გერმანიის შრომის სამინისტროს ცნობით, 2022 წელს გერმანიაში ორ მილიონამდე ვაკანსია იყო, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია, ამიტომ გერმანიის მთავრობამ საიმიგრაციო რეფორმის პროექტი წარადგინა, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ძალის ნაკლებობის აღმოფხვრისკენაა მიმართული.
როგორც „როიტერი“ წერს, კანონპროექტი დასაქმების მსურველებს გერმანიაში ჩასვლის სამ გზას სთავაზობს:
პირველი გერმანიაში აღიარებული პროფესიული განათლებას ან საუნივერსიტეტო ხარისხს საჭიროებს, ასევე დასაქმების კონტრაქტს;
მეორე გზა ითვალისწინებს შესაბამის სფეროში მუშაობის, სულ მცირე, ორწლიან გამოცდილებას და, ასევე, ხარისხს ან პროფესიულ მომზადებას;
მესამე კი არის ე.წ. შესაძლებლობების ბარათი, რომელიც გათვალისწინებულია იმ პირთათვის, რომლებსაც შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არ აქვთ, თუმცა აქვთ სამსახურის პოვნის პოტენციალი. აღნიშნული პროგრამა ქულების სისტემას ეფუძნება, რომლითაც ფასდება კვალიფიკაცია, ენების ცოდნა, პროფესიული გამოცდილება, კავშირები გერმანიასთან და ასაკი.
რეფორმის პროექტის ერთ-ერთი ნაწილია ახალი საიმიგრაციო კანონი, რომელიც იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩადიან, ძირითად დაბრკოლებებს აღმოფხვრის. კანონპროექტს შეუძლია, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასული მუშახელის რაოდენობა ყოველწლიურად 60 ათასით გაზარდოს.
რეფორმის შესახებ კომენტარი გააკეთა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა: „თუ ადამიანები თან ჩამოიტანენ პროფესიულ გამოცდილებას ან პირად პოტენციალს, ჩვენ შესაძლებელს გავხდით, რომ მათ ფეხი მოიკიდონ ჩვენს შრომით ბაზარზე“, – აღნიშნა ნენსი ფაეზერმა.
„კვალიფიციური სამუშაო ბაზის უზრუნველყოფა გერმანიის უდიდესი ეკონომიკური ამოცანაა მომავალი ათწლეულების განმავლობაში“, – განაცხადა გერმანიის შრომის მინისტრმა ჰუბერტუს ჰაილმა.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები