იტალიასაზოგადოება

ვეზუვი ცეცხლშია გახვეული – ალი ნეაპოლიდანაც ჩანს (ვიდეო)

იტალიის კამპანიის რეგიონში, ვეზუვის ეროვნულ პარკში მასშტაბური ხანძარია. დამწვარია ასობით ჰექტარი დაცული ტყეები. ხანძარს 100-ზე მეტი მეხანძრე და მოხალისე ებრძვის. 9 აგვისტოს, გამთენიიდან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ექვსი სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო.

ამინდის არახელსაყრელმა პირობებმა, ტემპერატურის მატებასთან ერთად, მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. სიტუაცია კრიტიკულია და მასთან გასამკლავებლად სამოქალაქო დაცვის სამსახურმა ჯარის დახმარება მოითხოვა.

ოთხი დღის განმავლობაში მძვინვარე ხანძარმა ტერცინიოს ფიჭვნარი მოიცვა და მეზობელ მუნიციპალიტეტებში, ოტავიანოსა და სან-ჯუზეპე ვეზუვიანოში გავრცელდა. ხანძარი იმდენად მაშტაბურია, რომ ნეაპოლიდან და მისი პროვინციის ყველა კუთხიდან ჩანს.


ტერცინიოს მერმა ფრანჩესკო რანიერიმ გასულ ღამეს „კრიტიკული“ უწოდა, თუმცა მაშველების მუშაობის წყალობით ცეცხლს საცხოვრებელ შენობებამდე არ მიუღწევია.

ხანძრის ფრონტი ამჟამად ტერცინიოს ფიჭვნარიდან ტირონე-ალტო-ვეზუვიოს ნაკრძალისკენ მიიწევს, რაც მეხანძრე-მაშველების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პარკის ადმინისტრაციის შეფასებით, ხანძარმა უკვე 200 ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა.

საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ ვეზუვის ეროვნული პარკით არ შემოიფარგლება. სამოქალაქო თავდაცვის რეგიონული სამსახური იძულებული გახდა, ერთდროულად ემოქმედა რამდენიმე ხანძარზე: სალერნოს პროვინცია მერკატო სან-სევერინოში და ბენევენტოს პროვინციაში მდებარე ფრასო-ტელეზინოში. მხოლოდ პარასკევს კამპანიაში 50-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა, რაც კრიტიკულ სიტუაციაზე მიუთითებს.

მანანა ბანძელაძე

დაკავშირებულ თემაზე: ვეზუვის ამოფრქვევისას ერთ-ერთი დაღუპულის ტვინი სიცხისგან შუშად იქცა

ნეაპოლის ქვეშ ევროპაში ყველაზე დიდი ვულკანი იღვიძებს – რამდენად საშიშია?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close