ჯანმრთელობარჩევები

რატომ უნდა უფრთხილდეთ მზეს ზაფხულში – მნიშვნელოვანი რჩევები კანის დასაცავად

ზაფხულში მზიანი დღეები განსაკუთრებით სასიამოვნოა, თუმცა მზის სხივების ზემოქმედება ყოველთვის უვნებელი არ არის. ულტრაიისფერი (UV) გამოსხივების ჭარბმა ზემოქმედებამ შეიძლება კანი დააზიანოს, გამოიწვიოს მზის დამწვრობა, დააჩქაროს კანის ნაადრევი დაბერება და გაზარდოს კანის კიბოს განვითარების რისკი.

ამიტომ მზისგან დაცვა მხოლოდ სანაპიროზე ან დასასვენებლად ყოფნისას არ არის საჭირო — ზაფხულში კანის დაცვაზე ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ.

როგორ დავიცვათ კანი მზისგან

☀️ მოერიდეთ მზეზე ყოფნას დღის ყველაზე აქტიურ პერიოდში

ულტრაიისფერი გამოსხივება, როგორც წესი, ყველაზე ინტენსიურია დღის შუა მონაკვეთში. ამიტომ, როცა შესაძლებელია, ამ პერიოდში დიდხანს ნუ დარჩებით პირდაპირ მზეზე და თავი ჩრდილს შეაფარეთ.

მნიშვნელოვანია, რომ მზისგან თავის დასაცავად მხოლოდ საათს არ დაეყრდნოთ – გაითვალისწინეთ UV ინდექსიც. რაც უფრო მაღალია მისი მაჩვენებელი, მით უფრო მნიშვნელოვანია დამცავი ზომების მიღება.

UV ინდექსი გვიჩვენებს, რამდენად ძლიერია მზის ულტრაიისფერი გამოსხივება კონკრეტულ დროსა და ადგილზე. მისი ნახვა შესაძლებელია ამინდის პროგნოზის აპლიკაციებში და ვებგვერდებზე.

0-2 – დაბალი რისკი: ჩვეულებრივ, დაცვის საჭიროება ნაკლებია.
3-5 – საშუალო რისკი: საჭიროა დაცვა, განსაკუთრებით მზეზე ხანგრძლივად ყოფნისას.
6-7 – მაღალი რისკი: კანი შეიძლება სწრაფად დაზიანდეს; გამოიყენეთ SPF, ატარეთ დამცავი ტანსაცმელი და ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ მზის გულზე.
8-10 – ძალიან მაღალი რისკი: მზისგან დაცვა აუცილებელია; მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, განსაკუთრებით დღის ყველაზე აქტიურ პერიოდში.
11 და მეტი – უკიდურესად მაღალი რისკი: დაუცველი კანი ძალიან სწრაფად შეიძლება დაზიანდეს; სასურველია მზეზე ყოფნისგან თავის არიდება.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი

შეარჩიეთ ფართო სპექტრის მზისგან დამცავი საშუალება, რომელიც კანს როგორც UVA, ისე UVB სხივებისგან იცავს და რომლის SPF 30 ან უფრო მაღალია. ცნობისათვის: UVA სხივები კანის ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს, UVB კი მზის დამწვრობის მთავარი მიზეზია.

მზისგან დამცავი საშუალება წაისვით მზეზე გასვლამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე და განაახლეთ დაახლოებით ყოველ ორ საათში ერთხელ. მისი ხელახლა წასმა საჭიროა ცურვის, ძლიერი ოფლიანობის ან პირსახოცით გამშრალების შემდეგაც.

არ დაგავიწყდეთ ისეთი ადგილები, რომლებიც ხშირად გვრჩება ყურადღების მიღმა: ყურები, კისერი, სახე, ხელის მტევნები და ტუჩები.

ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი

კანის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება ტანსაცმელია. მზიან ამინდში სასურველია სხეულის დამფარავი მსუბუქი ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლისა და ფართოფარფლებიანი ქუდის გამოყენება. მზის სათვალე კი თვალებსა და მათ გარშემო ნაზ კანს დაიცავს.

ხშირად შეაფარეთ თავი ჩრდილს

მზეზე ყოფნისას პერიოდულად (ხშირად) თავი ჩრდილს შეაფარეთ. ნუ დაელოდებით კანის გაწითლებას ან წვას – ეს უკვე კანის დაზიანების ნიშანია.

თუ შესაძლებელია, მზეზე ერთ ადგილას ყოფნის ნაცვლად იმოძრავეთ და მზის პირდაპირ სხივების ქვეშ ერთ პოზიციაში დიდხანს ნუ გაჩერდებით.

მზეზე არასდროს დაიძინოთ

მზეზე ჩაძინება განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ადამიანი შესაძლოა დიდხანს დარჩეს პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ, შედეგად კი ძლიერი მზის დამწვრობა მიიღოს.

თუ მზის დამწვრობა მიიღეთ

მზის დამწვრობის დროს კანი წითლდება, ცხელდება, მტკივნეული ხდება და შესაძლოა შეშუპდეს. ასეთ დროს:

  • მიიღეთ გრილი შხაპი ან დაიდეთ გრილი ნესტიანი კომპრესი;
  • გამოიყენეთ ალოე ვერა ან სხვა დამატენიანებელი საშუალება;
  • დალიეთ მეტი სითხე, რადგან მზის დამწვრობამ შესაძლოა ორგანიზმის გაუწყლოებას შეუწყოს ხელი;
  • მოერიდეთ მზეზე ყოფნას, სანამ კანი არ შეხორცდება;
  • არ გახეთქოთ ბუშტუკები, თუ ისინი გაჩნდა.

შესაძლოა ამ ხალხურმა საშუალებებმა შვება მოგცეთ, როდესაც კანი გეწვით:

  • კომშის თესლს დაასხით ანადუღარი წყალი პროპორციით 1:50, ანჯღრიეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გაფილტრეთ დოლბანდის დახმარებით. მიღებული ლორწოვანი ნაყენი გადაისვით დამწვარ ადგილებზე, პროცედურა გაიმეორეთ 3-4-ჯერ ზედიზედ, 10-15 წუთის ინტერვალით, დილას და საღამოს.
  • კიტრის და საზამთროს წვენის თანაბარი რაოდენობა აურიეთ კარგად და გადაისვით დამწვარ ადგილებზე.

ყინული პირდაპირ არ დაიდოთ დამწვარ კანზე – უკიდურესმა სიცივემ შესაძლოა კანი კიდევ უფრო დააზიანოს.

თუ დამწვრობა სხეულის დიდ ფართობს მოიცავს, გაჩნდა დიდი ბუშტუკები, ან ადამიანს აქვს სიცხე, შემცივნება, ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან გაუწყლოების ნიშნები, საჭიროა ექიმს მიმართოს.

☀️ მზისგან დაცვა მხოლოდ ლამაზი რუჯის შენარჩუნებას არ ემსახურება – ის კანის ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, ზაფხულის მზიან დღეებში გამოიყენეთ დამცავი საცხი, ატარეთ დამცავი ტანსაცმელი და ქუდი, ხშირად შეაფარეთ თავი ჩრდილს და მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს მაშინ, როცა UV გამოსხივება განსაკუთრებით ინტენსიურია.

თამთა გურული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close