„ჩემი საბოლოო ოცნება-მიზანი სიმღერით გზის გაკვლევაა“ – დოდონა ნამორაძე ბერძნული კონკურსის დეტალებსა და სხვა ამბებზე (ვიდეო)
„ჩემი საბოლოო ოცნება-მიზანი სიმღერით გზის გაკვლევაა“, – გულს მიშლის ინტერვიუს დროს დოდონა ნამორაძე, რომელმაც დიდი სიხარული მოუტანა და ძალიან შეაყვარა თავი საბერძნეთის ქართველ ემიგრანტებს უბადლო ნიჭითა და უშუალობით… და არა მარტო მათ, ასევე, ბერძნებსაც.
დოდონა მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. ექვსი წლის იყო, მშობლებმა თბილისის მეათე მუსიკალურ სკოლაში რომ შეიყვანეს. ათი წლისა ამღერდა...
– თერთმეტი წელია ვუკრავ, მუსიკალური განათლება რომ არ მქონდეს, ასე ვერ ვიმღერებდი. პირველ რიგში, პიანისტი ვარ, მაგრამ ჯერჯერობით შევწყვიტე, ყველაფერს ერთად ვერ ვასწრებ.
მერე, არ გენატრება, ხანდახან არ მიუჯდები ხოლმე ფორტეპიანოს?
მენატრება, როგორ არა, ჩემთვის კი ვუკრავ ხოლმე, უბრალოდ, პროფესიულ დონეზე და სცენაზე აღარ…
კლასიკური მუსიკოსი როგორ გადაერთე ჯაზზე?
მიყვარს ჯაზი, სხვათა შორის, ფორტეპიანოზე ჯაზს ვერ ვუკრავ, კლასიკური მუსიკის ჩარჩოებში ვარ ჯერ, ასე რომ, მხოლოდ ხმით ვახერხებ იმპროვიზებას.
როგორ ფიქრობ, საქართველოს კონკურსში „ნიჭიერში“ სათანადოდ ვერ დაგაფასეს? ბევრი ფარ-ხმალს დაყრიდა, არა თუ უცხო ქვეყნის მუსიკალურ კონკურსში მიიღებდა მონაწილეობას.
ისეთი ადამიანები მყავს გარშემო, ძალიანაც რომ მინდოდეს, ფარ-ხმალს ვერ დავყრი. არა, არ ვფიქრობ, რომ სათანადოდ ვერ შემაფასეს, ყველას თავისი გემოვნება აქვს. „ნიჭიერი“ არ არის სიმღერის კონკურსი – მოდი, სიმართლე ვთქვათ… არც მქონია დიდი მოლოდინი, რომ პირველ ადგილზე გავიდოდი. უცხოეთში თუ არ გაიმარჯვე რომელიმე კონკურსში, ისე საქართველოში არ დაგაფასებენ, სამწუხაროდ.
საბერძნეთის Voice-ში როგორ მოხვდი?
შევავსე აპლიკაცია, ვიდეო მომთხოვეს და „ნიჭიერის“ ვიდეოები გავგზავნე, შემდეგ ერთ-ერთი სიმღერის აკაპელა. დამირეკეს და… ასე დაიწყო ეს ყველაფერი.
რამდენი კონკურსანტი იყო თავიდან, ხომ არ იცი?
ძალიან ბევრი, დაახლოებით ხუთასამდე, თუ არ ვცდები, 132 დავრჩით. ნახევარფინალში – შვიდი, ბოლოს, ფინალში ორი – მარია და მე.
შენი აზრით, ბერძნული სიმღერა რომ გემღერა, გახვიდოდი პირველ ადგილზე?
მასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობ, გვქონდა საუბარი ამ თემაზე „ქოუჩთან“, მაგრამ მე მაქვს პრინციპი: ის სიმღერა უნდა ვიმღერო, რომელიც მიყვარს და არა ის, რომელსაც შეუძლია გამარჯვება მომიტანოს. ჩემთვის მთავარია ვისიამოვნო.
