საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც აბორტის უფლება კონსტიტუციაში ჩაიწერა
საფრანგეთი პირველი სახელმწიფო გახდა მსოფლიოში, სადაც აბორტის უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. ინფორმაციას ამის შესახებ „france 24“ ავრცელებს.
4 მარტს საფრანგეთის პარლამენტის ორივე პალატამ – სენატმა და ეროვნულმა ასამბლეამ – ვერსალის სასახლეში ერთობლივი სხდომა გამართა, რომელზეც საბოლოოდ დაამტკიცეს ცვლილება ქვეყნის ძირითად კანონში. კენჭისყრაზე აბორტის უფლების კონსტიტუციაში შეტანას სულ 780-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 72. დეპუტატები კენჭისყრის შედეგების გამოცხადებას მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს არის 25-ე შესწორება 1958 წელს მიღებულ კონსტიტუციაში, ხოლო პირველი – 2008 წლის შემდეგ.
აბორტი საფრანგეთში კანონით ნებადართულია 1975 წლიდან, 4 მარტის გადაწყვეტილებით კი დასრულდა ხანგრძლივი პოლიტიკური ბრძოლა. გამოკითხვების თანახმად, აბორტის უფლების კონსტიტუციაში ჩაწერას ფრანგების 80%-ზე მეტი უჭერდა მხარს. საფრანგეთში ორსულობის შეწყვეტის კანონიერ ვადად 14 კვირაა განსაზღვრული.
კენჭისყრის შემდეგ ეიფელის კოშკი განათდა სიტყვებით: „ჩემი სხეული – ჩემი არჩევანია“.
„ჩვენ ვეუბნებით ყველა ქალს: თქვენი სხეული გეკუთვნით თქვენ და არავის შეუძლია, თქვენ ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა.
მან ამ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებას უწოდა „ფუნდამენტური ნაბიჯი, რომელიც ისტორიაში შევა“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი ეს გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც „საფრანგეთის სიამაყე და სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის“.
საფრანგეთის მთავრობა, კანონმდებლები და სენატორები ამტკიცებდნენ, რომ აბორტის უფლებას სრული კონსტიტუციური გარანტიები სჭირდებოდა, რადგან აბორტის უფლება საფრთხეშია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის ივნისში გააუქმა აბორტის კონსტიტუციური უფლება, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა. საუბარია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილებაზე (Roe v. Wade), რომლითაც აბორტის უფლება ფედერალური კონსტიტუციით იყო დაცული. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ყველა შტატი თავად გადაწყვეტს აბორტის საკითხს. უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ აშშ-ში არ წყდება დისკუსია აბორტის უფლების თაობაზე.
აშშ-ის შტატები, სადაც ხელისუფლებაში რესპუბლიკელები არიან, აქტიურად უჭერენ მხარს კანონპროექტებს, რომლებიც აბორტის ხელმისაწვდომობას ზღუდავს, დემოკრატები კი, ტრადიციულად, მსგავსი შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდიან.
უპირატესად კათოლიკური პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კი 2020 წელს ქვეყანაში აბორტის თითქმის სრული აკრძალვა დააწესა. მიუხედავად მრავალი საპროტესტო აქციისა მოთხოვნით, რომ ქალებს აბორტის უფლება დაუბრუნონ, აკრძალვა რჩება და აბორტის გაკეთება ნებადართულია მხოლოდ გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევაში ან როდესაც ორსულობა საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს.
საფრანგეთში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ვატიკანი ისევ გამოვიდა აბორტების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ „არ შეიძლება არსებობდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის „უფლება“.
ნანა ძნელაძე
ამავე თემაზე: „ჯორჯააა! ხელები შორს ჩვენი სხეულებისგან!“ – იტალიის ქალაქებში აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა გააპროტესტეს (ვიდეო)
აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმებულია
კომენტარები