კრიმინალისაქართველო

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს დავა მოუგო – „კრედიტ სუისი“ მას ნახევარ მილიარდს გადაუხდის

Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ქვეყნის უმდიდრესმა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს ნახევარ მილიარდზე მეტი მოუგო. საუბარია დავაზე, რომელიც ივანიშვილმა თავისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილი თაღლითური ოპერაციების შემდეგ დაიწყო.

გამოცემის თანახმად, ბერმუდის კუნძულების უზენაესმა სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო და განაჩენი და მისი დასაბუთება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. ინფორმაციას შვეიცარიული ბანკიც ადასტურებს.

Credit Suisse-ში განაცხადეს, რომ წინასწარ შექმნეს სარეზერვო ფონდი „მოცემულ საკითხთან დაკავშირებით“. იანვარში ცნობილი გახდა, რომ Credit Suisse-მა 469 მლნ დოლარი გამოყო. მათივე განმარტებით, 27 აპრილისთვის, როცა პირველი კვარტლის ანგარიში გამოქვეყნდება, განიხილავენ საკითხს, საჭირო გახდება თუ არა დამატებითი სახსრების გამოყოფა.

როგორც The Financial Times-ი წერს,  ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა სასამართლო დავის კომენტარზე,  ბერმუდის სასამართლოს კი კომენტარის მოთხოვნაზე ჯერ არ უპასუხა. ივანიშვილს საჯაროდ ამ საქმეზე სულ რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული. „რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ამ საქმეზე უკან არ დავიხევ“, – თქვა მან 2019 წლის ნოემბერში Bloomberg-თან.

ბიძინა ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან 2011 წელს დაიწყო, როდესაც იგი ჯგუფის კერძო საბანკო კლიენტი იყო. იგი ბანკს 550 მლნ დოლარს ედავებოდა – ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ ლესკადრონის თაღლითობის გამო სწორედ ამდენი თანხა დაკარგა.

დავის ისტორია

ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის Credit Suisse Life-ის ბერმუდის კუნძულების ოფისს 2011 და 2012 წლებში დადებული ხელშეკრულებით $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი მიანდო. ეს შენატანი „სადაზღვევო პრემიის“ სახეს ატარებდა და მის ინვესტირებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თავად შვეიცარიული ბანკი იყო.

2015 წელს კი ბანკის მილიარდერმა კლიენტმა ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ ამ სადაზღვევო სქემიდან $400 მილიონი დოლარი გაქრა, რაც Credit Suisse-ში მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ოპერაციებს უკავშირდებოდა. 2017 წელს ივანიშვილის იურისტებმა ბერმუდის კუნძულების სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

მანამდე დავა შვეიცარიული სასამართლოში მიმდინარეობდა, სადაც 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამ დროს იგი უკვე წინასწარ პატიმრობაში იყო 2015 წლის ბოლოდან. სასამართლომ დაადგინა, რომ პირადმა ბანკირმა თავის კლიენტებს (ძირითადად, ბიძინა ივანიშვილს) შვეიცარიაში $144 მილიონის ფინანსური ზარალი მიაყენა, თავად კი დოკუმენტების ფალსიფიკაციის შედეგად უკანონოდ $30 მილიონის ღირებულების ქონებას დაეუფლა.

პატრიკ ლესკადრონმა დანაშაული სასამართლო განხილვის დაწყებიდანვე აღიარა. მან თქვა, რომ ივანიშვილის ხელმოწერას 2008 წლიდან აყალბებდა და ასე აფორმებდა გარიგებებს, რომლებზეც თავისი კლიენტისგან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული.

Credit Suisse-ის აღმასრულებლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბანკს წლების განმავლობაში მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და და თავადაც პირადი ბანკირის თაღლითობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ბერმუდის სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაიზიარა და ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა მისი კლიენტის – ბიძინა ივანიშვილისთვის.

პატრიკ ლესკადრონი პატიმრობიდან 2018 წლის ბოლოს გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ დროისთვის მას სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოხდილი ჰქონდა წინასწარ პატიმრობაში. 2020 წლის მაისში ფრანგმა ბანკირმა თავის  LinkedIn პროფილზე დაწერა, რომ „[სიცოცხლესთან] დამშვიდობების ზღვარზეა“, რადგან სამსახურს ვერ პოულობს და მისი ბინადრობის უფლებაც იწურება, მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის განმავლობაში გადასახადების სახით შვეიცარიის ბიუჯეტში 7 მლნ ფრანკი აქვს გადახდილი. 57 წლის ბანკირმა 2020 წლის ივლისში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close