ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა – რა ვიცით PATRIOT-ზე, რომლის უკრაინისთვის გადაცემასაც აშშ დათანხმდა (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს, 21 დეკემბერს, დილით ვაშინგტონში ჩავიდა. გავრცელებული ცნობით, ზელენსკიმ ომის დაწყების შემდეგ პირველად დატოვა უკრაინა. იგი აშშ-ში პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდება და კონგრესში სიტყვით გამოვა.

ვიზიტის პირველი ფოტოები და ვიდეო თავად ზელენსკიმ გამოაქვეყნა.

„დღეს  მე ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა ვუთხრა ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტს და კონგრესს ასე აუცილებელი მხარდაჭერისთვის.

გავმართავ მოლაპარაკებებს უკრაინის მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის გასამყარებლად, კერძოდ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად განვიხილავთ ორმხრივ თანამშრომლობას უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას 1,85 მლრდ დოლარის დახმარებას აღმოუჩენს, მათ შორის, საზენიტო-სარაკეტო თავდაცვით კომპლექსს – Patriot-ს გადასცემს, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს.

უკრაინისთვის  სამხედრო დახმარების 1,85 მილიარდიანი ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოფიციალურად განაცხადა.

ამრიგად, აშშ-ის საერთო სამხედრო დახმარება უკრაინისთვის 21,9 მლრდ დოლარს მიაღწევს მას შემდეგ, რაც  ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მუშაობა დაიწყო, თქვა ბლინკენმა.

აღსანიშნავია, რომ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „პატრიოტი“, რომელსაც შეუძლია ფრთოსანი რაკეტების, ახლო სიშორის ბალისტიკური რაკეტების და უფრო დიდ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავების ჩამოგდება, ვიდრე ადრე უკრაინისთვის მიწოდებულ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს შეეძლოთ.

ახალ სამხედრო დახმარებაში, აგრეთვე, შედის HIMARS-ის საბრძოლო საშუალებები და მაღალი სიზუსტის დარტყმის საბრძოლო საშუალებები, დამატებითი საბრძოლო საშუალებები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოწყობილობები, რომლებსაც უკრაინა ეფექტიანად გამოიყენებს ბრძოლის ველზე თავდაცვისთვის.

აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ გადასცეს უკრაინას საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ი პირველად ტელეკომპანია CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია 14 დეკემბერს. მისი ცნობით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ გეგმას პენტაგონის მეთაურმა ლოიდ ოსტინმა უნდა მოაწეროს ხელი, შემდეგ დოკუმენტი ჯო ბაიდენს გადაეგზავნება ხელმოსაწერად. მოსალოდნელია, რომ პროცედურა უახლოეს დღეებში დასრულდება, რის შემდეგაც კომპლექსებს უკრაინაში ჩაიტანენ. Patriot-ის სამართავად უკრაინელი სამხედროები სწავლების აუცილებელ კურსს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე გაივლიან გერმანულ გრაფენვიორეში.

ცნობისათვის: Patriot-ის სისტემები, რომელსაც შეიარაღების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი Raytheon-ი უშვებს, აშშ-ის არმიის შეიარაღებაში 1982 წლიდანაა. მისი მოდერნიზაცია მუდმივად ხდება. ამჟამინდელი ვერსიის დახასიათებაში აღნიშნულია, რომ კომპლექსს შეუძლია დაიცვას ტერიტორია ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტებისგან, ფრთოსანი რაკეტებისგან, უპილოტო საფრენი აპარატებისგან, თვითმფრინავებისა და „სხვა საფრთხეებისგან“.

ექსპერტების მოლოდინით, უკრაინა Patriot-ს თებერვალში მიიღებს.

„პატრიოტის“ ერთი კომპლექსი დაახლოებით 1,1 მლრდ აშშ დოლარი ღირს. აქედან 400 მლნ – გამშვები მოწყობილობები, ბრძანების მოდული და რადიოლოკაციური სისტემა, 700 მლნ დოლარი კი – ჩამომგდები რაკეტები. ბოლო მოდიფიკაციის ერთი ჩამომგდები რაკეტა პენტაგონს 4,1 მლნ დოლარი უჯდება.

