არ გამოიყენოთ შაქრის შემცვლელი, თუ წონის დაკლებას ცდილობთ, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ გაიდლაინში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
როგორც ჯანდაცვის გლობალურმა ორგანიზაციამ განაცხადა, არსებული მტკიცებულებების სისტემატური მიმოხილვა ცხადყოფს, რომ უშაქრო დამატკბობლების გამოყენებას „არავითარი გრძელვადიანი სარგებელი არ მოაქვს სხეულის ცხიმის შესამცირებლად მოზრდილებში ან ბავშვებში“.
მიმოხილვამ ასევე ცხადყო, რომ შესაძლოა პოტენციური არასასურველი ეფექტი დადგეს შაქრის შემცვლელების ხანგრძლივი გამოყენების გამო, როგორიცაა მე-2 ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკი.
„ადამიანებმა უნდა განიხილონ სხვა გზები, რათა შეამცირონ თავისუფალი შაქრის მიღება. კერძოდ, მიიღონ საკვები, რომელიც ბუნებრივად შეიცავს შაქარს, როგორიცაა ხილი, ან უშაქრო საკვები და სასმელები. უშაქრო დამატკბობელი არ არის აუცილებელი დიეტური ფაქტორი და არ გააჩნია საკვები ღირებულება. ადამიანებმა უნდა შეამცირონ თავიანთ რაციონში სიტკბოობა ცხოვრების ადრეულ ასაკში, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა ჯანმოს დირექტორმა კვებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში, ფრანჩესკო ბრანკამ.
ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ რეკომენდაცია ვრცელდება ყველა ადამიანზე, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც დიაბეტი ჰქონდათ.
„ეს ახალი გაიდლაინი ეფუძნება უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის საფუძვლიან შეფასებას და ის ხაზს უსვამს იმას, რომ ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება არ არის კარგი სტრატეგია წონის დაკლებისთვის“, – აღნიშნა მკვლევარმა, იან ჯონსონმა.
imedinews.ge
კომენტარები