
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის (Nicolas Sarkozy) 21 ოქტომბერს პარიზის ცნობილ ციხეში – „ლა სანტეში“ გადაიყვანენ, სადაც ხუთ წელს გაატარებს. ასეთი განაჩენი გამოიტანა პარიზის სასამართლომ 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის სავარაუდო ლიბიური დაფინანსების საქმეზე. საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ 13 ოქტომბერს ოფიციალურად აცნობა სარკოზის ადვოკატებს პატიმრობის დაწყების თარიღისა და პირობების შესახებ. ინფორმაციას France Télévisions-ი ავრცელებს RTL-ზე დაყრდნობით.
ბრალდება და განაჩენი
ნიკოლა სარკოზი 25 სექტემბერს დამნაშავედ ცნეს „დანაშაულებრივ გაერთიანებაში მონაწილეობისა“ და უკანონო დაფინანსების მფარველობის გამო. გამოძიების მიხედვით, 2007 წელს მის საპრეზიდენტო კამპანიას უკანონოდ აფინანსებდა მუამარ კადაფის ლიბია.
მიუხედავად იმისა, რომ სარკოზიმ განაჩენი გაასაჩივრა, მას ციხეში მაინც გადაიყვანენ და სააპელაციო განხილვის მოლოდინში „ლა სანტეში“ მოუწევს ყოფნა, რადგან სასამართლომ მის წინააღმდეგ დაუყოვნებელი წინასწარი პატიმრობის ორდერი გამოსცა.
სად მოათავსებენ ყოფილ პრეზიდენტს
პარიზის მე-14 ოლქში მდებარე „ლა სანტეს“ ციხე საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უსაფრთხო სასჯელაღსრულების დაწესებულებაა.
სარკოზის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მას ან საიზოლაციო განყოფილებაში მოათავსებენ, ან სპეციალურ „დაცვის ზონაში“ („quartier vulnérable“), სადაც სასჯელს იხდიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირები.
„ლა სანტე“ ბოლო წლებში სრულად განახლდა და 2019 წელს ხელახლა გაიხსნა. აქ დროებით იყვნენ მოთავსებულნი ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: ბერნარ ტაპი (გარდაიცვალა 2021 წელს), პიერ პალმადი და პატრიკ ბალკანი.
პირობები და რეჟიმი
სარკოზის საკანი იქნება დაახლოებით 9 მ² – საწოლით, კარადით, საშხაპით და, სურვილის შემთხვევაში, ტელევიზორით ან მაცივრით, თუ თანხას თავად გადაიხდის.
მას კვირაში სამი ე. წ. „პარლუარის“ (ფრ. parloir – ადვოკატთან ან ახლობელთან შეხვედრა) უფლება ექნება. გარდა ამისა, მისთვის 24 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწდომი მობილური ტელეფონი, რომლითაც მხოლოდ სასამართლოს მიერ დამტკიცებულ ნომრებზე შეძლებს დარეკვას.
როგორც ციხის ადმინისტრაცია აცხადებს, ყოფილ პრეზიდენტს ცალკე ეზოში გაიყვანენ გასასეირნებლად (დღეში ორჯერ), რათა თავიდან იქნას აცილებული კონტაქტი სხვა პატიმრებთან. „ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ნიკოლა სარკოზის უსაფრთხოება და თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ინციდენტი ან გადაღების მცდელობა“, – აღნიშნა ციხეების დირექტორთა ეროვნული კავშირის გენერალურმა მდივანმა ფლავი როლტმა.
შემდგომი სამართლებრივი პროცედურები
სარკოზის ადვოკატებს უკვე აქვთ უფლება, პირველივე დღეს მოითხოვონ მისი დროებითი გათავისუფლება. სასამართლოს ამ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მისაღებად ორი თვე აქვს.
საფრანგეთში 70 წელს გადაცილებულ პატიმრებს ხშირად უმსუბუქებენ სასჯელს („aménagement de peine pour raisons d’âge“), მაგ., შინაპატიმრობით უცვლიან. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა სარკოზის უკვე შეუსრულდა 70 წელი (მიმდინარე წლის 28 იანვარს), მისი ასაკი ამ ეტაპზე ვერ გახდება სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება, რადგან კანონის თანახმად, შეღავათი მხოლოდ მაშინ შეიძლება ამოქმედდეს, როცა განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში – რაც სარკოზის შემთხვევაში ჯერ არ მომხდარა.
ახალი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ექვს თვეში გაიმართება, სადაც სარკოზის ადვოკატები შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია.
ისტორიული პრეცედენტი ევროპაში
ნიკოლა სარკოზი გახდა პირველი ყოფილი სახელმწიფო მეთაური ევროკავშირის ისტორიაში, რომელიც ციხეში მოიხდის სასჯელს. მისი საქმე საფრანგეთისთვის არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც სიმბოლურია – როგორც დემოკრატიული სისტემის გამჭვირვალობის ტესტი და იმ პრინციპის გამოცდა, რომ „კანონის წინაშე ყველა თანასწორია“ და რომ „სამართალი ყველასთვის ერთია“.
ნანა ძნელაძე
დაკავშირებულ თემაზე: როგორ იხსენებს ნიკოლა სარკოზი აგვისტოს ომს თავის მემუარებში – დიპლომატიური კულისები
კომენტარები