ცემა-ტყეპა პარლამენტში ჩვენი ისტორიული „მემკვიდრეობა“ ყოფილა – ისტორია გვასწავლის, რომ ვერაფერი ვისწავლეთ
პარლამენტში ცემა-ტყეპის 103-წლიანი ისტორია…
2024 წლის 15 აპრილს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა.
1921 წლის 1-ელ თებერვალს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრს ბენიამინ ჩხიკვიშვილს კონფლიქტი მოუვიდა ოპოზიციონერ დეპუტატ შალვა ნუცუბიძესთან, რა დროსაც ჩხიკვიშვილმა ნუცუბიძეს თვალში დაარტყა და ხელი რევოლვერისკენ წაიღო, ხოლო ნუცუბიძემ მას სკამი ესროლა. ინციდენტს მოჰყვა სტუდენტების პროტესტი ჩხიკვიშვილის დამფუძნებელი კრებიდან გაძევების მოთხოვნით.
ჩვენს უახლეს ისტორიაში პარლამენტში ცემა-ტყეპა უკვე არავის უკვირს და ლამის საპარლამენტო რეგლამენტის განუყოფელ ნაწილად იქცეს, თუმცა საპარლამენტო დებატების ამ „ფორმას“ ღრმა ფესვები ჰქონია და საქართველოს დამფუძნებელი კრებიდან პოლიტიკურ „მემკვიდრეობად“ მიგვიღია.
ამ ისტორიაზე საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს სოციალური ქსელის მომხმარებელი Misha Bakhtadze
„თავმჯდომარე აცხადებს, რომ წესრიგის პირველ რიგში არის სოც. ფედერალისტთა ფრაქციის განცხადება დეპუტატების ჩხიკვიშვილსა და ნუცუბიძეს შორის მომხდარ ინციდენტის გამო და აღნიშნავს, რომ დამფუძნებელმა კრებამ უნდა გადასწყვიტოს, თუ რა მიმართულება მიეცეს ამ საკითხს. რეგლამენტის ძალით ორატორების განკარგულებაშია 5 წუთი.
შალვა მესხიშვილი (ს. ფ.): დეპუტატ ჩხიკვიშვილის მიერ დეპუტატ შალვა ნუცუბიძისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება არის დიდი პოლიტიკური საკითხი. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის დღესვე გაარჩიოს დამფუძნებელმა კრებამ და დღესვე გამოიტანოს გადაწყვეტილება.
კონსტანტინე გვარჯალაძე (ს. დ.): სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს აქ, დამფუძნებელ კრებაში უფრო ხშირად ამ ტრიბუნიდან ზოგიერთი დეპუტატები ისეთი სიტყვებით უმასპინძლდებიან ერთმანეთს, რომლებიც სრულებით არ არის დასაშვები. სწორედ ეს არა სასიამოვნო მოვლენები იწვევენ სამწუხარო შედეგებს. ასეთი არა სასიამოვნო მოვლენები იწვევენ სამწუხარო მოვლენებს ევროპის პარლამენტშიაც. მაგალითად, გერმანიაში და ავსტრიაშიც ჰქონია ადგილი, მაგრამ არსად არავის არ მოუთხოვია ის, რაც სოც.-ფედერალისტებმა მოითხოვეს. (სამსონ დადიანი: იქ ეს მომხდარა ბრძოლის დროს და არა ქურდულად მიპარვით). ეს ინციდენტი ვერ შეადგენს და არც უნდა შეადგენდეს დამფუძნებელი კრების მსჯელობის საგანს, აქ ის ვერ გაირჩევა. დაზარალებულ მხარეს აქვს სხვა საშუალებები, რომლებითაც შეუძლია მას, თავი დაიკმაყოფილოს.
კირილე ნინიძე ამბობს, რომ მომხდარი ინციდენტი არ არის ისეთი პოლიტიკური საკითხი, როგორიც ის აქ დასახეს. ეს პირადი საკითხია, მაგრამ მე მაშინებს ის დასაბუთება, რომელიც მას გვარჯალაძემ გაუკეთა. ორატორი აკრიტიკებს გვარჯალაძის დასაბუთებას და მასში პოულობს იმ მეთოდის გამართლებას, რომელსაც ჩხიკვიშვილმა მიმართა შალვა ნუცუბიძის წინააღმდეგ. ორატორი მოითხოვს, რომ ის საკითხი ამოსწუროს დამფუძნებელმა კრებამ.
