ვიდეოიტალიასაზოგადოება

უდიდესი ტრაგედია იტალიის ალპების ისტორიაში – მყინვარის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მარმოლადის მთაზე მყინვარის მწვერვალის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანსა“ წერს. მარმოლადის მთა ყველაზე მაღალია (2131 მ) იტალიის დოლომიტურ ალპებში.

ტურისტულ ჯგუფს ჩვეული მარშრუტი უნდა გაევლო მწვერვალამდე, პუნტა-როკის ზედა სადგურამდე, თუმცა უეცრად მყინვარის მწვერვალი მთას მოსწყდა და თოვლის და ქვების ზვავმა ტურისტების ჯგუფი ქვეშ მოიყოლა.

დაშავებულია 7 ადამიანი, მათგან 4 ტრენტოს საქალაქო სამედიცინო დაწესებულებებშია მოთავსებული, სამი კი – ვენეციის საავადმყოფოებში. ერთი (მერვე) დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

„მოვლენის წინასწარმეტყველება შეუძლებელი იყო. ჩვენ ჩავიწერთ ჩვენებეს, ვნახავთ ვიდეოჩანაწერებს და მოვიწვევთ მეცნიერებს, რათა ჩავატაროთ ტესტები და გავიგოთ, რატომ მოხდა ეს ჰიდრავლიკური თვალსაზრისით“, – მოჰყავს სააგენტოს ტრენტოს მთავარი პროკურორის, სანდრა რაიმონდის სიტყვები.

ტრაგედიის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა ნგრევა ანომალიურად მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია – კატასტროფის წინა დღეს მარმოლადის რაიონში ნორმაზე 10 გრადუსით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

 

6 ივლისს მყინვარის ზვავების ქვეშ კიდევ ორი ტურისტის ცხედარი იპოვეს. 3 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და მათი ცოცხლად პოვნის შანსი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, რადგან ტრაგედიიდან უკვე  მეოთხე დღეა.

მყინვარი 3 ივლისს ჩამოინგრა. დაზარალებულ ტურისტებს მაშველები ვერტმფრენებით ეძებდნენ, ადგილზე მუშაობდა კინოლოგების რამდენიმე ჯგუფი.

„მთელი ვენეტო ტირის“, – განაცხადა რეგიონის პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ. მან მომხდარს „ჩვენი მთების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ფურცელი“ უწოდა.

დღეს დილით 4 დრონი დაფრინავდა მარმოლადის თავზე, ტრაგედიის ადგილას, სადაც სტიქიამ მთამსვლელები დაამარცხა, რომლებიც ჩვეულებრივი მარშრუტით მწვერვალისკენ მიიწევდნენ.

დღეს და ხვალ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ჭექა-ქუხილით და მაშველებს იმედი მიეცათ, რომ წვიმამ შეიძლება ზედაპირი გაასუფთაოს და ოპერატორებს ადგილის უკეთ დათვალიერების საშუალება მიეცეთ, რათა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა გააგრძელონ.

საყურადღებოა, რომ ალპების მყინვარები ყოველ წელს 30 მეტრით მცირდება.

ქვემოთ ფოტოებზე ჩანს, როგორ შემცირდა ალპების მყინვარები ბოლო 150 წლის განმავლობაში.

ნინო ხოშტარია

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close