AL BANO: „მსურს გავიცნო ერი, რომელიც დიდი ხანია მხიბლავს“ – მალე საქართველოში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის სოლო კონცერტი გაიმართება!
24 ნოემბერს საქველმოქმედო ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ყველა თაობის საყვარელი ლეგენდარული იტალიელი მომღერლის – ალ ბანოს სოლო კონცერტი გაიმართება. ალ ბანო პირველად წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე.
80 წლის მომღერალმა საკუთარი სოლო კონცერტი უკვე დააანონსა და საქართველოში ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
„მსურს გავიცნო ერი, რომელიც დიდი ხანია მხიბლავს“,- ამბობს იტალიელი არტისტი და იმედს გამოთქვამს, რომ ამ საქველმოქმედო კონცერტით შეძლებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს დაეხმაროს.
ალ ბანოს მსოფლიო აღიარება და წარმატება დამსახურებულ ჯილდოებშიც აისახა: მის მონაგარშია 26 ოქროს და 8 პლატინის ჩანაწერი, 1980 წელს მოიპოვა Kawakami Award-ი ტოკიოში (იამაჰას პოპფესტივალზე), 1982 წელს გერმანიაში მიიღო ევროპის ოქროს ჯილდო, რომელიც ყველაზე მეტი გაყიდული ჩანაწერის ავტორს გადაეცემა. 1982 წელს ალ ბანომ აბსოლუტური რეკორდი დაამყარა იტალიაში, ჩარტებში ერთდროულად ოთხი სიმღერით. 1984 წელს მან გაიმარჯვა სან რემოს ფესტივალზე სიმღერით Ci Sarà (There Will Be), მეუღლესთან – რომინა პაუერთან ერთად.
თბილისში ალ ბანოს კონცერტზე დასასწრები თითქმის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. თაყვანისმცემლები მის 2-საათიან კონცერტს და იმ ცნობილ ჰიტებს ელოდებიან, რომლებითაც იტალიელმა მომღერალმა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მსმენელს თავი შეაყვარა.
დაკავშირებულ თემაზე:
კომენტარები