სპორტი

რა თანხები მიიღეს თითქმის ნახევარმილიარდიანი საპრიზო ფონდიდან მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა?

კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, როგორც ცნობილია, 18 დეკემბერს არგენტინის ნაკრების ჩემპიონობით დასრულდა. ძირითადი დრო ფრედ 2:2 დამთავრდა, დამატებით დროში ორივე გუნდმა კიდევ თითო გოლი გაიტანა და საბოლოოდ პენალტების სერია გახდა საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად. არგენტინამ პენალტების სერიაში 4:2 გაიმარჯვა და მსოფლიო თასის მფლობელი გახდა – შესაბამისად, ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც დაუმატა თავის მრავალრიცხოვან წარმატებას.

საუკეთესო ფეხბურთელად მესი დასახელდა, საუკეთესო ბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი კი საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი, 23 წლის კილიან მბაპე გახდა, რომელმაც ჩემპიონატში 8 გოლი გაიტანა (ფინალში ჰეთთრიკი შეასრულა).

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებისთვის საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) $440-მილიონიანი საპრიზო ფონდი გამოყო (წინა ჩემპიონატზე 2018 წელს ეს თანხა 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა).

წლევანდელ ჩემპიონს, არგენტინის ნაკრებს თასთან და ოქროს მედალთან ერთად საპრიზო თანხის სახით 42 მილიონი აშშ დოლარი ერგო (2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა საფრანგეთის ნაკრებმა მაშინ ფულადი ჯილდოს სახით 38 მილიონი აშშ დოლარი მიიღო). წელს კი ფრანგებს ვერცხლის მედლებთან ერთად 30 მილიონი აშშ დოლარი გადაეცათ.

მესამე ადგილზე გასულმა ხორვატიის ნაკრებმა, რომელმაც მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში მაროკოს გუნდს მოუგო, $27 მილიონი დოლარი გაინაღდა, მეოთხე ადგილზე გასულ მაროკოს ნაკრებს კი 25 მილიონი აშშ დოლარი ერგო.

აღსანიშნავია, რომ თანხა იმ გუნდებმაც მიიღეს, რომლებიც პლეიოფში ვერ გავიდნენ. მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაციისთვის თითოეულ მათგანს 2.5 მილიონი აშშ დოლარი შეხვდა. გარდა ამისა, ქვეყნების ნაკრებებმა, რომელთაც ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზეს, FIFA-ს საპრიზო ფონდიდან 9-9 მილიონი აშშ დოლარი მიიღეს.

მერვედფინალში გასულ გუნდებს, რომლებიც აღნიშნულ ტურში დამარცხდნენ, ჯგუფური ეტაპის თანხაზე დამატებით 13 მილიონი აშშ დოლარი გადაეცათ, ხოლო მეოთხედფინალში დამარცხებულ ნაკრებებს – 17-17 მილიონი აშშ დოლარი.

ამ თანხებიდან ნაწილს ფეხბურთელები მიიღებენ. მაგ., ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ცნობით, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი კილიან მბაპე 554 ათას ევროს (586 ათასი დოლარი) მიიღებდა ფინალში გამარჯვებისთვის.

ცნობისათვის: წლევანდელი მუნდიალი ფიფასთვის რეკორდული შემოსავლით აღინიშნა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ კატარში გამართულ ჩემპიონატს „მთელი ისტორიის მანძილზე საუკეთესო“ უწოდა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა ფინალური მატჩის წინ.

ინფანტინოს თქმით, წლევანდელმა ჩემპიონატმა ფიფას 10,5 მლრდ დოლარის შემოსავალი მოუტანა. ეს მეტია, ვიდრე სხვა ნებისმიერ ჩემპიონატზე მიღებული თანხები. წინა რეკორდი 2018-ში რუსეთში გამართულ მუნდიალზე დაფიქსირდა და მაშინ ფიფას შემოსავალი წლევანდელზე მილიარდი დოლარით ნაკლები იყო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close