მიგრაციასაბერძნეთი

საბერძნეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა – ქვეყანა ზღვაში დაღუპულ მიგრანტებს გლოვობს

მიგრანტებით სავსე თევზსაჭერი ნავი, რომელზეც, სხვადასხვა მონაცემით, 400-დან 750-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, სულ მცირე, 100 ბავშვი, 14 ივნისს, დილით იონიის ზღვაში, ბერძნულ კუნძულ პილოსის მახლობლად ჩაიძირა.

15 ივნისის დილისთვის დადასტურებულია 79 ადამიანის სიკვდილი. მაშველებმა გადაარჩინეს 104 მიგრანტი, რომლებიც ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს.

მთელი ძალებით მიმდინარეობს ძიება ადამიანებისა, რომლებიც შემთხვევის შედეგად ზღვაში აღმოჩნდნენ, თუმცა ცოცხლად გადარჩენილთა პოვნის იმედი თითქმის აღარ არსებობს.

ძებნა დღე-ღამეზე მეტია მიმდინარეობს და წინა ღამითაც არ შეჩერებულა, თუმცა გადარჩენილთა რიცხვი – 104 არ შეცვლილა. 79 ცხედარი კი სანაპირო დაცვის ნავებმა ამოიყვანეს წყლიდან და პორტის რეფრიჟერატორში გადაიყვანეს.

სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ხომალდებთან ერთად სამხედრო ვერტმფრენებიც მონაწილეობდნენ. დაკარგულია ასობით ადამიანი. გემზე უმეტესად ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, ისინი ეგვიპტიდან, სირიიდან, პალესტინიდან და პაკისტანიდან, ზღვით, იტალიაში მიდიოდნენ..

მედიის ინფორმაციით, გადარჩენილ 104 ადამიანს შორისაა:

  • 43 ეგვიპტელი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი;
  • 12 პაკისტანელი;
  • 47 სირიელი, მათ შორის, 3 არასრულწლოვანი;
  • 2 პალესტინელი.

მედიაში აღნიშნულია, რომ გადარჩენილთა შორის მხოლოდ მამაკაცები არიან 16-დან 0 წლამდე, მათ უმეტესობას ჰიპოტთერმიის, ჰიპოკლიკემიისა და პნევმონიის პრობლემები ჰქონდა, ხოლო ბევრმა გადარჩენილი გონებადაკარგული იყო, როცა წყლიდან ამოიყვანეს

სანაპირო დაცვის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იყო თევზსაჭერი ნავი, რომელიც 13 ივნისს, შუადღისას შენიშნეს. სანაპირო დაცვამ გემს დახმარება შესთავაზა, მაგრამ იქ მყოფმა მიგრანტებმა უარი თქვეს, მათ უნდოდათ, იტალიისკენ გაეგრძელებინათ გზა.

რამდენიმე საათის შემდეგ გემიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ძრავა დაზიანდა. გზავნილიდან მალევე გემი გადაბრუნდა და დაახლოებით 15 წუთში კუნძულ პილოსის მახლობლად ჩაიძირა.

ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბორტზე მყოფთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა იმ ტევადობას, რაც დაშვებული იყო ნავისთვის.

ათობით გადარჩენილი მიგრანტი ახლა ქალაქ კალამატის ერთ-ერთი საწყობში დროებით თავს აფარებს. მათი უმეტესობა თავშესაფარში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს, ნაწილი კი შოკიდან გამოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

მაშველების მიერ გადარჩენილი მიგრანტები ქალაქ კალამატაში საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ მოინახულა . მან განაცხადა, რომ მთელი ქვეყანა შოკირებულია. საბერძნეთის მთავრობამ მომხდარს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრაგედია უწოდა და სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

მომხდართან დაკავშირებით 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი ეგვიპტელია. ისინი ადამიანების ტრეფიკინგში არიან ბრალდებული.

გაეროს მონაცემებით, ცენტრალურ ხმელთაშუაზღვისპირეთში 2014 წლიდან დაღუპული და დაკარგულია 20 000-ზე მეტი მიგრანტი.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, 8 ივნისს, ლუქსემბურგში გამართულ კონფერენციაზე ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალური გზით შესულ მიგრანტებთან დაკავშირებით ახალი წესები დაამტკიცეს და რეფორმას მხარი დაუჭირეს. 

მანანა ბანძელაძე

ახალი წესები ევროკავშირში შესული მიგრანტებისთვის: რას გულისხმობს რეფორმა, რომელიც ევროპელმა ძალოვანმა მინისტრებმა დაამტკიცეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close