საზოგადოებაჩვენი ფავორიტისაქართველო

საქართველოში პირველი სახელობითი დაცული ტერიტორია შეიქმნა – მას ნუგზარ ზაზანაშვილის სახელი მიენიჭა

საქართველოს კანონი „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. 

დაცული ტერიტორიის ფართობი 13 273 ჰექტარს შეადგენს და მისი შექმნის მთავარ მიზანს საქართველოში ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღდგენა, შენარჩუნება და დაცვა წარმოადგენს.

აზერბაიჯანელი ბუნების დამცველი იხსენებს, თუ როგორ ჩამოიყვანეს პირველი ქურციკები საქართველოში ნუგზარ ზაზანაშვილთან ერთად.

„საქართველოს პარლამენტმა მდინარე ივრის მეორე ნაპირზე ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის ახალი ნაკრძალის შექმნის შესახებ კანონი მიიღო. ღირსეული ნაბიჯია ჩემი ძვირფასი მასწავლებლის ხსოვნის უკვდავსაყოფად. არც ჩვენ დაგვვიწყებიხარ, ოსტატო. ადრე დაგვტოვე, მაგრამ დიდი გამოცდილება დაგვიტოვე.

პირველად 2013 წელს შირვანის ეროვნული პარკიდან 10 ქურციკი წამოვიყვანეთ საქართველოში, 19 საათი ვატარე დღე და ღამე ისე, რომ არ გავჩერებულვარ. ახლა იქ ქურციკების რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა. ჩვენს ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია“, – წერს ელშად ასკეროვი.

სამუხის ველი ქურციკების ერთადერთი საბინადრო გარემოა საქართველოში. შესაბამისად, ის მოიცავს ზურმუხტის ქსელის სამუხის ტერიტორიას და წარმოადგენს მნიშვნელოვან საბინადრო გარემოს ფლორისა და ფაუნის იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისთვის. აღნიშნულ ადგილზე დაცული ტერიტორიის დაარსება ხელს შეუწყობს ადგილობრივ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, საქართველოში დაცული ტერიტორიების ქსელის გაძლიერებას, საკვანძო სახეობის დაცვას, მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას და თუში მეცხვარეების ტრადიციების შენარჩუნებას.

საქართველოში პირველი სახელობითი დაცული ტერიტორიის შექმნა ბატონი ნუგზარის მიერ ქვეყნის ბუნების დაცვაში და განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღნიშვნის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებაა.

იგი 90-იანი წლების დასაწყისიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის დაარსების დროიდან, თანამშრომლობდა ამ ორგანიზაციასთან. იყო WWF-ის პროგრამების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი კოორდინაციითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით.

ნუგზარ ზაზანაშვილი არის ბუნების დაცვისადმი მიძღვნილი არაერთი პუბლიცისტური და პოპულარული პუბლიკაციის ავტორი.

მისი სამეცნიერო ინტერესი იყო კავკასიის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება, დაცული ტერიტორიები, ლანდშაფტმცოდნეობა, ლანდშაფტის ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, მცენარეულობის ეკოლოგია და კარტოგრაფირება.

ნუგზარ ზაზანაშვილი პოეტი და ესეისტიც იყო. ის 5 კრებულის ავტორია. 2021 წელს საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში მის ლექსების კრებულს „წავა წავა წავა წავა“ ლიტერატურული კონკურსის – „საბას“ პრემია მიენიჭა.

ნუგზარ ზაზანაშვილი 2021 წელს გარდაიცვალა 64 წლის ასაკში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close