა სექსუალური დანაშაულებისთვის ქიმიური კასტრაციის შემფასებელი კომიტეტის შექმნა. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამართლიანობისა და საღი აზრისთვის ჩვენს ბრძოლაში ათწლეულების მანძილზე: ნულოვანი ტოლერანტობა მოძალადეებისა და პედოფილების მიმართ!“

თუმცა წინადადებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. დემოკრატიული პარტიის (PD) წევრმა სიმონა ბონაფემ განაცხადა, რომ ასეთი კომიტეტის შექმნა არაკონსტიტუციურია. გადაწყვეტილება სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც გააპროტესტეს, ისინი ამტკიცებენ, რომ მსგავსი ზომები არაკონსტიტუციურია.

ქიმიური კასტრაციის თემა იტალიაში მას შემდეგ გააქტიურდა ისევ, რაც გასულ წელს პალერმოსა და ნეაპოლში გახმაურებულმა მასობრივმა გაუპატიურებამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. Forza Italia (FI), იმდროინდელი მმართველი კოალიციის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი, ეწინააღმდეგებოდა ამ მეთოდს და მას „არაეფექტიან გადაწყვეტას“ უწოდებდა.

ქიმიური კასტრაცია არის ორგანიზმში სპეციალური სამედიცინო პრეპარატების შეყვანა, რომლებიც ლიბიდოს და სექსუალურ აქტივობას ამცირებს. ქირურგიულისგან განსხვავებით, ის არ არის სტერილიზაციის პროცედურა, თუმცა პრეპარატების მოქმედების უარყოფითი შედეგი შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნდეს.

სავალდებულო ქიმიური კასტრაცია დაშვებულია რუსეთსა და პოლონეთში, აგრეთვე, უკრაინაში და აშშ-ის ზოგიერთ შტატში კონკრეტული დანაშაულისთვის, მაგრამ ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რამდენად ეფექტიანია ეს ზომა განმეორებითი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: უკრაინის რადამ პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონი მიიღო

იტალიის პარლამენტის გადაწყვეტილება: პატიმრობა და ჯარიმა – პორნოს გავრცელებისთვის, ქიმიური კასტრაცია კი ამჯერად დღის წესრიგიდან მოიხსნა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close