„პატრიოტის“ თითოეული საჰაერო თავდაცვის სისტემა არ არის მხოლოდ ერთი დანადგარი, არამედ, ფაქტობრივად, საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემაა. ის ფარავს ტერიტორიას 68 კილომეტრამდე რადიუსში. მის რადარს შეუძლია ერთდროულად 50-მდე სამიზნე აღმოაჩინოს და მათგან ხუთს დაარტყას. გამოყენებული ვერსიის შესაბამისად, სამიზნის ჩამომგდებ რაკეტებს შეუძლიათ ორ კილომეტრზე მეტ სიმაღლეს მიაღწიონ და სამიზნეებს დაარტყან 160 კილომეტრამდე მანძილზე. აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის თანახმად, თითოეული დანადგარის ფუნქციონირებისთვის დაახლოებით 90 სამხედრო მოსამსახურეა საჭირო.

მწარმოებელი კომპანიის მონაცემებით, ამჟამად  Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები 16 ქვეყნის შეიარაღებაშია, მათ შორის, განთავსებულია რუმინეთში, უშუალოდ უკრაინის საზღვართან, 2 სისტემა პოლონეთში, მესამეს პოლონეთი უახლოეს მომავალში გერმანიისგან მიიღებს.

A Patriot antimissile system launcher in Rzeszow, Poland, in March. Getty Images

MIM-104 Patriot -ის კომპლექსები 1989 წლიდან ბუნდესვერის შეიარაღებაშია. 2015 წელს გერმანულ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აპირებს უარი თქვას ამერიკულ საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე და უფრო თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსებზე – MEADS-ზე (Medium Extended Air Defense System) გადავიდეს, რომელიც გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთის და იტალიის თანამონაწილეობით მუშავდება. ამ გეგმის განხორციელება გერმანიას არ დაუწყია, თუმცა 2021 წელს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არსებული Patriot-ის კომპლექსების მოდერნიზებას 2023 წლიდან დაიწყებს.

ქვეყნების უმრავლესობა, რომელთა შეიარაღებაშიც შედის Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ახლო აღმოსავლეთშია. ეს ის სახელმწიფოებია, რომლებსაც მეგობრულ ურთიერთობები აქვთ აშშ-სთან: ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, ბაჰრეინი, იორდანია, იორდანია, კატარი და ქუვეითი; „პატრიოტები“, აგრეთვე, არის ამერიკის მოკავშირე აზიის ქვეყნების – იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ტაივანის შეიარაღებაში.

ამ კომპლექსების ყიდვა ყველა მსურველს, ცხადია, არ შეუძლია. 2021 წელს თურქეთმა აშშ-ის საელჩოს მიმართა თხოვნით, Patriot-ის კომპლექსები მიეწოდებინა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ამერიკის მოკავშირეა, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, ვაშინგტონმა მას უარი უთხრა მანამ, სანამ თურქეთი რუსეთში შეძენილ საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ს უკან არ დააბრუნებს.

ნიკო აბაშიშვილი

p. s. ოთხშაბათს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ზელენსკი და ბაიდენი შეხვედრის დროს ომის დასრულების შესაძლო ვარიანტებსაც განიხილავენ.

როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ამერიკაში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტზე და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის „პატრიოტის“ სისტემის გადაცემაზე?

მოსკოვმა არაერთხელ  მიმართა ვაშინგტონს, თავი შეეკავებინა უკრაინისთვის მსგავსი შეიარაღების გადაცემისგან. 14 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც „სიენენის“ ინფორმაცია გავრცელდა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი რუსეთის შეიარაღებული ძალების კანონიერი სამიზნე გახდება, თუ აშშ მას უკრაინას გადასცემს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close