საქართველოთი შეპყრობილი – პიტერ სკინერის ქართული ისტორია
„ქართველს თუ შეხვდი, ნიშნავს, რომ ცხოვრების მეგობარი იპოვე“ – ამას პიტერ სკინერი ამბობს: ნიუ-იორკში მცხოვრები ბრიტანელი ისტორიკოსი და მწერალი.
ეს ნამდვილი ამბავია: ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ უბანში, ნიუიორკული სტილის ძველ, ხის კიბეებიან სახლში ცხოვრობს 80-ს გადაცილებული კაცი (მოხუცს ვერ იტყვი – ისეთი ცეცხლი აქვს თვალებში) და დიდი ალბათობით ახლაც, ამწუთას მაგიდაზე რაიმე ქართული ან საქართველოს შესახებ წიგნი აქვს გადაშლილი. ტელეფონის წიგნაკშიც ქართველი მეგობრების ნომრები აქვს ჩაწიკწიკებული, ვისთანაც პერიოდულად რეკავს ან ისინი ურეკავენ. მისი ბინის ორივე ოთახში – კედლებზე, მაგიდებზე, თაროებზე, სკამებზეც კი ძირითადი ადგილი საქართველოს რუკებს, ქართულ სუვენირებს და წიგნებს უჭირავს. ეს წიგნები ან უშუალოდ საქართველოზეა, ანდა ისეთი, საიდანაც კვალი რაღაც ფორმით საქართველომდე მიდის.
მისი სახლის კარი ყოველთვის ღიაა ქართველისთვის. („ცენტრში რადგან ვცხოვრობ, ადვილია მოსვლა“). როცა ესტუმრები, გეტყვის, რომ სწორედ დღეს, ან გუშინ სტუმრობდა ქართველი მეგობარი, მაგალითად, მხატვარი ეთერ ჭკადუა, ან გასტრო მწერალი და ფოტოგრაფი Dona Giorgadze (რომელმაც მიამბო პირველად პიტერის შესახებ და მოგვიანებით მეგზურობაც გამიწია: ერთად ვესტუმრეთ ინტერვიუსთვის, და არა მხოლოდ).
პიტერ სკინერი საქართველოთი შეპყრობილი ადამიანია. საიდან იწყება ოქსფორდელი პროფესორის ინტერესი საქართველოთი, იგივე: ახალი ცხოვრება საქართველოსთან ერთად?
სრულიად შემთხვევით: ვინმე მერი სმიტის ნოველა წაიკითხა, სადაც ავტორი დიდებულ ხეობაზე საუბრობდა. ეს ხეობა საქართველო იყო. მარკო პოლოსთანაც გადააწყდა ცნობებს ამ უცნობი ქვეყნის შესახებ. მერე ილია ჭავჭავაძე აღმოაჩინა თავისი „მგზავრის წერილებით“ და ასე შემოვიდა საქართველოში – დარიალის კარიდან, როგორც თვითონ ხუმრობს.
– ბიბლიოთეკაში წავედი, 42-ე ქუჩაზე, – იხსენებს პიტერი, – ვუთხარი: მომიტანეთ ყველაფერი, რაც გაქვთ საქართველოს შესახებ!
– რატომ მაინცადამაინც საქართველო? – გაუღიმა ბიბლიოთეკარმა – ახალგაზრდა, სიმპათიურმა ბიჭმა.
– ახლა ამას აუხსენი კიდევო, – გაიფიქრა გულში პიტერმა, მაგრამ აქ ელოდა სიურპრიზი:
– იმიტომ გეკითხებით, რომ მეც ქართველი ვარ, საქართველოდან.
ვახტანგ კიზირია აღმოჩნდა პირველი ქართველი, რომელიც პიტერმა გაიცნო ბიბლიოთეკაში. ცხადია, ვახტანგმა საქართველოში ჩასვლა ურჩია, მასპინძლებიც შეურჩია – თავისი ნათესავები და მეგობრები.
ასე ჩამოვიდა საქართველოში 2007 წელს. მეორე წელსაც დაბრუნდა. 2010 წელს ისევ აქეთ გამოუწია გულმა.
ისტორიკოსი, ცხადია, პირველ რიგში საქართველოს ისტორიით დაინტერესდა. მაგრამ როგორც ამბობს, ვერც ინგლისურ და ვერცერთ სხვა მისთვის გასაგებ ენაზე ვერაფერს წააწყდა, რაც უცხოელ მკითხველს სრულად გააცნობდა მის მიერ აღმოჩენილი პატარა ქვეყნის უძველეს, დიდებულ ისტორიას.
„თქვენ გარდა ვინ იცის საქართველოს ისტორია და ლიტერატურა სიღრმისეულად?“ – ხშირად მიმართავდა პიტერი თავის ახლადშეძენილ ქართველ მეგობრებს, – „ვინ იცნობს ილიას, აკაკის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილს, თუნდაც ჭაბუა ამირეჯიბს თავისი „დათა თუთაშხიათი“? ანდა ისტორიიდან: „იცის ვინმემ, როგორ შეიჭრა რუსეთი საქართველოში 1801 წელს? ან ის, თუ როგორ უწევდით ათწლეულების მანძილზე წინააღმდეგობას? ან რა ვიცით ჩვენ ბაგრატიონების დინასტიის შესახებ? დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როცა გავეცანი, როგორ გაწმინდა აღმაშენებელმა ქართული ეკლესია უღირსი საეკლესიო პირებისგან. დასანანია, რომ არავინ იცის ამ განათლებული და მიმზიდველი ხალხის ისტორია“.
