მიგრაციამსოფლიოჩვენი ფავორიტი

ახალი წესები ევროკავშირში შესული მიგრანტებისთვის: რას გულისხმობს რეფორმა, რომელიც ევროპელმა ძალოვანმა მინისტრებმა დაამტკიცეს

ევროკავშირის ქვეყნების შს და იუსტიციის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რადიკალურად შეიცვალოს ევროკავშირში თავშესაფრის და დროებითი დაცვის მიცემის პროცედურა. ნახეთ, რაში მდგომარეობს შეთანხმებული წესების არსი, რომელთა მიზანსაც არალეგალურ მიგრანტთა ნაკადების მკვეთრი შემცირება წარმოადგენს

მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებული რეფორმა, რომელიც 8 ივნისს, საღამოს ევროკავშირის ქვეყნების შს და იუსტიციის მინისტრებმა დაამტკიცეს ლუქსემბურგში გამართულ კონფერენციაზე, დიდი მცდელობის შედეგად მიღწეული კომპრომისია. ამის შესახებ DW წერს

რეფორმის წინააღმდეგ ხმა მისცეს პოლონეთმა და უნგრეთმა, რომლებიც, პრინციპში, თავიანთ ტერიტორიაზე დევნილების მიღებაზე უარს აცხადებენ. სამმა ქვეყანამ თავი შეიკავა: საქმე ისაა, რომ ავსტრია და ნიდერლანდები უფრო მკაცრ ზომებს ითხოვდნენ, გერმანია კი – პირიქით, უფრო გულმოწყალე და ჰუმანიტარულ დამოკიდებულებას ბავშვებთან ერთად ჩასული არალეგალური მიგრანტების ოჯახების მიმართ.

მიგრანტთა ბანაკები ევროკავშირის გარე საზღვრების ტერიტორიაზე

რეფორმა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს, აუქმებს ჯერ კიდევ მოქმედ ნორმას, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ამა თუ იმ გზით მოხვედრილ ნებისმიერ უცხოელ მიგრანტს შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ თავშესაფრის მინიჭებაზე ან დროებით დაცვაზე მის განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავენ ძალიან გულმოდგინედ.

რეფორმის თანახმად, შერჩევის წინასწარი ცენტრალიზებული პროცედურა უკვე ევროკავშირის გარე საზღვრებზე ჩატარდება: არალეგალები იმ ქვეყნებიდან, რომელთა მოქალაქეებიც ამჟამად, საშუალოდ, 20%-ზე ნაკლებ შემთხვევაში იღებენ ევროკავშირში დარჩენის უფლებას, სპეციალურ ბანაკებში განთავსდებიან. მათი თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადს დაჩქარებული პროცედურით განიხილავენ და ოპერატიულად მოხდება დეპორტაცია. ისინი აღარ ჩაითვლებიან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესულებად.

ასეთივე წესია განისაზღვრა იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებისათვის, რომლებიც ე. წ. „უსაფრთხო“ ქვეყნების რიცხვს განეკუთვნებიან – ანუ ისეთი ქვეყნების, სადაც ევროკავშირის შეფასებით, ადამიანის უფლებები დაცულია. ასეთ ქვეყნებად, სავარაუდოდ, ჩაითვლება სახელმწიფოები, როგორიცაა: მაროკო, ტუნისი, ალჟირი, თურქეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, აგრეთვე, მოლდოვა და საქართველო.

„ტრანზიტი“ ევროკავშირში ჩაიკეტება

უფრო მეტიც: სხვა მიგრანტები, რომელიც ევროკავშირში „უსაფრთხო“ სახელმწიფოების გავლით ჩავლენ, საერთოდ ვერ შეძლებენ თავშესაფრის მიღებაზე განაცხადის გაკეთებას – მათ მაშინვე, როგორც ევროკავშირში არშესულებს, უკან გაგზავნიან „უსაფრთხო“ ტრანზიტულ ქვეყანაში, რათა მათ თავშესაფრის მოთხოვნით ამ ქვეყნის ხელისუფლებას მიმართონ.

ევროკავშირის გარე საზღვრებზე მდებარე ბანაკებში ყოფნის დრო (ბანაკიდან გასვლის შესაძლებლობის გარეშე), როგორც ლუქსემბურგში გამართულ კონფერენციაზე მინისტრებმა დაამტკიცეს, 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს: 12 კვირა – განაცხადების განხილვისთვის იქნება განსაზღვრული და კიდევ 12 კვირა დეპორტაციის პროცედურისთვის.

გერმანიის მცდელობა, გამონაკლისი დაეშვათ არასრულწლოვან შვილებთან ერთად შესულ მიგრანტთა ოჯახებისთვის და ისინი ბანაკებში არ განეთავსებინათ – წარუმატებლად დასრულდა, რადგან მყარი გამოდგა არგუმენტი, რომ კონტრაბანდისტები აუცილებლად ისარგებლებენ ამგვარი გამონაკლისებით, რათა ევროკავშირში ჩაიყვანონ სწორედ „ოჯახები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად“.

