„სუპერვარსკვლავის დონე!“ – დიანა ვაშაკიძემ გერმანული „ვოისის“ „ბრმა ტურში“ ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა (ვიდეო)

გერმანული „ვოისის“ ახალი, მეთხუთმეტე სეზონი 25 სექტემბერს „ბრმა მოსმენის“ ტურით დაიწყო. წლევანდელ შოუში ქართველი კონკურსანტი, 30 წლის დიანა ვაშაკიძეც მონაწილეობს.
დიანა 26 სექტემბერს წარდგა ჟიურის და მაყურებლის წინაშე და ბრიტნი სპირსის კლასიკად ქცეული „Toxic“-ის საკუთარი ვერსია შეასრულა.
როგორც გერმანული მედია წერს, „დიანა „დი“ ვაშაკიძემ თავისი თბილი ხმის დაუჯერებელი დიაპაზონით და შესრულებით ჟიურის ოთხივე წევრი მოხიბლა“ (უფრო სწორად, 5, რადგან ერთ-ერთ პულტთან 2 მენტორია – Michi & Smudo – რედ.) და საბოლოოდ მას ყველა მენტორი შემოუბრუნდა. მათ დიანას შესრულება „სუპერვარსკვლავის დონედ“ შეაფასეს.
დიანა ვაშაკიძემ საბოლოოდ შირინ დავიდი (გერმანელი რეპერი Barbara Shirin Davidavicius, პროფესიული სახელით – Shirin David) აირჩია თავის მენტორად, რომელიც ქართველ კონკურსანტს სიმღერის დაწყებისთანავე, პირველი შემოუტრიალდა.
The Voice of Germany-ს ფეისბუქზე გაზიარებული ვიდეოს კომენტარებში ბევრი მომხმარებელი იწონებს ქართველი კონკურსანტის შესრულებას: „მხოლოდ ერთი სიტყვა – დიდებულია!“ – წერს ერთ-ერთი მათგანი. „მეორე საღამო და მხოლოდ მეორე ტალანტი“, – წერს კიდევ ერთი…
2 ოქტომბერს „ბრმა მოსმენის“ მესამე რაუნდი გაიმართება.
შემდეგი კი „რინგის“ ტურია (the Battles). ჯერ უცნობია, ვისთან ერთად გამოვა სცენაზე ქართველი შემსრულებელი.
შეგახსენებთ, რომ გერმანული „ვოისის“ მე-7 სეზონში 2017 წელს ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ გაიმარჯვა.
დაკავშირებულ თემაზე: „ნათია თოდუა: „ამ გამარჯვებამ დამარწმუნა, რომ ცდას, ბრძოლასა და რწმენას ოცნებების ახდენა შეუძლია“
კომენტარები