და აქ მიიღო გადაწყვეტილება:
„წიგნი თუ გჭირდება, ის უნდა დაწერო!“
ადგა და საქართველოს ისტორიის წერა დაიწყო. 5 წლის მანძილზე იმდენი მასალა ჰქონდა მოძიებულ-შესწავლილი, მიხვდა, რომ თავისუფლად შეეძლო, ეს ისტორია სხვებისთვისაც მოეთხრო.
2014 წელს გამოსცა წიგნი: „საქართველო – ქვეყანა კავკასიის იქით“ (Georgia: The Land Behind the Caucasus) – თხრობითი ისტორია საქართველოს შესახებ. მთხრობელი პიტერ სკინერია, თავისი კომენტარებით, მოსაზრებებით. ზუსტად ის გამოუვიდა, რაც ჩაიფიქრა: „მსუბუქი საკითხავი წიგნი თავისი რუკებით“.
„მთავარი სირთულე იყო რუკების არარსებობა“ – იხსენებს პიტერი. „არ გაქვთ რუკები, რომ დაინტერესებულმა ადამიანმა გზა გაიკვლიოს თქვენს ისტორიაში“.
აქაც თავისი მიგნებული „ოქროს წესი“ გამოიყენა: „თუ გჭირდება რუკა, ის უნდა შექმნა“. დიზაინერთან ერთად იმუშავა და ურთულესი საქმე გასწია: წიგნი უხვადაა ილუსტრირებული მის მიერ შექმნილი სხვადასხვა პერიოდების საქართველოს ისტორიული რუკებით, პირობითი ნიშნებით, ცხადია, ინგლისურ ენაზე.
და ჰო: წიგნი თავისი ხარჯით გამოსცა. ბევრი ეგზემპლარი გააჩუქა, ნაწილი გაიყიდა. საქართველოში დღემდე იყიდება Prospero’s Books-ში.
ყველა ქართველთან შეხვედრისას, ყველა ჟურნალისტთან ინტერვიუში პიტერის მთავარი ტექსტია:
„თქვენ ხართ ძალიან ნიჭიერი ხალხი, დიდი წარმოსახვის უნარით, მაგრამ – არაპრაგმატულები. ამ პატარა ქვეყანაში საოცრად ბევრი რამ ხდება. გაქვთ ყველაფერი ცალ-ცალკე, მაგრამ არ გაქვთ ერთი დიდი საძიებო სისტემა, გამარტივებული, რომ დაინტერესებულმა ადამიანმა ერთ სივრცეში აღმოგაჩინოთ თქვენი მრავალფეროვანი კულტურით და ისტორიით. პრაგმატულობა გაკლიათ, თუ როგორ გახადოთ ეს ყველაფერი დასავლეთისთვის ხელმისაწვდომი.“
„ქართველებს არ უყვართ ფულზე საუბარი, არასოდეს გეტყვიან, რამდენი უნდა გადაიხადო“, – ესეც პიტერის დაკვირვებაა, ქართველების არაპრაგმატულობის ერთ-ერთი შტრიხი.
მხოლოდ ჩვენი ისტორია არაა ის, რაც პიტერმა დაწერა: საქართველოს ისტორიის კვლევისას მკვლევარის ყნოსვამ ძალიან საინტერესო პერსონებამდე მიიყვანა, უცხოელ მოგზაურებამდე, რომელთა ჩანაწერებშიც ეძებდა ცნობებს საქართველოს შესახებ. ასე აღმოაჩინა ბელგიელი მოგზაური ქალი, კარლა სერენა, რომელმაც 50 წლის ასაკში დატოვა ოჯახი (5 შვილი) და მეორე მოგზაურთან – მასზე გაცილებით უფროს ქალთან ერთად იმოგზაურა კავკასიაში 1875-1881 წლებში.
ამ ქალების ისტორიის თხრობისას პიტერს ეშმაკურად უციმციმებს თვალები და მინიშნებას გვაძლევს, რომ წინ ფემინისტი ქალების ძალიან საინტერესო თავგადასავალი გველის.
ცხადია, სრულად მოიძია კარლა სერენას მოგზაურობის ჩანაწერები საქართველოში გადაღებულ ფოტოებთან ერთად და წიგნად აქცია.
ეს უნიკალური წიგნი, ისევე როგორც მისი დაწერილი საქართველოს ისტორია, ქართულად თარგმნას და გამოცემას ელოდება. აქვე ვიტყვი, რომ დიდი პატივია ჩემთვის ამ საქმეში მის მიერ გამოცხადებული ნდობა.
ჩემთვისვეა პატივი, რომ მაგიდაზე შუშის პრიზი უდგას, რომელსაც „გმადლობთ!“ აწერია ქართულად. მასთან სტუმრობისას გადავეცით ჩემი საგამომცემლო სახლის სახელით. ვფიქრობთ, პიტერი ის კაცია, რომელსაც ხშირად უნდა ვუთხრათ მადლობა ჩვენი ქვეყნის ასეთი უანგარო სიყვარულისა და პატივისცემისთვის.
და კიდევ: პიტერს თუ ესტუმრებით, იცოდეთ, რომ უყვარს ჩამჭრელი კითხვების დასმა საქართველოს ისტორიიდან. მაგალითად, ასეთის: „აბა, თუ იცით რამდენი შვილი ჰყავდა ერეკლე მეფეს?“
ასეთი კაცი ცხოვრობს ნიუ-იორკში. საქართველოთი შეპყრობილი 86 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ამ ბოლო დროს ცოტა ასაკი შეეპარა:
– რით იგრძენით ასაკის მატება?
კიბეებზე გადამახედა:
– ორი წლის წინ სირბილით რომ ვერ ამოვედი, იმით.
კიბეებია – არბენის რა მოგახსენოთ და რამდენჯერმე შევისვენე ასვლისას.
ნანა აკობიძე
ავტორის ფოტოები
/p>
კომენტარები