ალექსანდრე ასათიანი დემოკრატიული ფრაქციის სახელით აცხადებს, რომ ამ სამწუხარო ინციდენტის შესახებ დამფუძნებელი კრება ვერ ილაპარაკებს. უკეთესი იქნებოდა, რომ ეს საკითხი სულ არ გამოტანილიყო დამფუძნებელი კრების პლენუმში და ის განეხილა რომელიმე კომისიას, მაგრამ რაკი აქ გამოიტანეს ეს საკითხი, საჭირო იქნება განსაკუთრებული კომისიის არჩევა, ან სასამართლოს წესით ამ საკითხის გამორკვევა.
გრიგოლ რცხილაძე აღნიშნავს, რომ წამოყენებული საკითხი უაღრესად პოლიტიკური საკითხია და ის უნდა გაარჩიოს დამფუძნებელმა კრებამ.
გარეგინ ტერ-სტეფანიანი მოითხოვს ამ საკითხის პლენუმზე ამოწურვას.
პავლე ბერიშვილი: ჩვენი ფრაქცია მწუხარებას გამოსთქვამს როგორც ამ ინციდენტის, ისე იმის გამო, რასაც უკანასკნელ ხანებში ადგილი ჰქონდა ხალხის უზენაეს ორგანოში დამფუძნებელ კრებაში. მართალია, მომხდარი ინციდენტი სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა განვაცხადოთ, რომ ზოგიერთი დეპუტატები ისეთ რამეებს კადრულობენ აქ, რასაც ადგილი არა აქვს უბრალო პატარა კრებაზე, თუ გნებავთ, იაჩეიკის კრებაზედაც… (ნოე ჟორდანია: მართალია!) და მე მგონია, რომ ბოლოს და ბოლოს პარლამენტმა უნდა ჰკითხოს თავის თავს: ამიერიდან მაინც მოეღება თუ არა ბოლო ასეთ სამწუხარო მოვლენებს. ჩვენ აქ გვითხრეს, რომ აქ შეურაცხყოფილია დამფუძნებელი კრება, თვით ხალხიო; ერთი გვითხარით, ბატონებო, როდესაც აქ ერთმა დეპუტატმა ესერების ფრაქციიდან გვარდიის მეთაურს „მაუზერისტი“ უწოდა, რომელმა ხალხმა დაავალა მას ეს? მე გავიგონე, რომ ერთმა დეპუტატმა მეორე დეპუტატს ჯიბგირი უწოდა… (ვასო წულაძე ადგილიდან: ეს შალვა ნუცუბიძე იყო!) განა ეს დასაშვებია? ეს დაავალა მას ხალხმა? (იესე ბარათაშვილი: ეს საჯაროთ არ ყოფილა თქმული! – სიცილი). ეს სულერთია, ასე ხომ იყო თქმული. აქ ამას წინეთ დეპუტატ ლეო შენგელიას „მეგრული თხა“ უწოდეს… (ვასო წულაძე: ეს იყო დეპუტატი შალვა ნუცუბიძე!) და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთ სამწუხარო მოვლენებს ამიერიდან მაინც ბოლო უნდა მოეღოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩხიკვიშვილს და ნუცუბიძეს შორის მომხდარი ინციდენტი არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს კერძო საკითხია და სრულებით არ ბღალავს დამფუძნებელი კრების პრესტიჟს. დეპუტატზე ძალადობა არ უხმარია სახელმწიფოებრივ დაწესებულის ორგანოს.
ცხადია, აქ შეუვალობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ ასეთი კერძო საკითხის შესახებ დამფუძნებელი კრება ვერ იქონიებს მსჯელობას, ამისთვის არსებობს სხვა საშვალება.