გერმანული პლაჟი ხმელთაშუა ზღვაზე

გასულ წელს (უკრაინელი დევნილების გამოკლებით) ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი დაახლოებით მილიონმა მიგრანტმა მოითხოვა სხვადასხვა ქვეყნიდან. ამასთან, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი თვიდან თვემდე დაახლოებით 2-ჯერ აღემატება საფრანგეთის მაჩვენებელს და სამჯერ – იტალიისა და ესპანეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას.

2015 წელს წინა კანცლერის, ანგელა მერკელის „სტუმართმოყვარე“ პოლიტიკის გამო მიგრაციასთან დაკავშირებით ბევრს მსოფლიოში დღესაც მიაჩნია, რომ გერმანიაში თავშესაფრის მიღება შედარებით ადვილია. თანაც საყოფაცხოვრებო და ფინანსური პირობებიც მათთვის, ვინც საკუთარ მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას ელოდება და მათთვისაც, ვინც გერმანიაში ლეგალურად ყოფნის უფლება მიიღო ამა თუ იმ სტატუსით, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.

ამასთან, როგორც გერმანიის მთავრობაში აღნიშნავენ, მიგრანტთა 80 პროცენტი, რომლებმაც გერმანიის მთავრობას მიმართეს, არ ყოფილან დარეგისტრირებულები ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი აშკარად ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შემოვიდნენ. როგორც კანცლერმა ოლაფ შოლცმა იხუმრა, შესაძლოა  ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე არსებობს გერმანული პლაჟის მონაკვეთი, რომელზეც ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის…

სოლიდარობა ძალდატანებით

რეფორმის თანახმად, ევროკავშირში ჩასული ყველა არალეგალური მიგრანტი, უპირველესად, მკაცრად აღირიცხება ევროკავშირის შიდა საზღვრების გადაკვეთის შემთხვევაში და მეორე – ისინი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მათი მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად განაწილდებიან. ეს, როგორც გერმანიის შს სამინისტრომ დათვალა, ნიშნავს, რომ გერმანიაზე, რომლის მოსახლეობაც 83.2 მლნ-ია, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა 21,56% მოვა.

ქვეყნებს შეეძლებათ აუცილებლობის შემთხვევაში გარკვეული რაოდენობის მიგრანტთა მიღება ფულადი კომპენსაციით აიცილონ თავიდან – ერთი არმიღებული არალეგალი მათ ხაზინას 22 ათასი ევრო დაუჯდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე სახელმწიფო მისთვის განსაზღვრული რაოდენობის მიგრანტზე მეტის მიღების შემთხვევაში თითოეულზე ბიუჯეტის დანამატს მიიღებს. „სოლიდარობის ჯარიმა“ სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს, როგორც შენატანი სასაზღვრო რეჟიმის გასაძლიერებლად, ან ამ მიზნით საკუთარი პერსონალის გამოყოფით.

ვინ ვერ მიიღებს „საშვს“ ევროკავშირში

სტატისტიკის თანახმად, რომელსაც ყოველთვიურად აქვეყნებს მიგრაციისა და დევნილთა საქმეების ფედერალური უწყება (BAMF), იმ ქვეყნების პირველ ათეულში, რომელთა მოქალაქეები 20%-ზე უფრო მეტ შემთხვევაში იღებენ თავშესაფარს და დაცვას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, შედის: ერიტრეა (85,2%), სირია (84,2%), სომალი (77,5%),  ავღანეთი (73,8%), ირანი (27,2%) და ერაყი (23,6%). მაგრამ ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ევროპაში მიგრანტთა ძირითადი ნაკადები შედიან. კიდევ რომელი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირში და, კერძოდ, გერმანიაში დარჩენის შანსი?

„დოიჩე ველემ“ BAMF-ისგან მოიპოვა შესაბამისი მონაცემები, თუმცა უწყებაში კორესპონდენტს განუმარტეს, რომ დევნილად აღიარების მაღალი პროცენტი ჯერ კიდევ არ არის მაჩვენებელი და მართლაც ასეა. მაგალითად, გერმანიაში მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში საბერძნეთის მოქალაქეების დევნილად აღიარების მაჩვენებელმა 100%-ს მიაღწია  – გერმანიის ხელისუფლებას ამ პერიოდში დევნილად აღიარების თხოვნით მხოლოდ ერთმა ბერძენმა მიმართა.

ქვეყნები, რომელთა 100-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით და მათგან 20%-ზე მეტი განაცხადი დაკმაყოფილდა, არის: ეთიოპია, გვინეა, სუდანი, იემენი, პაკისტანი, ვენესუელა, ჩინეთი და ტაჯიკეთი.

შესაბამისად, არალეგალურ მიგრანტებს სხვა დაახლოებით 180 ქვეყნიდან, რეფორმის თანახმად, ფაქტობრივად, თეორიული შესაძლებლობაც კი არ აქვთ, რომ ევროკავშირში დევნილის სტატუსი მიიღონ.

„დოიჩე ველეს“ მიხედვით

თარგმნა ნინო ხოშტარიამ

დაკავშირებულ თემაზე: 2022 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 ათასზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close