25 მარტიდან შეძლებთ მოგზაურობას ევროპის 4 ქვეყანაში ბარგზე ლიმიტისა და აეროპორტის შემოწმების გარეშე – რა ეღირება „სასტუმრო ლიანდაგებზე“?
ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელსაც 25 მარტიდან აამოქმედებს კომპანია European Sleeper-ი, ოთხ ქვეყანასა და შვიდ ქალაქს მოიცავს და ბრიუსელი – ამსტერდამი – ბერლინის უკვე არსებულ სარკინიგზო ხაზს დაემატება. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელიდან ჩეხეთის დედაქალაქ პრაღამდე ახალ მარშრუტს დაახლოებით 15 საათი დასჭირდება: ღამის მატარებელი გაჩერდება ანტვერპენში (ბელგია), როტერდამში (ნიდერლანდები), ამსტერდამსა (ნიდერლანდები) და ბერლინში (გერმანია), ხოლო პრაღაში ჩასვლამდე კიდევ ერთ გაჩერებას გააკეთებს დრეზდენში (გერმანია). დრეზდენიდან პრაღაში მატარებლით მგზავრები პირველად შეძლებენ ჩასვლას.
The Good Night Train-ის სერვისი იმითაცაა მომხიბლავი, რომ 4 ქვეყანაში მოგზაურობის საშუალებას იძლევა ბარგზე ყოველგვარი ლიმიტისა და აეროპორტის შემოწმების გავლის გარეშე. ამ მარშრუტზე შესაძლებელია ბელგიაში მთელი ღამით დაიქირაოთ „სასტუმრო ლიანდაგებზე“ და პრაღაში გაიღვიძოთ, ან ნებისმიერ სხვა გაჩერებამდე კომფორტულად იმგზავროთ, ან ტრანზიტად გამოიყენოთ და სულ სხვა ქვეყანაში ჩახვიდეთ.
მატარებელი გეზს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 19:22 საათზე აიღებს ბრიუსელიდან, ბოლო გაჩერება კი მომდევნო დღეს, 10:56 საათზე პრაღაში ექნება. უკან დასაბრუნებლად იგივე მატარებელი კვირას, სამშაბათსა და ხუთშაბათს 18:14 საათზე დატოვებს პრაღას, მეორე დღის 09:27 საათზე კი ბრიუსელში დაბრუნდება.
The Good Night Train-ის სერვისი მგზავრებს სხვადასხვა ფასიან პაკეტს და განსხვავებულ შეთავაზებებს სთავაზობს.
ბილეთების ღირებულება €58-დან იწყება, რაც მატარებელში სასურველი სკამის არჩევას გულისხმობს, თუმცა ხანგრძლივი მგზავრობისთვის ის რეკომენდებული არ არის. კუპე, რომელიც 4-6 კაცზეა გათვლილი და სკამების საწოლებად გადაქცევის საშუალებას იძლევა, €78 დაგიჯდებათ. ყველაზე ძვირად ღირებული პაკეტი Sleeper კუპეა, რომელშიც მაქსიმუმ სამი ადამიანი განთავსდება და მისი ღირებულება €177-დან იწყება. აღნიშნული პაკეტი, წინა ორისგან განსხვავებით, საუზმესაც ითვალისწინებს. სამივე ალტერნატივის შემთხვევაში კი მარტოხელა ქალი მოგზაურებისთვის, ანუ სოლო მოგზაურებისთვის – როგორც მათ უწოდებენ – ცალკე სივრცეებია გამოყოფილი.
ბილეთების ყიდვა უკვე შესაძლებელი კომპანიის საიტზე.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის დეკემბერში პარიზსა და ბერლინს შორის ახალმა ღამის მატარებელმა დაიწყო მიმოსვლა, რომლის ოპერატორია NightJet, ავსტრიული ÖBB-ის შვილობილი კომპანია. მატარებლები გადის პარიზის გარ-დე-ლ’ესტის სადგურიდან 19:12 სთ-ზე ადგილობრივი დროით, ჩერდება სტრასბურგში, ფრანკფურტში, ერფურტში და ბერლინ-ზუდკროიცის სადგურზე, შემდეგ კი ბერლინის მთავარ სადგურში შედის დილის 8:26 სთ-ზე. უკან დასაბრუნებლად მატარებელი ბერლინიდან 20:18 სთ-ზე გადის და პარიზში მეორე დილით, 10:24 სთ-ზე ჩადის.
ბილეთის ფასი 50 ევროა.
აღნიშნული სარკინიგზო რეისი ამჟამად კვირაში 3-ჯერ სრულდება, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი ახალი ღამის მატარებელი ყოველდღე ივლის.
ნანა ძნელაძე
კომენტარები