პირადი საკითხისათვის სიტყვა ეძლევა ბენია ჩხიკვიშვილს, რომელიც აღნიშნავს, რომ სიცრუეა, თითქოს დინჯი ლაპარაკის დროს გაერტყას მას ნუცუბიძისათვის: პირიქით, მან, ჩხიკვიშვილმა მოსთხოვა ნუცუბიძეს სრულიად კულტურული გზით იმის დამტკიცება, რაც დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან იყო თქმული ჩხიკვიშვილის საწინააღმდეგოთ. მაგრამ ნუცუბიძე მას არ გამოყვა საამხანაგო სასამართლოში და უთხრა გამომწვევი კილოთი – კიდევ გავიმეორებ იმ სიტყვებს ტრიბუნიდანო. მხოლოდ ამის შემდეგ, ამბობს ორატორი, მე ვერ მოვითმინე და დავარტყი. ვაცხადებ, რომ არავითარ წინასწარ განზრახვას ადგილი აქ ჰქონია, იყო მხოლოდ აფექტი, ნუცუბიძის ლაპარაკით გამოწვეული. ამიტომ მე პირადათ დიდი მოხარული ვიქნები, თუ დამფუძნებელი კრება ამ საკითხის შესახებ იქონიებს მსჯელობას, მაშინ მეც საშუალება მომეცემოდა მეთქვა, როგორ უმართებულოდ მომიხტენ მე. მაგრამ თუ დამფუძნებელი კრება არ გაარჩევს ამ საკითხს, მე თანახმა ვარ ბატონ ნუცუბიძეს გავყვე საჯარო სამედიატორო სასამართლოში ან ოფიციალურ სასამართლოში.
მე კენჭს ვუყრი. სოც. ფედერალისტების და ნაც. დემოკრატიული ფრაქციის რეზოლუცია. უარყოფილ იქნა. მიღებულ იქმნა სოც.-რევ. ფრაქციის მიერ წარმოდგენილი შემდეგი რე ზოლუცია: „სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია წინადადებას იძლევა, რომ სოც. ფედერალისტთა წინადადება დეპ. ჩხიკვიშვილის გაძევების შესახებ მოხსნილ იქნას და დამფუძნებელ კრებაში მსჯელობას ამის შესახებ მოისპოს“.
შალვა მესხიშვილი სოც.-ფედერალისტების ფრაქციის სახელით აცხადებს, რომ ნიშნად პროტესტისა მათი ფრაქცია არ დაესწრება სამს სხდომას. ესერებმა და ფედერალისტებმა სხდომა დასტოვეს“. (საქართველოს დამფუძნებელი კრების ოქმები. ტ. 8 გვ. 222-224)
***
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 15 აპრილს გაიმართა იურიდიულ კომიტეტში. მწვავე დაპირისპირების ფონზე, 12-საათიანი დებატების შემდეგ კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 16 აპრილს კი მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე დაიწყო და დღეს, 17 აპრილს განახლდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, აპროტესტებენ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნებას, საიდანაც ის, ასევე მწვავე პროტესტის ფონზე, შარშან გაიწვიეს, მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ და მისი მიღება საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევად მიაჩნიათ, რასაც მმართველი პარტია უარყოფს. „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტის მიღებას არ ურჩევენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყების წინა დღეებში შეხვდა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს. ამის შესახებ შოლცმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხოლო ჟურნალისტ ქეთევან ქარდავას მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ აქვთ ასეთი რეაქცია კანონრპოექტზე, როდესაც მსგავსი კანონები ევროკავშირის ქვეყნებშიც არის (სავარაუდოდ, ქარდავა გულისხმობდა უნგრეთს, რომლის კანონი ევროკავშირის სასამართლომ დაბლოკა და საფრანგეთს, რომლის კანონი, ძირითადად, რელიგიური ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება), შოლცმა უპასუხა, რომ ევროკავშირს ანალოგიური კანონმდებლობა არ აქვს. ირაკლი კობახიძემ შოლცის სიტყვების პასუხად პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ არჩევანს, დემოკრატიის პრინციპებს და დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია.
კანონპროექტის განხილვის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მესამე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ვითარება პერიოდულად იძაბება და პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება ხდება. ამ დროისთვის დაკავებულია 14 პირი ადმინისტრაციული დარღვევებისთვის. მათგან 6 ზაჰესის იზოლატორშია, 8 კი – დიღმის მასივის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ისინი დღეს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მოინახულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე ოთხი სამართალდამცველი დაშავდა. მათ დაზიანებები ბლაგვი საგნით, ძირითადად, თავის არეში აქვთ მიყენებული. ოთხივე მათგანი სახლის პირობებში მკურნალობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.
შარლ მიშელმა X-პლატფორმაზე დაწერა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას“.
„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის პასუხად გასულ დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მინდა, ნათლად განვაცხადო, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და გაწევრიანების ტრაექტორიას. ეს საქართველოს ევროპასთან კი არ დააახლოებს, არამედ დააშორებს“, – წერს შარლ მიშელი.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა.
17 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კანონპროეტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები გრძელდება…
კომენტარები