კარგი, სიმღერას თავი დავანებოთ და ბერძნული ენის შესწავლის სურვილი არ გაგჩენია?
რა თქმა უნდა, მანდ თუ დავთანხმდები და ავიწყობ კარიერას.
შემოთავაზებები ხომ არ გქონია?
არა, ჯერჯერობით არაფერი. სულ ახლახან დამთავრდა ეს კონკურსი, ასე რომ, ადრეა ჯერ.
ჟიურის წევრებისგან? პანო მუზურაკისმა პირდაპირ გითხრა შეფასებისას, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ სცენაზე, შენ კი აქ უნდა იჯდეო.
დიახ, ეგ პირად საუბარშიც მითხრა. კი იყო შემოთავაზებები, მაგრამ არ მინდა, ამ ეტაპზე ყურადღება გავამახვილო.
შენს „ქოუჩს“ როგორ დაახასიათებდი?
კონსტანტინოს? (ხმა საოცრად უთბება)… კონსტანტინო (კონსტანტინოს არგიროსი – რედ.) არის ადამიანი! არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცნობადია და მწვერვალზეა, მიუხედავად ვარსკვლავობისა, ადამიანობა არ დაუკარგავს. არასდროს გაგრძნობინებს, რომ შენზე მაღლა დგას, უფროსი ძმა და მენტორია.
სცენაზე დგომა დიდად არ გამომდის, ძალიან დამეხმარა ამაში, კამერებთან მუშაობა მასწავლა, რითაც მანამდე ვერ დავიკვეხნიდი, თუმცა ქუჩის მუსიკოსობაც ხალხთან კონტაქტის დიდი სკოლაა. მინდა აღვნიშნო, რომ კონსტანტინო ყოველდღე ვერ მოდიოდა, კრისტინა რალი გვამეცადინებდა – ძალიან ვუმადლი მას, უდიდესი პროფესიონალია.
სიმღერებს ვინ არჩევდა, ისინი გთავაზობდნენ თუ თავად შენ?
მე ვთავაზობდი თითქმის ყველა ტურში, კრისტინა ძალიან მეხმარებოდა, ყველაზე დიდი დრო სიმღერის შერჩევაში გვეხარჯებოდა. მე ყოველთვის ბოლოს ვირჩევდი, სხვები რომ ერთ კვირას ანდომებდნენ რეპეტიციებს, მე მხოლოდ ბოლო დღეს გავდიოდი. კონსტანტინო და კრისტინა ყოველთვის ცდილობდნენ, ისეთი სიმღერა შეგვერჩია, ბუმს რომ მოახდენდა.
რატომ აირჩიე კონსტანტინო?
საერთოდ არ მყავდა მხედველობაში, ძველ ვიდეოებს რომ ვუყურებდი და ვხედავდი, ვის უტრიალდებოდა და ვის არა, არ მომწონდა მისი შეფასებები. პირველ ადგილზე პანო (პანოს მუზურაკისი – რედ.) მყავდა, მეორეზე საკი (საკის რუვასი – რედ.) და მესამეზე ელენა (პაპარიზუ – რედ.), არგიროსს გამოვრიცხავდი კატეგორიულად. საკიმ და პანომ მიმღერეს კიდეც, მაგრამ როცა კონსტანტინომ მითხრა, ჩემთან გიწვევ, რომ გავიმარჯვოთო, დავთანხმდი. დრო რომ უკან დაბრუნდეს, ისევ ასე მოვიქცეოდი.
ერთ-ერთი შეფასების დროს კონსტანტინომ აღნიშნა, რომ ოდესღაც მოჰყვება ერთ ამბავს შენ შესახებ, ოღონდ ახლა არა, ნახევარფინალისტები რომ არ დავაკნინოო… ხომ არ იცი, რას გულისხმობდა?
