მსოფლიოnewsკრიმინალი

კოპენჰაგენში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, სავაჭრო ცენტრ Field’s-ში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც. ამის შესახებ დღეს, 3 ივნისს  საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე კოპენჰაგენის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

დაკავებულია ერთი ადამიანი – 22 წლის დანიელი, – აღნიშნა პოლიციის წარმომადგენელმა, თუმცა არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, დაკავებული მანამდეც ცნობილი იყო პოლიციის წყაროებისთვის წარსულში ჩადენილი დანაშაულისთვის თუ არა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ამ მომენტისთვის არ არსებობს იმის ნიშნები, რომ სხვა თავდამსხმელებიც იყვნენ. პოლიციის ოპერაცია მიმდინარეობს არა მარტო დედაქალაქში, არამედ ზელანდიის მთელ რეგიონში.

სროლის შემდეგ მალევე შემთხვევის ადგილზე თავი მოიყარა უამრავმა  სამართალდამცველმა. შენობის თავზე ვერტმფრენი დაფრინავდა. პოლიციამ მოუწოდა ქალაქის მაცხოვრებლებს, თავი აარიდონ ინციდენტის რაიონში გამოჩენას, ხოლო თვითმხილველებს სთხოვა, სამართალდამცავ ორგანოებს დაუკავშირდნენ.

კოპენჰაგენის მერის, სოფი ჰესტორპ ანდერსენის თქმით, ჯერ ზუსტად არ იციან, „რამდენი დაღუპული და დაჭრილია ინციდენტის შედეგად, თუმცა „სიტუაცია უკიდურესად სერიოზულია“. ამის შესახებ მან თავის ტვიტერის გვერდზე დაწერა ინციდენტის შესახებ პირველი ცნობებისთანავე. მისივე თქმით, ქალაქის ხელისუფლება პოლიციასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

სავაჭრო ცენტრი Field’s-ი კუნძულ ამაგერზე მდებარეობს. ეს კვარტალი დედაქალაქის ცენტრსა და საერთაშორისო აეროპორტ კასტრუპს შორისაა მოქცეული.

ნინო ხოშტარია

წყარო: დოიჩე ველე“

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close