სოფი ლორენის ვაჟი ჩოხაში გამოეწყო – კარლო პონტიმ და მარიამ შარმანაშვილმა ჯვარი დაიწერეს (ვიდეო)

კარლო პონტისა და მარიამ შარმანაშვილის რომანი, რომელსაც ქართული საზოგადოება 4 წელია, აქტიურად ადევნებს თვალს, 26 ივლისს საქართველოში ჯვრისწერით დაგვირგვინდა.
ჯვრისწერისა და საქორწილო წვეულების კადრებს ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი ავრცელებს სოციალურ ქსელში. კარლო პონტის ქართული ჩოხა აცვია, მარიამს კი – ულამაზესი თეთრი კაბა და ძალიან ლამაზად გამოიყურებიან.
ცნობილი დირიჟორის, კარლო პონტისა (უმცროსი) და „ზუმბას“ ფიტნესინსტრუქტორის, ქართველი მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ისტორია დაახლოებით 4 წლის წინ დაიწყო. მათ ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნეს 2021 წლის მარტში. მარიამმა ინსტაგრამზე თავისი ფოტო გამოაქვეყნა, რომლის ქვეშაც კარლომ დაწერა კომენტარი „Bellissima“, რაც იტალიურად „ძალიან ლამაზს“ ნიშნავს. ერთი ნახვით შეყვარება თავბრუდამხვევ სასიყვარულო თავგადასავლად იქცა, რომელიც ახლახან ჯვრისწერით და ქორწილით დასრულდა საქართველოში.
მეორე ქორწილი კი, მარიამის თქმით, სექტემბერში იქნება ჟენევაში, ოფიციალურად სამოქალაქო ქორწინება იქ გაფორმდება და საქორწილო წვეულებას თავად სოფი ლორენიც დაესწრება უახლოესი ადამიანების ვიწრო წრესთან ერთად.
კარლო პონტიმ მარიამს ცოლობა ლეგენდარული დედის 90 წლის იუბილეზე სთხოვა გასული წლის სექტემბერში, ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში. უფრო სწორად, როგორც შემდეგ მარიამმა ინტერვიუში თქვა, კარლომ მას ხელი წვეულებამდე სთხოვა, თუმცა ეს ამბავი სოფი ლორენის იუბილეს შემდეგ გავრცელდა. „და მე ვთქვი „დიახ!“ – დაწერა მაშინ მარიამმა სოციალურ ქსელში.
კარლო პონტი (უმცროსი) სოფი ლორენის უფროსი ვაჟია, რომელიც 1968 წლის 29 დეკემბერს დაიბადა ჟენევაში. მას სახელი მამის – რეჟისორ კარლო პონტის პატივსაცემად დაარქვეს. მაშინ იტალიური კინოს ვარსკვლავი 34 წლის იყო. სოფი ლორენს და კარლო პონტის (უფროსი) მეორე საერთო ვაჟიც გაუჩნდათ – ედოარდო (1973 წელს). იგი წარმატებული რეჟისორია და ლეგენდარული დედაც გადაიღო 2020 წელს თავის ფილმში „ყველაფერი წინაა“.
კარლო პონტი (უმცროსი) ახლა 56 წლისაა, იგი მარიამზე 22 წლით უფროსია. იგი მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული დირიჟორია. კარლომ მუსიკალური განათლება ავსტრიაში მიიღო. ამჟამად აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას პირველ ცოლთან, უნგრელ მევიოლინე ანდრეა მესაროშთან ქალ-ვაჟი ჰყავს, 17 წლის ვიტორიო ლეონე და 12 წლის ბეატრის ლარა.
ეს ქორწინება მარიამისთვისაც მეორეა, მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟიშვილი – დემეტრე.
მარიამ შარმანაშვილმა ჯვრისწერამდე 3 დღით ადრე სოციალურ ქსელში თავისი წინასაქორწილო წვეულების ულამაზესი ფოტოები გამოაქვეყნა. წვეულებაზე ნატახტარში მარიამის უახლოესი მეგობარი გოგონები შეიკრიბნენ.
ნუცა ყაველაშვილი
ამავე თემაზე: კარლო პონტიმ მარიამ შარმანაშვილს დედის იუბილეზე ცოლობა სთხოვა – სოფი ლორენი 90 წლის გახდა
ქართველების სასიძო, სოფი ლორენის ვაჟი კარლო პონტი მართლმადიდებლად მოინათლა
კომენტარები