მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო სომხური მხარის მიერ დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის გამო.
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 3 აგვისტოს ოპერაცია „შურისგების“ ფარგლებში მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლე აიღო. ამის შესახებ „იზვესტიას“ ცნობით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
აზერბაიჯანული Day.az-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის შემდეგ, რომელიც ოთხშაბათს, 3 აგვისტოს, დილით სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ გახორციელებული სროლების შედეგად დაიღუპა. წვევამდელი ჯარისკაცი ანარ კიაზიმოვი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. სომხები აზერბაიჯანის ლაჩინის რაიონის მიმართულებით ისროდნენ, სადაც ამჟამად დროებით განლაგებულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხებმა დაარღვიეს 2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმება ყარაბაღში დაზავების შესახებ.
ყარაბაღში სროლის შესახებ სომხური მედიაც იტყობნება. სომხეთის ვერსიით, აზერბაიჯანულმა სამხედრო დანაყოფებმა 3 აგვისტოს დილიდან დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ყარაბაღის დაცვის არმიის წინააღმდეგ ყუმბარმტყორცნები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს. მათივე ცნობით, შეტაკების შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.
მანამდე, ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთიან ყარაბაღში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადეს რეგიონში ვითარების გამწვავების გამო. შესაბამის დადგენილებას ყარაბაღის ლიდერმა არაიკ არუტიუნიანმა მოაწერა ხელი.
სომხეთსა და აზერბაიჯანს 1988 წლიდან აქვთ დავა მთიანი ყარაბაღის კუთვნილების საკითხზე. მაშინ რეგიონმა, სადაც, ძირითადად, სომხები ცხოვრობენ, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგელობიდან გასვლის შესახებ განაცხადა. 1992-1994 წლების კონფლიქტის დროს ბაქომ ყარაბაღზე კონტროლი დაკარგა. აზერბაიჯანმა 2020 წლის სექტემბერში სამხედრო მოქმედებებით რამდენიმე დასახლებული პუნქტი საკუთარი კონტროლის ქვეშ დაიბრუნა.
2020 წლის ნოემბერში აზერბაიჯანმა და სომხეთმა, რუსეთის მონაწილეობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, ამავე დოკუმენტში მოცემული იყო, რომ რეგიონში უნდა შესულიყვნენ რუსი მშვიდობისმყოფელები, მხარეებს უნდა გაეცვალათ ტყვეები, სომხეთს აზერბაიჯანისთვის უნდა გადაეცა რამდენიმე რაიონი რეგიონში და ყარაბაღში დევნილები დაებრუნებინა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები