მსოფლიოეკონომიკა

საფრანგეთში საპენსიო რეფორმამ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია – პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზში, მარსელში, ტულუზასა და ნიცაში მილიონზე მეტი ადამიანი (პოლიციის მონაცემებით, პროფკავშირების მონაცემებით – 2 მლნ-ზე მეტი) აპროტესტებს ემანუელ მაკრონის მიერ ინიციირებულ საპენსიო რეფორმას, რომელიც საპენსიო ასაკის გაზრდას ითვალისწინებს 62-იდან 64 წლამდე. საყოველთაო გაფიცვამ, პრაქტიკულად, გააჩერა ტრანსპორტი, სკოლები და ენერგეტიკის სექტორი.

საფრანგეთის მთავრობის მიერ შეთავაზებული ცვლილებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან საპენსიო ასაკი ეტაპობრივად გაიზრდება. 2027 წლისთვის ის 63 წელს მიაღწევს, ხოლო 2030 წელს – სამიზნე ასაკს, 64 წელს.

საფრანგეთში ხელისუფლების საპენსიო რეფორმას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებმა, ენერგეტიკის და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამშრომლებმა მატარებლების მიმოსვლისა და ელექტროენერგიის წარმოების შეჩერებით უპასუხეს.

Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთში ელექტროენერგიის გენერაცია შესაძლოა კრიტიკულად შემცირდეს უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიის EDF-ის მუშების პროტესტში მონაწილეობის გამო.

გაფიცვის გამო საფრანგეთის ქალაქებში პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პარიზში დახურულია მეტროსადგურების ნაწილი. შეფერხებით მუშაობენ აეროპორტებიც.

გაფიცვაში, ასევე, მონაწილეობენ მასწავლებლები,უნივერსიტეტის სტუდენტები, სკოლის უფროსკლასელები და სხვადასხვა სექტორში დასაქმებულები. საფრანგეთის მოსახლეობის 80% საპენსიო ასაკის 64 წლამდე გაზრდას ეწინააღმდეგება.

პარიზში, სადაც ყველაზე მასშტაბური მანიფესტაცია გაიმართა, აქციაზე 500 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ქვები და სხვა საგნები დაუშინეს, ხალხის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. Le Figaro-ს ცნობით, აქციის 44 მონაწილე დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

ფოტო: THOMAS SAMSON/ AFP

პარიზის დემონსტრაციის დაწყებამდე ნაციონალური ასამბლეის ყოფილმა წევრმა (2017-2022 წწ.), პოლიტიკოსმა ჟან-ლიუკ მელანშონმა მარსელში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ „პირველი ბრძოლა წააგო“, „დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“.

თავის მხრივ, მაკრონმა აჩვენა, რომ მისი გადაწყვეტილება მტკიცეა.

მასობრივი გაფიცვას ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირების ასოციაცია CGT უწევს ორგანიზებას. მათი გეგმის მიხედვით, აქციები საფრანგეთის 215-250 ქალაქში უნდა გაიმართოს.

მედია იუწყება, რომ გაფიცვების დროს საზოგადოებრივ წესრიგს საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების 10 000-ზე მეტი პოლიციელი დაიცავს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close