ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით კიევს ესტუმრა. New York Times-ის ცნობით, ბაიდენი კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა. ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
ჟურნალი Rolling Stone-ი თეთრი სახლის მაღალი რანგის თანამშრომლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბაიდენს ამ ვიზიტის რამდენიმე გეგმა შესთავაზეს – ერთ-ერთი იყო ამერიკის პრეზიდენტის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე, გასაიდუმლოებულ ადგილას; მეორე გეგმა იყო შეხვედრის ჩატარება ლვოვში, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსებმა რამდენჯერმე დაბომბეს, თუმცა მაინც შედარებით უსაფრთხო ადგილად რჩება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილთან შედარებით. ჯო ბაიდენმა კი სწორედ კიევში მოისურვა ჩასვლა.
თეთრმა სახლმა ამ ვიზიტამდე რამდენიმე ხნით ადრე განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი 20-22 თებერვალს პოლონეთს ეწვეოდა და პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდებოდა, უკრაინაში, კიევში ბაიდენის ჩასვლის შესახებ სიტყვაც არ თქმულა.
დღეს დილით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მნიშვნელოვან სტუმარს ელოდებოდნენ, თუმცა მისი ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ.
დილიდან კიევში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, გადაიკეტა რამდენიმე მთავარი ქუჩა, რკინიგზა, აგრეთვე, ამერიკის საელჩოს ტერიტორია, გამარჯვების მოედანი, ლესია უკრაინკას ბულვარი.
„თქვენი ვიზიტი მხარდაჭერის უაღრესად მნიშვნელოვანი ნიშანია ყველა უკრაინელისათვის“, – მიმართა ზელენსკიმ უკრაინაში მყოფ ჯო ბაიდენს. ორმა პრეზიდენტმა 9 წლის განმავლობაში (2014 წლის შემდეგ) რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალი მოინახულა.
„კარგია კიევში დაბრუნება. ვფიქრობდი, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეჭვის ნატამალიც არ არსებობდეს უკრაინისათვის ამერიკის მხარდაჭერაში. უკრაინელმა ხალხმა აჩვენა ის, რაც მანამდე ისტორიის მანძილზე ცოტას თუ უჩვენებია. მიუხედავად იმ აზრთა სხვადასხვაობისა, რაც კონგრესში არსებობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი შეთანხმება გვაქვს უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე. არ ვსაუბრობთ მხოლოდ უკრაინის თავისუფლებაზე, ვსაუბრობთ თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უფრო ფართო მასშტაბით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად მაშინ არსებული მოლოდინისა, კიევი არ დაცემულა საომარი მოქმედების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგაც.
„… ერთი წლის წინ, იმ ბნელ ღამეს მსოფლიო, ფაქტობრივად, კიევის დაცემისთვის ემზადებოდა. ერთი წლის შემდეგ კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას. ამერიკა და მთელი მსოფლიო თქვენ გვერდით დგანან“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისევ დაადასტურა, რომ ამერიკა უკრაინას მიაწოდებს „იმდენ დახმარებას, რამდენიც მას დასჭირდება“. მისივე თქმით, „პუტინის დამპყრობლური ომი უკრაინაში დამარცხებისკენ მიდის“.
„ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, კიევში ვიზიტისას ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი და რუსეთის მიმართ ახალი სანქციები დააანონსა.
ბაიდენმა კიევში დაახლოებით 5 საათი დაყო, დაღუპული ჯარისკაცების მემორიალის მონახულების გარდა იგი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებსაც შეხვდა.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო. საომარი მოქმედებები უკვე ერთი წელია, მიმდინარეობს და ვერავინ ამბობს დაზუსტებით, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს.
როგორც „ესოშიეიტედ პრესი“/AP წერს, ბაიდენის ვიზიტი მიზნად ისახავდა დასავლეთის ქვეყნების ერთიანობის შენარჩუნება უკრაინის დასახმარებლად იმ ფონზე, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, დიდი ალბათობით, საომარი მოქმედებები გაძლიერდება.
ამავე წყაროს ცნობით, ჯო ბაიდენის ვიზიტამდე ამერიკელი ჩინოვნიკები რუსეთის მხარეს დაუკავშირდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ ნებისმიერი მომენტი, რომელსაც შეიძლება ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის პირდაპირი კონფლიქტი გამოეწვია.
ნიკო აბაშიშვილი
სოციალურ ქსელებში ბაიდენის კიევში ჩასვლის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა გავრცელდა.
More footage of Biden in #Kyiv, walking with President Zelenskyy pic.twitter.com/4vHMg6mi8q
— Michael A. Horowitz (@michaelh992) February 20, 2023
კომენტარები