ვაიმე, არა, მე ხომ არ მესმის ბერძნული! არ ვიცი… ერთ-ერთ რეპეტიციაზე ჩემი ცხოვრების შესახებ ვრცლად ვესაუბრე, მომიტრიალდა და მითხრა: „ახლა ვხვდები, საიდან მოდის ეს არაჩვეულებრივი ხმა“… ასე რომ, არ ვიცი, რომელ მონაკვეთს გულისხმობდა იმ ვრცელი ისტორიიდან.
ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთ-ერთი სიმღერის შესრულების დროს შავ ყუთზე რომ ვზივარ, უძალიანესად შავი ქუდი უნდა მფარებოდა. რეპეტიციის დროს ამოვიდა კონსტანტინო და მითხრა, როცა მღერი, ანათებ, ეს dark ქუდი კი ამ ნათებას თრგუნავს, ასე რომ, არ არისო საჭიროო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველა სიმღერას ერთად ვარჩევდით, ძალიან ნერვიულობდა, ბოლომდე ვერ გახვალ, ბერძნები არ მოგცემენ ხმასო.
კონკურსის დამთავრების შემდეგ ქართველები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ სათანადოდ ვერ დაგიდგნენ გვერდში, პირველობა რომ მოგეპოვებინა. ჩემი აზრით, მხოლოდ ქართველები ვერაფერს გახდებოდნენ და ფინალში ვერ გახვიდოდი, ბერძნებსაც რომ არ მოეცათ ხმა, ანუ ბერძნების დამსახურებაც არის, იციან ნიჭის დაფასება. ჩემი ბერძენი მეუღლე შენზე ამბობდა: ეს გოგო კოსმოსური ხომალდია, დანარჩენი კონკურსანტები ველოსიპედით მისდევენ და ვერასდროს დაეწევიანო.
დიდი მადლობა გადაეცით ჩემგან თქვენს მეუღლეს ასეთი შეფასებისთვის.
ბებიაჩემი ცამეტი წელი მუშაობდა ელადაში, ვიცი, რამდენ რამეს უძლებენ ემიგრანტები და ის ერთი ზარიც რომ გაიმეტეს, ძალიან მადლიერი ვარ, ვხედავდი, რასაც აკეთებდნენ ჩემთვის. მადლობელი ვარ ბატონი ავთანდილ მიქაბერიძის (ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიის“ ხელმძღვანელი), რომელიც მხარში დამიდგა, ასევე, ფეისბუქგვერდის, georgians.gr-ის ადმინის, ის რომ არა, ამდენი ქართველი ვერ გაიგებდა ჩემი მონაწილეობის შესახებ ამ კონკურსში.
რაც შეეხება ბერძნებს, ბევრი მწერდა შემდეგ დღეებში, შენ იმსახურებდი პირველობას და შენთვის ვრეკავდითო. საერთოდ, კარგი ხალხია, შემიყვარდა ეს ერი, დიდი პოზიტივი მოდიოდა მათგანაც.
რა მოგეწონა ყველაზე მეტად ელადაში?
საჭმელი (იცინის), „გიროზე“ ვგიჟდებოდი, ტურიდან შინ მისული სულ „გიროს“ ვუკვეთავდი, სერიოზულად მოვიმატე წონაში.
ქართველები შაურმას ადარებენ, მე პირადად – არა...
ბევრად სჯობს შაურმას, უბრალოდ, მომზადების მეთოდი წააგავს ცოტათი…
იცხოვრებდი სამუდამოდ საბერძნეთში?
ჩემთვის რთულია სამუდამოდ საბერძნეთში ან სადმე სხვაგან ცხოვრება. მიყვარს მოგზაურობა, სიახლეების აღმოჩენა, ერთ ადგილზე გაჩერებას ვერ შევეგუები, ამ ეტაპზე მაინც.
