დღეს „თბილისი“ არენაზე, ფაქტობრივად, დრამატული მატჩი გაიმართა საქართველოსა და ისლანდიის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებებს შორის. მატჩის შედეგს უნდა გადაეწყვიტა, მათგან რომელი გუნდი გავიდოდა ჯგუფიდან და მსოფლიო თასზე ითამაშებდა. საქართველოს ერთგვარი „ბონუსიც“ ჰქონდა, რადგან ქართველებმა სტუმრად რეიკიავიკში მოიგეს 85:88 და ახლა საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ, თან 3 ქულის სხვაობით დამარცხების შემთხვევაშიც ჰქონდათ შანსი, შესარჩევი ეტაპიდან გასულიყვნენ ჯგუფის უკონკურენტო ლიდერებთან – ესპანეთის და იტალიის ნაკრებებთან ერთად.
შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, თითქმის თანაბრად, არცერთი გუნდის უპირატესობა აშკარად გამოკვეთილი არ ყოფილა, ბოლო წუთები კი ნამდვილი ნერვების სიმტკიცის გამოცდა აღმოჩნდა. ფაქტობრივად, ბოლო წამებში გადაწყდა, ვინ დაიკავებდა ჯგუფში მესამე ადგილს და გავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ.
მართალია, ისლანდიამ „თბილისი არენაზე“ დღეს 3 ქულის სხვაობით მოიგო 77:80, მაგრამ რადგანაც ქართველებს უფრო მეტი ქულა ჰქონდათ აღებული სტუმრად (88), საბოლოოდ სწორედ ისინი მოხვდნენ საუკეთესო სამეულში და გააგრძელებენ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრძოლას, რაც ისტორიული შედეგია – საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო თასზე აქამდე არასდროს უასპარეზია.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ 10 თამაშიდან 5 მოიგო, მათ შორის, ერთ შეხვედრაში ლიდერის – ესპანეთის ნაკრების დამარცხებაც კი შეძლო.
კომენტარები