ვიდეომსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

შავი ზღვის რეგიონს ძლიერი ქარიშხალი და უამინდობა დაატყდა თავს და ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

ქარიშხალმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონს დაატყდა თავს, ხეები ძირს დასცა, დაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები და დატბორა სანაპირო რაიონები, რის გამოც ორშაბათს სამხრეთ რუსეთისა და უკრაინის  ტერიტორიაზე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, – ამის შესახებ მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

წინა დღეს, კვირას ძლიერმა უამინდობამ თოვა და ქარბუქი მოიტანა რუმინეთში, მოლდოვაში, ბულგარეთსა და სერბეთში, რასაც ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევები და ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვა.

შავი ზღვიდან მომავალ ძლიერ ციკლონს მოჰყვა თოვა, რომელმაც მოსკოვის ჩრდილოეთამდე მიაღწია.  რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის შეფასებით, ეს „ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რაც კი ყოფილა ნოემბრის ბოლოს“.

მოსკოვის რეგიონი 25 სანტიმეტრამდე სიმაღლის თოვლის საფარით დაიფარა, რაც სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე ამ პერიოდისთვის არის დამახასიათებელი. მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ 3000-მდე ადამიანი მუშაობდა ქუჩების გაწმენდაზე ძლიერი თოვის შემდეგ.

„რია ნოვოსტის“ მიერ 27 ნოემბერს გავრცელებული ცნობით, ქარიშხლის გამო დაღუპულთა რიცხვი რუსეთის კრასნოდარის რეგიონსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ოთხამდე გაიზარდა.

ყირიმის ნახევარკუნძულის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კვირას ქარის სიჩქარე საათში 144 კმ-ს (40 მ/წმ) აღწევდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, სევასტოპოლის ზოგიერთი ნაწილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ორშაბათს ძლიერი შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის შავი ზღვის სანაპირო ქალაქებში. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა საკურორტო ქალაქ სოჭში, მეორე – რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმის ნახევარკუნძულზე და მესამე ადამიანი – გემზე, ქერჩის სრუტეში, რომელიც ყირიმსა და რუსეთის სახმელეთო ნაწილს შორისაა.

გაფრთხილება ძლიერი უამინდობის შესახებ 27 ნოემბერსაც გაგრძელდა. ყირიმში ხალხი გააფრთხილეს, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, რადგან სამთავრობო დაწესებულებები, მათ შორის, სკოლები და საავადმყოფოები, დაიხურა.

ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა და ამჟამად, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება, ის რუსეთის მთავარ სამხედრო და ლოჯისტიკურ კვანძს წარმოადგენს. უცნობია, დააზიანა თუ არა ქარიშხალმა რუსული სამხედრო ტექნიკა ან თავდაცვა.

რუსეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარიშხალი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო დაკვირვებების დაწყების შემდეგ.

მეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა რომან ვილფანდმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ მსგავსი ქარიშხალი რეგიონს 1854 წლის ნოემბერში, ყირიმის ომის დროს დაატყდა თავს და მინიმუმ 30 გემი ჩაძირა.

RIA Novosti-ს ცნობით, დაახლოებით 800 ეგზოტიკური თევზი დაიღუპა თერმული შოკის შედეგად სევასტოპოლის აკვარიუმში, რადგან ზღვის ცივმა წყალმა ობიექტი დატბორა.

ძლიერ დაზარალდა უკრაინა, სადაც სტიქიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა (რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე დაღუპული ერთი ადამიანის გარდა), 23 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია.

მსხვერპლია ოდესის, ხაროვის, ნიკოლაევის ოლქებში და კიევში.

მძიმე მდგომარეობაა ოდესაში, სადაც ძლიერი ყინვისა და ქარბუქის გამო ხუთი ადამიანი დაიღუპა, სამაშველო სამსახურების დახმარება 2 500-მდე ადამიანს დასჭირდა. გზების ნაწილზე შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, 2000-ზე მეტ ქალაქი და სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამჟამად  სტიქიის გამო 11 ოლქში ელექტროენერგია 411 დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება, მათ შორის, კიევში, ოდესასა და მიკოლაევში, მოსალოდნელია უფრო ძლიერი ქარი და თოვა.

სერბეთში ქარბუქმა გადამცემი ხაზები გაწყვიტა და ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ცენტრალურ სერბეთში კვირას დაკარგული 53 წლის მამაკაცის ძებნა გრძელდება, იტყობინება RTS – სახელმწიფო ტელევიზია.

ბულგარეთში 40 სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდა, ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები დაწყვიტა. დაიხურა სკოლები. საჭირო გახდა საკუთარ მანქანებში ჩარჩენილი 1000-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა.

27-28 ნოემბერს ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელი 5-6-ბალიანი შტორმის და საქართველოს უმეტეს რეგიონში უამინდობის შესახებ გაფრთხილება საგანგებო სამსახურმა მოსახლეობას 26 ნოემბერს გაუგზავნა. შავი ზღვის რეგიონში წარმოქმნილმა ძლიერმა ციკლონმა ნაწილობრივ საქართველოს შავიზღვისპირა რაიონებამდეც მოაღწია.

შტორმმა, ქარიშხალმა, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ბათუმში, ქობულეთში, ფოთსა და ანაკლიაში ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ბათუმში დატბორილია ახალი ბულვარი და სამანქანო გზები. ზღვის ნატანით არის სავსე საფეხმავლო ბილიკი. ქობულეთში დაიტბორა კაფე-ბარები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ძლიერმა ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია ავტომობილებიც.

სანაპირო ზოლზე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ სტიქიის სიძლიერემ გუშინ 8 ბალს მიაღწია. ბათუმის სანაპირო ზოლზე კი დღეს 6-ბალიანი შტორმი ფიქსირდება.

გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები მიმდინარეობს ფოთის სანაპირო ზოლშიც, სადაც ზღვამ ძლიერი შტორმის შემდეგ რამდენიმე ადგილას ჯებირები გაანგრია. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის, ბექა ვაჭარაძის თქმით, საჭირო გახდა დამცავი ბარიერების შექმნა, რათა წყალს მოსახლეობამდე არ მიეღწია. მისივე თქმით, მოსახლეობა უმნიშვნელოდ დაზარალდა, თუმცა დაზარალებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა და ამჟამად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი ქარი კიდევ ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close