მსოფლიოეკონომიკა

„დაარტყით მათ ჯიბეებს“: როგორ ებრძვიან დიდი ქალაქები SUV-ებს (ჯიპებს)

ორი ათწლეულის შემდეგ, რაც ლონდონმა სპორტული მანქანების „შევიწროვება“ დაიწყო, კვირას, 4 თებერვალს პარიზელები მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ პარკირების საფასურის გასამმაგების გზით „ბენზინის მხვრეპელ“ მანქანებს ქალაქის დატოვება აიძულონ. პარიზის სოციალისტი მერის, ან იდალგოს წინადადება საკმაოდ რადიკალური ზომაა დიდ მანქანებთან ბრძოლაში, რომელთა მიმართ პრეტენზიები აქვთ გამონაბოლქვის გაზრდის, ფეხით მოსიარულეთათვის გაზრდილი საშიშროების შექმნისა და ზედმეტად დიდი ფართობის დაკავების გამო. 2010 წლიდან მთელ მსოფლიოში ჯიპების რაოდენობა თითქმის შვიდჯერ გაიზარდა და 330 მილიონს მიაღწია. ისინი 20 პროცენტით მეტ საწვავს მოიხმარენ, ვიდრე ჩვეულებრივი საშუალო ზომის მანქანები და ატმოსფეროში თითქმის მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს (CO2) გამოყოფენ. ეს მაჩვენებელი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, დაახლოებით ორჯერ აღემატება ბრაზილიაში გამონაბოლქვის მთლიან მოცულობას.

ლიდერობს ლონდონი

გიგანტური ჯიპებისა და პიკაპების ბუმი 2000-იან წლებში დაიწყო, როდესაც მდიდრული გარეუბნების მოსახლეობა მასობრივად გადაჯდა სედანიდან „გზის მეფეზე“, რომელიც ადრე, ძირითადად, მიუვალ ადგილებში მგზავრობისთვის გამოიყენებოდა. ნორვეგიაში მათ მეტსახელად „გამწევ ტრაქტორებს“, ბრიტანეთში კი „გარეუბნის მოიერიშეებს“ უწოდებდნენ. ეს მანქანები უკმაყოფილების გამომწვევ სიმბოლოებად იქცნენ. დიდ ქალაქებში გამონაბოლქვის რეგულირების საკითხში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა 2003 წელს, როდესაც ლონდონის მემარცხენე მერმა, კენ ლივინგსტონმა ქალაქის ცენტრში მანქანით შესვლისთვის გადასახადი დააწესა. ერთი წლის შემდეგ, მან მთელი ყურადღება უკვე ჯიპებზე გადაიტანა: იმ ხალხს, ვისაც ამ მანქანებით ბავშვები სკოლაში მიჰყავდა, „სრული იდიოტები“ უწოდა და განაცხადა, რომ SUV-ებით სკოლებში სიარული უნდა აიკრძალოს.

პარტიზანული ტაქტიკა

ლონდონის შთაგონებით, პარიზმაც გადაწყვიტა, რომ ჰაერის ყველაზე მეტად დამაბინძურებელ მანქანებზე შეზღუდვები შემოეღო, თუმცა საავტომობილო ასოციაციების სასტიკი წინააღმდეგობის შემდეგ, 2005 წელს პროექტი შეჩერდა. 2007 წელს ეს თემა უკვე დუბლინმა აიტაცა და მაღალი გამავლობის მანქანებისთვის პარკირების გაორმაგებული საფასურის დაწესების წინადადებით გამოვიდა, მაგრამ საზოგადოებაში უკმაყოფილების გამოწვევის გამო ირლანდიის დედაქალაქმაც უკან დაიხია. 2005-2007 წლებში გარემოს დამცველი აქტივისტები გააქტიურდნენ საფრანგეთსა და შვედეთში, სადაც მათ ჯიპების საბურავების მასობრივად დაფუშვის აქციები ჩაატარეს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი უფრო რადიკალურები გახდნენ: ბრიტანულმა ჯგუფმა, სახელწოდებით The Tire Extinguishers, ათობით SUV-ის საბურავი გახვრიტა.

საჯარიმო სანქციები პარკირებისა და რეგისტრაციისთვის

მას შემდეგ, რაც გლობალური დათბობა კრიტიკულ დონეს აღწევს, ხოლო შეერთებულ შტატებში ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობის ზრდაში ჯიპების მძღოლებს ადანაშაულებენ, კანონმდებლები კვლავ გამოვიდნენ SUV-ების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე. გასულ წელს ვაშინგტონმა გაზარდა სარეგისტრაციო გადასახადი ზემძლავრი ჯიპებისთვის, რაც 6000 ფუტზე (დაახლოებით 2700 კილოგრამი) მეტი წონის მანქანების მფლობელებს წელიწადში 500 აშშ დოლარის (460 ევრო) გადახდას ავალდებულებს. ეს კი ჩვეულებრივი სედანის სარეგისტრაციო გადასახადს თითქმის შვიდჯერ აღემატება. ავტომობილის წონის მიხედვით რეგისტრაციის საფასურის გაზრდას უკვე ნიუ-იორკიც განიხილავს. გერმანიაში, ქალაქ ტუბინგენის „მწვანე“ მერმა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის მისი ქალაქი „კლიმატ-ნეიტრალური“ გახადეს, SUV მანქანები საქალაქო ცხოვრებისთვის „უსარგებლოდ“ გამოაცხადა და მათი პარკირების ღირებულება 600 პროცენტით გაზარდა.

სამაგიეროდ, გერმანიის მეორე ქალაქი, ფრაიბურგი, ფედერალური ადმინისტრაციული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამო, იძულებული გახდა, ჯიპების პარკირების საფასურის გაზრდაზე უარი ეთქვა. ამასობაში ლონდონი „ულტრადაბალი გამონაბოლქვის ზონად“ იქცა და ამიტომ იმ მანქანების მფლობელებმა, რომლებიც გამონაბოლქვის რეგულაციებს ვერ აკმაყოფილებენ, დედაქალაქში შესასვლელად, დღეში 12,50 ფუნტი (16$) უნდა გადაიხადონ. გამონაბოლქვთან დაკავშირებული პარკირების გადასახადი, ლონდონის გარდა, ბათსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ სომერსეტშიც დაწესდება.

წყარო: AFP

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close