არტისტი

„არ მეშინია… იქაც ვითამაშებ!“ – როგორ გადაურჩა ვერიკო ანჯაფარიძე ბერიას შურისძიებას

ძალიან ახალგაზრდა იყო ვერიკო ანჯაფარიძე, როდესაც მის ცხოვრებაში ასეთი ფაქტი მოხდა: თეატრი გასტროლებზე იყო აბასთუმანში. ვერიკოსთან ერთად ოთახში ახალგაზრდა ქალი ცხოვრობდა. ქვეყნის იმდროინდელმა ხელისუფალმა მას თვალი დაადგა და უთხრა, რომ იმ ღამეს გააბედნიერებდა – მასთან მივიდოდა. ახალგაზრდა ქალმა ვერიკოს სთხოვა, ღამით მარტო დაეტოვებინა. ვერიკო შეჰპირდა, რომ ასეც მოიქცეოდა, მაგრამ ოთახის დატოვების ნაცვლად საწოლის ქვეშ დაიმალა! ხელისუფალი მოვიდა და როდესაც სასიყვარულო თამაშმა კულმინაციას მიაღწია, ვერიკოს გაეცინა… ბერიამ იგი საწოლის ქვეშიდან გამოათრია…

მას შემდეგ მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის ოჯახში პატარა ფუთამ დაიდო ბინა. მაშინ ასეთი ფუთები თითქმის ყველა ოჯახში იყო – დღისით ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ: წერდნენ ლექსებს, მუსიკას, ხატავდნენ… ღამით კი შიშით ელოდებოდნენ კარზე ფრთხილ კაკუნს, მაშინ ამას ძალიან „ზრდილობიანად“ აკეთებდნენ – ადამიანები სახლიდან ჩუმად მიჰყავდათ და სამუდამოდ აქრობდნენ,

„მე არ მეშინია, – თავს ინუგეშებდა ვერიკო,  – ამბობენ, რომ ნორმალურ ბანაკებში საკუთარი თეატრებიც აქვთ, ჰოდა, იქაც ვითამაშებ… დიახაც, ვითამაშებ!“

ერთ მშვენიერ დღეს მათ სახლთან მანქანა გაჩერდა. კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. „თუ შეიძლება, კარი გააღეთ“, – მოისმა უცნობი ხმა. სახლში საოცარმა სიჩუმემ დაისადგურა. „მიშა, გააღე“, – უთხრა ვერიკომ მიშას და ფუთაში გრიმის კოლოფი ჩადო. კარი გაიღო და ზღურბლზე სტალინი გამოჩნდა, შემდეგ – ლენინი… ვერიკოს ისტერიკა დაემართა. „თქვე მათხოვრებო! მათხოვრებო!..“ – ყვიროდა მიშა. „ჩვენ მხოლოდ გრიმის ჩვენება გვინდოდა, ბატონო მიშა, გრიმის ჩვენება“, – თავს იმართლებდნენ მსახიობები: მიშა გოგოლაძე და მიუფკე (თავის დროზე გრიბოედოვის თეატრის მსახიობი), რომელიც ლენინს თამაშობდა. სწორედ მაშინ მიხეილ ჭიაურელი „დიად განთიადზე“ მუშაობდა და მსახიობებს ეძებდა. ცხადია, ყველაზე მთავარი იყო, სტალინისა და ლენინის როლებს ვინ ითამაშებდა.

მიხეილ ჭიაურელი შეყვარებული იყო სტალინზე და სტალინსაც უყვარდა მიშა (ჭიაურელების პირად არქივში ინახება სტალინის მიერ მიხეილ ჭიაურელისათვის ნაჩუქარი წიგნი წარწერით „ჩემს მეგობარს ჭიაურელს სოსოსაგან“). ვერიკოც მხოლოდ იმიტომ გადაურჩა გადასახლებას. „მიშა უკვე პირადად იცნობდა სტალინს და მაინც შეეშინდა ბერიას, – ვერ გარისკა, თორემ რაც დედამ გააკეთა, იქვე რატომ არ დახვრიტა, გასაკვირია… თეატრი უკან ბრუნდებოდა გასტროლიდან, როცა დედა მატარებლიდან ჩამოსვეს მცხეთაში და იმწუთასვე შეატყობინეს მამას, რომელიც მაშინ მოსკოვში იყო. მიშა, ცხადია, საქმეში ჩაერია და… დიდი ხნის შემდეგ მამა სტალინს შეეკითხა „თქვენ ხომ არ გითამაშიათ როლი ჩემი ოჯახის გადარჩენაში?“ სტალინს ჩაეცინა, რაც, თავისთავად, დასტურის ნიშანი იყო“, – გაიხსენა წლების წინათ ჩემთან ინტერვიუში ქალბატონმა სოფიკო ჭიაურელმა.

***

23 სექტემბერი (1900) ვერიკო ანჯაფარიძის დაბადების დღეა.

ქუთაისში, ნოტარიუსის ოჯახში დაბადებული გოგონა უდიდესი არტისტი გახდა.

„ვერიკო ანჯაფარიძის ხელოვნება დიდებულია და სადა, როგორც გაცოცხლებული ქართული ფრესკა“, – წერდა გიორგი ტოვსტონოგოვი. კოტე მარჯანიშვილი კი ვერიკოს მუსიკის იმ მელოდიას ადარებდა, რომელსაც რაც უფრო ხშირად ისმენ, მით უფრო გეძალება მოსმენის სურვილი.

 თამარ ოთიაშვილი

დაკავშირებულ თემაზე: სოფიკო ჭიაურელის „გამოუსწორებელი შეცდომა“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close