მოდი, ისევ კონკურსს დავუბრუნდეთ: პირველ ადგილზე რომ გასულიყავი, ფიქრობ, რომ შენი ცხოვრება შეიცვლებოდა?
ჩემი აზრით, ორეულში გასვლა უკვე გამარჯვებაა. ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ თუკი პირველ ადგილზე გასვლა მომიტანდა ბედნიერებას, კარგი იქნებოდა, თუ არადა მეორე ადგილზე გასვლას დავჯერდებოდი. როცა ფაქტის წინაშე დავდექით, უკვე მქონდა შეგრძნება, რომ ვერ გავიმარჯვებდი. მარიას გახარებული სახე რომ დავინახე, მეც უბედნიერესი ვიყავი მასთან ერთად. იმ დღეს კარგად ვიყავი, ვერ ვიაზრებდი ჯერ, რომ ყველაფერი დამთავრდა. მერე დამშვიდებულმა რომ ვუყურე და მოვისმინე, გული დამწყდა, ვოკალურ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ… თუმცა მომენტებში ვფიქრობ, რომ უკეთესია ასე რომ მოხდა, რადგან შეიძლება ბერძნებისგან წამოსულიყო აგრესია, უცხოელს რომ გაემარჯვა.
რამდენი თვე მოგიწია საბერძნეთში ყოფნა?
ერთი წელი დაახლოებით, მაგრამ ტურებს შორის ინტერვალებში საქართველოში ვბრუნდებოდი.
და საქართველოს ძალიან მონატრება ვერ მოასწარი, ხომ? ერთ-ერთ ვიდეოპოსტში ამბობ, რომ ნოსტალგია შემოგაწვა და ბერძნებიც კი აამღერე ქართულად.
ტელევიზიაში ძალიან ადრე მივდიოდით, რომ გავმზადებულიყავით, ჩაცმა, მაკიაჟი… ამის შემდეგ რამდენიმე საათი გვქონდა თავისუფალი, სწორედ ამ ინტერვალის დროს ავმღერდი ქართულად და ავამღერე მონაწილეებიც.
მერე, არ გაუჭირდათ?
არა (იცინის), ბანის მოსაცემად ორიოდე ნოტია საჭირო, ასე რომ, ნამდვილად არ გასჭირვებიათ.
„Make it rain“-ის მოსმენისას ჟრუანტელმა დამიარა…
ეს იყო ჩემი პერფორმანსი, ასე არასდროს მიმღერია. სულ ვამბობ იმ საღამოს შემდეგ, რომ გავედი ასტრალში და შევხვდი ჩემს მეორე მე-ს, თავიდან გავიცანი ჩემი თავი… სამჯერ კინაღამ გული წამივიდა, ეს ვერავინ შეამჩნია, მე კი აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი, ფეიმ რომ მკითხა: „ხომ კარგად ხარ?“
„ევროვიზიაზე“ მონაწილეობის სურვილი ხომ არ გაქვს?
ვის არა აქვს?! მხოლოდ, რაც ყველაზე ძალიან მინდა, ესაა საქართველოს სახელით მონაწილეობა. თუ მაინცდამაინც უცხოეთიდან იქნება, გარდა რუსეთისა, უარს არ ვიტყვი.
თამთა ხომ არ შეგხმიანებია?
სულ პირველ რეპეტიციაზე პირველმა მწვრთნელმა დაურეკა, ქართველი მონაწილეობსო. ვესაუბრე, შენ გვერდით მიგულეო, მაგრამ შემდეგ აღარ გამოჩენილა. ალბათ ბევრი საქმე აქვს და ვერ მოიცალა.
8 აპრილს თესალონიკში გაქვს კონცერტი და 30 აპრილს – ათენში ხომ?
დიახ, ათენში ბატონი ავთანდილ მიქაბერიძის ინიციატივით გაიმართება კონცერტი.
წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო უნიჭიერესო გოგო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!
ესაუბრა ია თულაშვილი
კომენტარები