გურამ თუშიშვილი ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს რინერთან ინციდენტის გამო – რა შუაშია ზიდანი?
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100კგ) პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ტედი რინერთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. IJF-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თუშიშვილი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას 2025 წლის 25 თებერვლამდე ვერ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ რინერმა გამარჯვება დამცინავად გამოხატა, რამაც თუშიშვილი შეურაცხყო და ძიუდოისტებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
ტურნირის ორგანიზატორებმა ქართველი სპორტსმენი მაშინვე მოხსნეს შეჯიბრებიდან და მან რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსიც დაკარგა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სადისციპლინო კომიტეტის განაჩენამდე თუშიშვილს ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა. განაჩენი კი ასეთია, რომ 29 წლის ქართველი მძიმეწონოსანი 6 თვის განმავლობაში, 2025 წლის 25 თებერვლამდე ყველა შეჯიბრებას გამოტოვებს.
პარიზის ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ ტედი რინერი უკვე ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონია (3-ჯერ – ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 2012, 2016, 2024 წლებში, ორჯერ – გუნდურში 2020 და 2024 წლებში), გურამ თუშიშვილმა კი ბევრი კრიტიკა დაიმსახურა, მათ შორის, თანამემამულეებისგანაც.
სპორტში ასეთი ამბები იშვიათობა არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში მე პირადად ფრანგების კუმირის, ზინედინ ზიდანისა და იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური მცველის, მარკო მატერაცის შორის მომხდარი ინციდენტი გამახსენდა 2006 წლის 9 ივლისს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის 110-ე წუთზე, როდესაც ფრანგმა ფორვარდმა იტალიელ მეტოქეს გულმკერდში თავი დაარტყა და ძირს დააგდო.
შეხვედრის მსაჯმა ფრანგების კაპიტანი მოედნიდან გააძევა, მატჩი კი პენალტების სერიით იტალიელებმა მოიგეს. ზიდანმა მატერაცის პროვოკაციული ქმედება, უფრო სწორად, შეურაცხმყოფელი სიტყვები მისი დის მისამართით არ გადაყლაპა და ასე გასცა პასუხი. ეს რომ არა, შესაძლოა საფრანგეთი გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა ფრანგებმა ინციდენტთან დაკავშირებით თავიანთ კუმირს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მრავალი წლის შემდეგ მატერაციმ აღიარა, რომ სპეციალურად გამოიყვანა მდგომარეობიდან მეტოქე მისი დის შეურაცხყოფით. იტალიელი ფეხბურთელის თქმით, მას ფრანგების კაპიტნის მეურვეობა დაევალა და როცა მესამე შეტაკებისას ზიდანმა უთხრა, რომ მატჩის შემდეგ თავის მაისურს მისცემდა, მან უპასუხა: „მაისურს მირჩევნია, შენი და მომცე“.
ასე რომ, ვის-ვის და, ფრანგებს გურამ თუშიშვილის საქციელი დიდად არ გააკვირვებდათ.
რაც შეეხება ტედი რინერს – ის, უდავოდ, ცოცხალი ლეგენდაა და დამსახურებულად მოიპოვა კიდევ ორი ოლიმპიური ოქროს მედალი პარიზში (ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში), თუმცა არსებობს ერთი „მაგრამ“: არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რინერის მთავარი მოწინააღმდეგე, რუსი ძიუდოისტი ინალ ტასოევი რომ დაეშვათ ტურნირზე ნეიტრალური დროშის ქვეშ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც დოჰაში გაიმართა, ფინალში ერთმანეთს 25 წლის ტასოევი და 34 წლის რინერი შეხვდნენ. დამატებით დროში მსაჯებმა ინალ ტასოევის შედეგიანი კონტრშეტევა ვერ (თუ არ) შეამჩნიეს და მალევე რინერს ჩაუთვალეს ილეთი, რის შედეგადაც მსოფლიო ჩემპიონი ტედი რინერი გახდა. მოგვიანებით ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსაჯების შეცდომა აღიარა, ტასოევს ბოდიში მოუხადა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიანიჭა, ოქროს მედალიც გადასცა, თუმცა ტედი რინერისთვის ჩემპიონობა არ ჩამოურთმევია, შესაბამისად, 2023 წელს ძიუდოს 2 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავდა – ინალ ტასოევი და ტედი რინერი.
ნუცა ყაველაშვილი
ამავე თემაზე: უსიამოვნო ინციდენტი ოლიმპიადაზე – გურამ თუშიშვილმა ფრანგ ტედი რინერთან მეოთხედფინალში წააგო, თან დისკვალიფიკაცია მიიღო (ვიდეო)
კომენტარები